"გამოყენებული იყო აკრძალული იარაღი... დათვებზე სანადირო დუმ-დუმის ტყვიებით დაგვჭრეს" - რას ჰყვება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაშავებული ახალგაზრდა?
"7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! "- ასე მიმართა ხელისუფლებას სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ასამართლებენ. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი საპრეზიდენტო არჩევნებისას უკვე გამოიტანა.
"7 ნოემბერს რაც ხდებოდა, ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე. წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა და 7 ნოემბრის ტვირთი მთლიანად იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს აჰკიდა.
ექსპრეზიდენტის თანაგუნდელმა გიორგი ბარამიძემ კი "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში"განაცხადა, რომ 7 ნოემბერს დაშავებულები არ ჰყოლია, თვალები არავისთვის დაუთხრიათ და ა.შ .
რეალურად კი, 2007 წლის 7 ნოემბერს არაერთი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის სამი - ვახტანგ ინასარიძე, გიორგი თევდორაშვილი და ნიკა დიდიშვილი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. ეს ადამიანები ფეხის ამპუტაციას გადაურჩნენ, დასჭირდათ რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია. დღეს ერთი მათგანი - ვახტანგ ინასარიძე ცოცხალი აღარ არის, ის მიყენებული ტრავმების შედეგად დასნეულდა და დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზიც, როგორც ეს მოხდა სწორედ 7 ნოემბერს სასიკვდილოდ გამეტებული კობა დავითაშვილის შემთხვევაში.
იმჟამად 19 წლის ნიკა დიდიშვილი, 7 ნოემბერს რიყეზე იყო, მას სპეცრაზმელის ნასროლი ე.წ. დუმ -დუმის ტყვია ფეხში მოხვდა, რის შემდეგაც დაჭრილი ახალგაზრდა უცნობმა ადამიანებმა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის: დუმ-დუმი - მსკდომარე ტყვია, რომელიც მეტად მძიმე ჭრილობებს იწვევსნიკა დღესაც ტკივილით იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბერს:
- დეიდა მივაცილე სახლში, შემდეგ წამოვედი ბარათაშვილის ხიდისკენ და ასე შევუერთდი მომიტინგეებს. იქ ჩემი ჯგუფელებიც ვიპოვე, ტალღიდან გასვლას ვერ ვახერხებდით და როცა ეს საშინელება დაიწყო, ძალაუნებურად, მეტეხის ხიდისკენ წავედით. ამ დროს ნიღბიანმა სპეცრაზმელმა, თუ რობოკოპმა, ფეხში მესროლა. საშინლად მეტკინა, გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, ხალხმა ამიყვანა "ღვინის აღმართზე“, გამვლელის მანქანაში ჩასვეს და წამიყვანს ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. იმ დროს, როცა ბიჭები მიმათრევდნენ, სპეცრაზმელები მომდევდნენ და მათ ეუბნებოდნენ, - დააგდეთ, ჩვენ მივხედავთ მაგასო. კაცმა არ იცის, რა მიზანი ჰქონდათ... "
საავადმყოფოში გავიცანი სხვა დაჭრილებიც, რომლებიც ამ ტრაგედიამ გაგვაერთიანა. ვახო ინასარიძე სასწაული, დიდი ცოდნისა და დიდი გულის ადამიანი იყო, ჩვენზე უფროსი. საოპერაციოში ჯერ მე შემიყვანეს, მერე - ვახო და როცა გაიგო, მეც აქციაზე დავიჭერი, მამხნევებდა, - ყველაფერი კარგად იქნება, გავუძლებთო.
პირველივე წუთებიდან რა შთაბეჭდილებაც შემექმნა მასზე, წლების შემდეგაც ის გამყვა, დავმეგობრდით. ბევრჯერ ყოფილა, წამალი არ მქონია და ვახოს წამალს ვსვამდი, უჩემოდ არ იღებდა, - მე რად მინდა, ახალგაზრდა კაცს უჭირს და მე რა ნამუსით დავლიოო... ჩვენ ერთ პალატაში ვიწექით. პარალელურად გავიგეთ, რომ კიდევ ვიღაცა იყო 7 ნოემბერს დაჭრილი, ეს აღმოჩნდა 17 წლის გიორგი თევდორაშვილი, რომელიც ფეხის მოკვეთას ძლივს გადაურჩა. თავიდან გიორგის ძალიან გაუჭირდა ჩვენთან კომუნიკაცია, მერე, როცა ყველანი დავრწმუნდით, რომ ერთ ბედ ქვეშ ვიყავით და ერთი ტრაგედია გვაერთიანებდა, ოჯახებით დავმეგობრდით და დღემდე ასე გრძელდება. 7 ნოემბერს სამივენი მეორედ დაბადებას აღვნიშნავდით. ძალიან მიჭირს ამ დღის გახსენება, ის ჩემთვის მართლაც მეორე დაბადების დღეა. ასევე განვიცდი კობა დავითაშვილის ამბავსაც. აღფრთოვანებული ვარ მისი შვილით, რა კარგი შვილი და დიდი კაცი გაუზრდიათ კობას და მის მეუღლეს. კობა ნამდვილად ცოცხალია, ასეთი ვაჟკაცი რომ ჰყავს ოჯახში. ვახოზე მტკივა გული, ყველაზე მწარე და მტკივნეული წუთები ერთად გავიარეთ, ის მშობელივით, ღვიძლი ძმასავით დამიდგა გვერდში. ამ დღემ ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, ვისიც მადლიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი. განაგრძეთ კითხვა