"სულ უკმაყოფილება, სულ წუწუნი მიუღებელია ჩემთვის. მე რომ მოვყვე, როგორ ვცხოვრობ..." - კვირის პალიტრა

"სულ უკმაყოფილება, სულ წუწუნი მიუღებელია ჩემთვის. მე რომ მოვყვე, როგორ ვცხოვრობ..."

"ამ სიყვარულსაც კი სიძულვილამდე მივყავართ; სიგიჟეა, რაც დღეს ხდება..."

მსახიობ მაკა შალიკაშვილს პოეზია ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა თვლის, რომ ლექსის მნიშვნელობა, არსი და აზრი, სიტყვის დანიშნულება მამა ადამ ახალაძის ლექსებმა სულ სხვანაირად დაანახვა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"აღარ შემიძლია ამდენი უკმარობის განცდა, დავიღალე! ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, ადამიანებზე, არაფრის ზომა-წონა რომ არ ვიცით. სიყვარულია და ამ სიყვარულსაც კი სიძულვილამდე მივყავართ; სიგიჟეა, რაც დღეს ხდება..."

"მუხრანის არ იყოს, "სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის! თვითდაკვირვების მოვიმარჯვოთ, დროა, უნარი“. პრობლემა ჩვენშია, ამ დროს მუდმივად სხვას ვაბრალებთ და ვადანაშაულებთ. ნიკო გომელაურის ერთი ლექსის არ იყოს, "აღარ მთავრდება ირგვლივ ვიღაცა“. არ მგონია, რომ რაც გვჭირს, ამაში მუდმივად ვიღაცაა დამნაშავე. საკუთარი თავი, ჩვენი ამპარტავნება, არაობიექტურობა და ამბიციები სრავს ყველა სიკეთესა და ბედნიერებას..."

"დაახლოებით 1 კვირის წინ ჩემს სოფელში, იგოეთში დავკრძალეთ 45 წლის ბიჭი, გია ზაალიშვილი, რომელიც ბედის უკუღმართობამ მოკლა. ხალხი იხოცება, პანდემიამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი და მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას. პანდემია შეცვლის ადამიანებსო, - ვამბობდით თავიდან. ვისაც უყვარდა, ისევ იმას უყვარს და ვინც ბოროტი იყო, ის ისევ ბოროტია. სულ უკმაყოფილება, სულ წუწუნი არ მომწონს, მიუღებელია ჩემთვის. მე რომ მოვყვე, როგორ ვცხოვრობ..."

"ძალიან ბევრია გონიერი და ჭკვიანი ქართველი! საუბედუროდ, მათ აღარავინ ეკითხება ჭკუას, თორემ საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნებიან კიდეც ის მართალი, გულანთებული ადამიანები, ვისაც სამშობლოს ბედი აწუხებს. ისევ ხალხის იმედი მაქვს. ველოდები, ეს ჭკვიანი ადამიანები როდის ამოიღებენ ხმას და როდის გადაწონიან ამდენ მოღალატესა და უგუნურს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ

ნინო ჯავახიშვილი