"მიხეილ სააკაშვილი გაუთავებლად ლაპარაკობს, რომ სხვები იყვნენ დამნაშავეები და თვითონ არ არის, მაშინ - არ ყოფილა ის პრეზიდენტი"
"ბევრი ადამიანი, რომელიც ტელევიზორთან იჯდა, ელოდებოდა მისგან სინანულს, მაგრამ ეს სინანული არ მოისმინა და ამიტომ ბევრი აღშფოთებული იყო მისი გამოსვლით"
დიდი ხმაურის შემდეგ, 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს. დიდხანს გაგრძელდა მისი სიტყვა, რომელსაც მთელი საზოგადოება ეკრანებიდან ადევნებდა თვალს. როგორ აფასებენ ექსპერტები სააკაშვილის ვრცელ მონოლოგს, ამის შესახებ ისინი kvirispalitra.ge-სთან საუბრობენ:
გია ხუხაშვილი:
- თუ იმ პოლიტიკურ ტემპერატურას გავითვალისწინებთ, რაც ბოლო პერიოდში იყო, გუშინდელი დღე საკმაოდ მშვიდი და აკადემიური იყო. თუ არ ჩავთვლით მცირე ინციდენტებს. რა თქმა უნდა, ბევრს გაუჩნდებოდა დანაკლისი, რომ ცოტა და არასათანდო იყო მის გამოსვლაში მონანიების დოზა, ზოგს პირიქით - მოეწონებოდა. ვცდილობ, ემოციურად არ შევაფასო და მოტივი დავინახო. მოტივი იყო ძალიან მარტივი - მიხეილ სააკშვილს ჰქონდა ამოცანა, რომ საკუთარ ისტორიულ როლზე ესაუბრა, ის უფრო უცხოელებისთვის ლაპარაკობდა. ბევრს შეახსენა საკუთარი როლი სახელმწიფოს მშენებლობაში. სასამართლოსთან დაკავშირებით იყო თვითკრიტიკული, შვიდ ნოემბერთან დაკავშირებით თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, სამართლებრივი - არა. ესეც ბუნებრივია. მისი დანაშაული პროკურატურის დასამტკიცებელია. სააკაშვილმა რატომ უნდა გაუადვილოს მათ ამოცანა?! არც უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ ის რამე აღიარებით ჩვენებას მისცემდა. იყო აკადემიური, მაგრამ მომავალ სხდომებზე, ალბათ, იქნება უფრო აქტიური და უფრო შემტევი, ხელისუფლების მიმართ.
- 7 ნოემბრის დეტალებზე საუბრის დროს, ფაქტობრივად, ხელი შსს-ს მაშინდელი მინისტრისკენ გაიშვირა...
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. რომელი დამნაშავე გინახავთ, რომ აღიარებდეს დანაშაულს. პროკურატურის პასუხისმგებლობაა, კეთილი ინებოს და პოლიტიკური განცხადებები კი არ აკეთოს, რასაც ის დღეს აკეთებდა, არამედ - დაუმტკიცოს მას წარდგენილი ბრალი. სამართლებრივი სახელმწიფო ასე მუშაობს. ალკაპონე დაიჭირეს გადასახადების გამო, რადგან სხვა ბრალი ვერ მოუძებნეს. ეს არის ახლა გამოცდა არა მარტო სააკაშვილისთვის, არამედ - პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის. რაც ვნახე, იმას ჩემში გაკვირვება არ გამოუწვევია. გასაგებია ყველაფერი. სააკაშვილს ახლა სჭირდება, ხელისუფლება რომ მოდუნდეს. ხელისუფლებას არ მისცა იმის არგუმენტი, რომ მომავალ პროცესებზე მისი ყოფნა შეეზღუდათ. ახლა ცდილობს, დამაგრდეს ამ ტრიბუნაზე და მერე რას და როგორ გამოიყენებს, ეს ცალკე თემაა. ტრიბუნა მას სჭირდება დღეს. ის რომ ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, შეიძლებოდა გაეძევებინათ დარბაზიდან და შემდგომ პროცესზე არ დაეშვათ. ამიტომ არ შექმნა იმის საფუძველი, რომ რისკის ქვეშ დაეყენებინა მისი შემდეგ პროცესებზე ყოფნა. გარეთ იყო შეხლა-შემოხლა, მაგრამ ამას შეჩვეულები ვართ და ვფიქრობ, შედარებით წყნარი დღე იყო. საშინელი არაფერი ყოფილა, ბევრად უარესები გვინახავს. ხელისუფლების მითოლოგია, რომ აპოკალიფსი მოხდებოდა ქვეყანაში, - ეს იყო ყველაფერი პარანოია და ტყუილი შიშები. ან პოლიციის ასეთი მობილიზება რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას? თვითონ ქმნიან სააკაშვილის მითოლოგიას და - რომ აუცილებლად ჯარი სჭირდება... ეს ყველაფერი სერიოზული სახელმწიფოებრივი პროცესია, ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხდება. ახლა პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს მაღალი სტანდარტის მყარი მტკიცებულებები, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი საქმე? ლუპაში უყურებს ყველა - ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ამ პროცესს. რამდენად მოახერხებს ამას პროკურატურა, არ ვიცი.
რასაც ვისმენდი პროკურორისგან, ეს იყო სრული კატასტროფა. ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და ეს თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავებს. პროკურორს ეს ან არ ესმის, ან ესმის და ვიღაცას ეპრანჭება და ამით აზიანებს მართლმსაჯულებას.
ექსპერტი მამუკა არეშიძეც თვლის, რომ სააკაშვილის გამოსვლის მესიჯი დასავლეთსა და მის მხარდამჭერებზე იყო გათვლილი:
- მიხეილ სააკაშვილმა საუბრის ტონი შეიცვალა. თუ რამე ყურადღება მისაქცევია, ეს არის დღეს მისი გამოსვლის დრამატურგია. აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ცდილობდა, ყოფილიყო მშვიდი და - ნაკლებად ემოციური, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი. მიხეილ სააკაშვილის მესიჯი დასავლეთზე და საზოგადოების იმ ნაწილზე იყო ორიენტირებული, რომელიც მხარს უჭერს. თავისი ლოგიკით, უნდოდა ეჩვენებინა, რომ მშვიდი იყო. მთავარი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არასოდეს საუბრობს, რომ ის რეჟიმი იყო დამნაშავე. მან თქვა, რომ ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ მერე რა, ეს უთქვამს ადრეც, მაგრამ არ ასახელებს ამ შეცდომებს. ბევრი ადამიანი, რომელიც ტელევიზორთან იჯდა, ელოდებოდა მისგან სინანულს, მაგრამ ეს სინანული არ მოისმინა და ამიტომ ბევრი აღშფოთებული იყო მისი გამოსვლით. არადა, ციხეში მისი გადაყვანის კადრების შემდეგ ადამიანების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა მის მიმართ სიბრალული და უნდოდათ, მოესმინათ მისგან ბოდიში, თორემ ჩემთვის და იმ ადმიანებისთვის, ვინც მაშინ დაზარალდა და ვინც მსხვერპლია იმ რეჟიმის, მის ბოდიშს არანაირი აზრი არ ჰქონდა. მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს კონკრეტული ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.
სააკაშვილი ამბობს, მე არაფერი ვიცოდიო. აბსულუტურად გამორიცხულია ის, რაზეც სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის დარბევის ნაწილში. მისი პრეზიდენტობის პერიოდში აბსოლუტურად გამორიცხული იყო, რომ მას არ სცოდნოდა, რას აკეთებდა შს მინისტრი. მაშინ გამოდის, სახელმწიფო არ გვქონია, მაშინ რა ააშენა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა? ამბობენ, რომ სახელმწიფო ააშენეს, ძლიერი სახელმწიფო გვქონდა და შექმნეს ვერტიკალი, მაგრამ მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ არ გვქონია ეს ვერტიკალი, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, რასაც უნდა, იმას აკეთებდა. დავუშვათ, ასეც მოხდა, გააკეთა, მაშინ თვითონ კი არ უნდა გადამდგარიყო, ხომ თქვა პასუხისმგებლობა ვიგრძენი და იმიტომ გადავდექიო, მაშინ გადადგომამდე ჯერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა დამნაშავეები და მერე გადაედგა ეს ნაბიჯი, თუ თვითონაც უარყოფითად აფასებს იმას, რაც 7 ნოემბერს მოხდა. თავის შეფასებებში არ უხსენებია საერთოდ ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რაც მაშინ მოხდა - “ტელეიმედში“ შეჭრა. ხომ არ იტყოდა, ესეც არ ვიცოდიო. ილაპარაკა მხოლოდ 7 ნოემბრის დროს დარბევებზე და პარალელი გაავლო 20 ივნისის მოვლენებთან. ესეც განგებ გააკეთა. პარალელის გავლებაც არასწორია. მე ვარ 7 ნოემბრის აქციის მონაწილე და არსად შეჭრას ჩვენ არ ვაპირებდით, ყველანი ვიდექით ქუჩაში და საერთოდ განსხვავებული მიტინგი იყო. გაუთავებლად ლაპარაკობს, რომ სხვები იყვნენ დამნაშავეები და თვითონ არ არის, მაშინ - არ ყოფილა ის პრეზიდენტი.
(სპეციალურად საიტისთვის)