"ირაკლი კობახიძისგან მოწყალების აქტს არავინ ითხოვს - ჩვენ „საჩუქრები“ კი არა, იმ ვალდებულებების შესრულება გვინდა, რომელიც აღებული აქვთ"
არავინ ელოდება და ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოწყალების აქტს, რომ თუ ოპოზიცია კარგად მოიქცევა, იმ შემთხვევაში „საჩუქარს“ გაუკეთებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს საკუთარი ნებით არ მიიღებს, მაგრამ უნდა აიძულონ.
„ჩვენ „საჩუქრები“ კი არ გვინდა, იმ ვალდებულებების შესრულება გვინდა, რომელიც აღებული აქვს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ვერავინ გადის ცალხმრივად ასეთი დოკუმენტებიდან,ეს ყველამ გაითვალისწინოს. შესაბამისად, თავისი ნებით რომ არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“, ეს გასაგებია, მაგრამ უნდა ვაიძულოთ, ყველანაირი მეთოდი და ბერკეტი უნდა ჩავრთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომ დროში არ გაიწელოს. ეს ვალდებულება „ქართულ ოცნებას“ აღებული აქვს და ახლა უნდა ვაიძულოთ, ეს ვალდებულება შესრულდეს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ფორმულირება "მომდევნო არჩევნები" პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს „პატარა საჩუქარი“ ოპოზიციისთვის.