"ნაცმოძრაობის" ფეხების ბაკუნი და ულტიმატუმებით საუბარი უფრო და უფრო სასაცილოდ ჟღერს"
"უფრო და უფრო სასაცილოდ ჟღერს „ნაციონალური მოძრაობის“ ფეხების ბაკუნი და რაღაც ულტიმატუმებით საუბარი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სტაბილურად ინარჩუნებს ამომრჩევლის ნდობას. „უფრო და უფრო სასაცილოდ ჟღერს მათი ფეხების ბაკუნი და რაღაც ულტიმატუმებით საუბარი, რადგან ფართო სურათით რომ შევხედოთ, მე-3 მოწვევით „ქართული ოცნება“ თითქმის, იგივე რეიტინგით და უმრავლესობის ფორმატში პარლამენტში მოდის. უკვე მესამე მოწვევით თვითმმართველობის არჩევნებში მნიშვნელოვანწილად იმარჯვებს და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მოხდა მათი კანდიდატის შერჩევა. დიდი სურათს რომ შევხედოთ, ეს რამდენად იმედგასაცრუებელია მათთვის და რამდენად იმედის მომცემია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს ამომრჩევლის ნდობას და ამის შემდეგ კიდევ დიდ მოლოდინებზე მათი მხრიდან საუბარი და რაღაც ფეხების ბაკუნით საუბარი, ვფიქრობ, ცოტა ირონიულია და სასაცილოდ ჩანს“, - განაცხადა წილოსანმა.
ამასთან, წილოსანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მიმდინარე სასამართლო პროცესები ყოფილი პრეზიდენტის ბოლომდე დისკრედიტაციის საფუძველი გახდება.
„ვფიქრობ, ეს სასამართლო პროცესები და სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება მისი ბოლომდე დისკრედიტაციის საფუძველი გახდება. დაწყებული იქიდან თუ რა ფორმით ჩამოვიდა ქვეყნაში და რამდენად შეურაცხმყოფელი იყო ეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის. გაგრძელებული შიმშილობის გაუგებარი მოთხოვნებით, რომელიც თავდაპირველად გულისხმობდა მის გათავისუფლებას და ამისთვის დაიწყო და შემდეგ რაში გადაიზარდა ყველამ ვნახეთ. საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ დაუტოვა მორალური უფლება, რომ რაღაც დოზით ეამაყა მისით“, - განაცხადა წილოსანმა.