"მაშინ ახსნა-განმარტებით თავი არ შემიწუხებია, მაგრამ მეწყინა. წლების მერე, ამ ბიძის დაცვა მომიხდა..." - კვირის პალიტრა

"მაშინ ახსნა-განმარტებით თავი არ შემიწუხებია, მაგრამ მეწყინა. წლების მერე, ამ ბიძის დაცვა მომიხდა..."

ადვოკატი ლია მუხაშავრია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანია თავისი პროფესიის წარმომადგენლებს შორის. რამდენიმე წლის წინ ის თავის მშობლიურ მხარეში - გურიაში, ლანჩხუთის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ პროფესიას მაინც ვერ უღალატა... ქალბატონი ლია თავისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბებზე გვესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გურიაში მეგრული გვარები ხშირად გვხვდება. არსებობს გადმოცემა, რომ ისინი დადიანების მიერ გაჩუქებული ყმების შთამომავლები არიან. მეც, როცა ვამბობ, რომ გურული ვარ, მაშინვე ეშმაკური ღიმილით მეკითხებიან, - "ძაღლზე გაცვლილი გურული ხარ, ხომ?" გურიაში ამბობენ: დადიანი ცუდ ყმას არ გააჩუქებდაო, ამიტომ ყველას ვეუბნები - აქ მხოლოდ საუკეთესო მეგრელების შთამომავლები ცხოვრობენ-მეთქი. რაც შეეხება ჩემი გვარის წარმოშობას, ის მეგრული არ არის, რადგან მის ფუძეში სიტყვა "მუხაა". მუხას მეგრულად "ჭყონი" ჰქვია, ამიტომ, ჭყოიძე, ჭყონია, ჭყონდიდელი - ისინი მართლა მეგრელები არიან, მუხაშავრია - არა, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ქართველი ვარ. ძალიან ვამაყობ, რომ მეგრელი დედა მყავდა, გვარად - შარია..."

"პირველ კურსზე მითხრა ერთმა ახლობელმა: დროზე გათხოვდი, ბიძია, სანამ მაი იურიდიული ფაკულეტეტი დაგიმთავრებია, თუ არა, მერე გათხოვებისთვის სადღა გეცლებაო. ერთხელ, ბიძაჩემმაც მისაყვედურა: რას გადაეკიდე ბიძია ამ იურისტობას, ოჯახში არავინ იურისტი არ გვყავს და შენ რატომ გადაწყვიტე, ამიხსენიო. მაშინ ახსნა-განმარტებით თავი არ შემიწუხებია, მაგრამ გულში კი მეწყინა. წლების მერე, როცა დავამთავრე, ამ ბიძის დაცვა მომიხდა..."

"ყველაზე მძიმე, რომელიც დღესაც ცუდად მახსენდება, ერთი ახალგაზრდა, ლეკი გოგონას საქმე იყო: მას მოძალადის მკვლელობას აბრალებდნენ და გაუფრთხილებელი მკვლელობის მუხლი მიუყენეს. მე ვამტკიცებდი, რომ ეს აუცილებელი მოგერიება იყო და ასეთ დროს ჩადენილი მკვლელობა პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ჩემი კლიენტი 19 წლისა იყო - კაფანდარა, გამხდარი გოგო, რომელიც ავტომობილში მოძალადე მამაკაცთან ერთად აღმოჩნდა. ეს კაცი 32 წლისა იყო - მაღალი, ახოვანი, 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა..."

"იზოლატორში ყველაზე საშიშ დამნაშავეებთანაც მარტო შევდიოდი და მათგან უდიერი მოპყრობა არ მახსენდება. ზოგს ჰგონია, დამნაშავის დაცვა ცუდია, მაგრამ ეს ადვოკატის მოვალეობაა: ამ დროს მთავარია, ბრალი მეტისმეტად არ დაუმძიმონ. შეიძლება ადამიანს მართლა ჩადენილი აქვს მკვლელობა, მაგრამ ეს აუცილებელი მოგერიების მიზნით რომ მოხდა, ამას დამტკიცება ხომ უნდა? გამომძიებელმა ბრალდებულს სასჯელი თუ დაუმძიმა, ადვოკატმა ეს უნდა გამოასწოროს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ

ხათუნა ჩიგოგიძე