"ყველაფერი 33 წლის პაციენტთან დაიწყო" - რა სიმპტომები ახასიათებს ახალ შტამს, რომელსაც ჯანმომ "შემაშფოთებელი ვარიანტი" უწოდა - კვირის პალიტრა

"ყველაფერი 33 წლის პაციენტთან დაიწყო" - რა სიმპტომები ახასიათებს ახალ შტამს, რომელსაც ჯანმომ "შემაშფოთებელი ვარიანტი" უწოდა

კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოება ვირუსის ახალი შტამების და, შესაბამისად, ახალი საფრთხის წინაშე დადგა. ამჯერად საზოგადოებას კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შტამთან მოუწევს გამკლავება.

კორონავირუსის ე.წ სამხრეთაფრიკული ვარიანტი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და "ომიკრონი“ უწოდა. ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის - აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ და ისრაელმა სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.

ახალმა შტამმა, გამოჩენისთანავე, მძიმე შეფასებები მიიღო, თუმცა უახლესი ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები არ არის მძიმე.

პროფესორ ადამ ფინის განცხადებით, რომელიც იმუნიზაციისა და ვაქცინაციის დამოუკიდებელი კომიტეტის წევრია, "ომიკრონით" დაინფიცირებისას გემოსა და ყნოსვის დაკარგვის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა. პაციენტები უმეტესად დაღლილობას და გულის აჩქარებას უჩივიან, თუმცა, როგორც პროფესორი აცხადებს, წინასწარ რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება რთული და ნაადრევია, რადგან შტამს ჯერ კიდევ იკვლევენ.

როგორც სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, ახალი და უცნაური სიმპტომები პაციენტებში მან ჯერ კიდევ 18 ნოემბერს აღმოაჩინა. ეს ახალი სიმპტომები "დელტა“ შტამის სიმპტომებისგან განსხვავდებოდა:

"ყველაფერი 33 წლის პაციენტთან დაიწყო. მან მითხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ სისუსტეს გრძნობს, ტკივა სხეული, განსაკუთრებით კი - თავი“, - განაცხადა ანჟელიკა კეტზიმ.

omicronii-1638275639.jpg

როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს ყელში უსიამოვნო შეგრძნება აწუხებდა, თუმცა არ ახველებდა, არ დაუკარგავს არც ყნოსვა და არც გემო. მისი განცხადებით, "ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა სიმპტომები ძალიან მსუბუქია.

მედიკოსთა ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონს" ჯერ მძიმე შედეგები არ მოუტანია, შესაძლოა, ის ყველაზე საშიში შტამი აღმოჩნდეს, რადგან ყველაზე სწრაფად ვრცელდება. მას სხვა, უკვე დაფიქსირებული შტამებისგან განსხვავებით, მუტაციის უფრო სწრაფი უნარი აქვს.

"ომიკრონი“ უკვე დაფიქსირდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი შტამი "შემაშფოთებელ ვარიანტად“ შეაფასა. როგორც ჯანმოს წევრები ამბობენ, ამ ახალმა ვარიანტმა, შესაძლოა, პანდემიის სურათი რადიკალურად შეცვალოს.

"ომიკრონს“ უპრეცედენტო რაოდენობის სპაიკ-მუტაციები აქვს, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია. სწორედ სპაიკ ცილებში წარმოიქმნება კორონავირუსის საცეცები, რომლის საშუალებითაც ის ჯანსაღი უჯრედის რეცეპტორებს ემაგრება“.

როგორც ცნობილია, სულ მალე მეცნიერები შტამის შესწავლისას დაადგენენ, წარმოადგენს თუ არა "ომიკრონი" საფრთხეს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უკვე დაამარცხეს კორონავირუსი, როგორ და რა დისტანციაზე შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, გაუმკლავდება თუ არა მას ვაქცინა და სხვა.