"ამ ყველაფრის გათავისუფლების პროექტად გამოტანა არის პოლიტიკური "ტრიუკი" - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფრის გათავისუფლების პროექტად გამოტანა არის პოლიტიკური "ტრიუკი"

"ამ ყველაფრის გათავისუფლების პროექტად გამოტანა არის პოლიტიკური "ტრიუკი“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ მისი გათავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ყურადღება გადაიტანოს იმ "ჩაფლავებული ფრონტის ჩამოყალიბებიდან, რომელსაც ის ცდილობდა“. მისივე თქმით, კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის "აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და წაგებულ თამაშში არ ჩაერთო“.

"მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დაინახა, რომ თავის პარტიაშიც კი არ სჯერათ, რომ გათავისუფლება არის შესაძლებელი იმ გზებით, როგორსაც აკეთებს, გააკეთა ეს პოლიტიკური სვლა. გათავისუფლების კამპანიის რეფორმას აანონსებს თავისივე პარტიაში, ამისთვის ქმნის ახალ პროექტს, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს იმ ჩაფლავებული ფრონტის ჩამოყალიბებიდან, რომელსაც ის ცდილობდა. კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ეს აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და არ ჩაერთნენ იმ წაგებულ თამაშში, რომელშიც სააკაშვილმა ოპოზიცია ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიყვანა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 ნოემბერს მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, იმედი აქვს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება.