"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ჩვენ ვემზადებით შეტევისთვის" - რას ამბობს გახარიას თანაგუნდელი?
გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ქემოკლიძე განმარტავს, პარტია „საქართველოსთვის“ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ საბოლოო დამარცხებისთვის ემზადება.
"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. გვიახლოვდება ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები, შესაბამისად ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. სხვა მნიშვნელოვანს საკითხებთან დაკავშირებით ის დუმს და ჩემი აზრით ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომლის თანახმად, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს, როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში”, - აცხადებს ქემოკლიძე.
მისივე თქმით, პარტია შეტევისთვის ემზადება.
„ჩვენ ვემზადებით ყოველთვის შეტევისთვის, რადგან პოლიტიკური პროცესები გვავალდებულებს შეტევების მომზადებას. პროცესი ისე მიდის, რომ საქართველო ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამის ნათელი დადასტურებაა. ერთ-ერთია კოვიდი - დღეში 70 ადამიანი კვდება. გიორგი გახარიამ პრემიერობისას კოვიდთან ბრძოლა რომ დაიწყო ეს ბრძოლა იყოს ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტული და საერთაშორისო სამედიცინო პერსონალის, მეცნიერ მუშაკების და პოლიტიკური ლიდერების მიერ აღიარებული. ამ კაცმა შეძლო ის რაც სრულიად საქართველოს მთავრობამ დღეის მოცემულობით ვერ შეძლო. დღეს პრაქტიკულად გვაქვს „მიშვება“ ხელისუფლების მხრიდან და 70 ადამიანი კვდება. 12 000 ადამიანი არის გარდაცვლილი. კოვიდთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გამოჩნდა რა იყო სწორი მენეჯმენტი, რამდენი ადამიანი გადარჩა და რამდენი დაიღუპა ახლა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძემ საკრებულოების დონეზე პარტიის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებისთვის კრიზისული სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროების შემთხევაში „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებს.
„ბურთი მეორე შეთავაზებიდან გამომდინარე არის ორივე პარტიის მოედანზე, ჩვენ ველოდებით მათ რეაქციასა და ქმედებას და როდესაც ჩვენ მას დავინახავთ, დავიგეგმებით ფაზა #3-ზე. სისტემურ დონეზე არცერთთან არ ვაპირებთ შეთანხმებას. იდეურ დონეზე განსხვავებულად ვაზროვნებთ. ჩემი აზრით, ბევრად უფრო სახელმწიფოებრივად ვიდრე ერთი და მეორე. მაგრამ მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი მოსახლეობის კრიზისების არ შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ერთთანაც და მეორესთანაც თანამშრომლობა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
"ინტერპრესნიუსი"