"ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდოდა და თავზე ნაცარს წაიყრიდა? მას აქვს გარკვეული გეგმა..." - კვირის პალიტრა

"ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდოდა და თავზე ნაცარს წაიყრიდა? მას აქვს გარკვეული გეგმა..."

"რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურორები დაკავებული არიან არა სააკაშვილის ბრალდებით, არამედ - მისი გათეთრებით"

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე, რის გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, სასამართლო პროცესი გაიმართა. წინა პროცესის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, რომლითაც რამდენიმე საკითხს შეეხო. მისი განცხადებები kvirispalitra.ge-სთან ექსპერტებმა შეაფასეს:

გია ხუხაშვილი:

- ეს არის პოლიტიკოსის გამოსვლა, ის ცდილობს, თავისი შეხედულებების დისტრიბუცია მოხდინოს. ელაპარკება არა სასამართლოს, არამედ - საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უნდა ახსნას ესა თუ ის ქმედებები. აქ პრობლემა სხვა რამაა - სერიოზული დისბალანსია ხელისუფლების და მართლმსაჯულების განცხადებებსა და ბრალდებებს შორის. ხელისუფლება მუდმივად აპელირებს იმას, რომ მიშა არის სადისტი, მწამებელი, მკვლელი და ამ დროს - ედავებიან სახელმწიფო ხარჯებს და მათ კანონიერებას, რაც სერიოზული აცდენაა ვერბალურ ბრალდებებსა და რეალურ საქმეებს შორის. გარდა ამისა, პროკურორები ხშირად აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც, ასევე, უკარგავს სანდოობას ამ პროცესს. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურორები დაკავებული არიან არა სააკაშვილის ბრალდებით, არამედ - მისი გათეთრებით. მის მხარეს თამაშობენ. ამას შეგნებულად აკეთებენ თუ სიბრიყვით, არ ვიცი, მაგრამ ეს ხშირად სცილდება სამართლებრივ ფარგლებს, მათი კომპეტენციის ფარგლებს. ამ ყველაფერს მერე ოსტატურად იყენებს დაცვის მხარე და ისედაც დაბალი ნდობის მქონე სასამართლოს მიმართ ნდობა იკარგება. ეს ყველაფერი ისევ სააკაშვილის ინტერესშია. ხელისუფლების მხრიდან პროცესის კომპრომეტირება ხდება შეგნებულად თუ შეუგნებლად. ფაქტია, ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი.

- სააკაშვილი ამბობს, მე ვერ მივიღებ სიტყვა "კორუფციას" ჩემი მისამართითო, თუმცა ერთ-ერთი საქმე სწორედ თანხების გაფლანგვას ეხება...

- ის თავს იცავს, აქ გასაკვირი არაფერია. მას აქვს თავისი არგუმენტები. ამ პროცესის პრობლემა უფრო ის არის, რომ ბრალდების მხარის სამართლებრივი არგუმენტები გამოიყურება ძალიან სუსტად. როდესაც მართლმსაჯულების მხარე აპელირებს ბოტოქსზე და აკავშირებს ამას 26 მაისის მოვლენებთან, რაც ცალკე დრამა იყო და ცალკე ბრალდების საკითხია, ეს იწვევს ბრალდების მხარის დისკრედიტირებას, რადგან ამ ორ საკითხს შორის პირდაპირი, სამართლებრივი კავშირი არ არის და ეს აღქმულია მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებში გადასვლად, რაც მართლმსაჯულების საქმე არ არის. ამით ხდება მართლმსაჯულების დისკრედიტირება და ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა მართლმსაჯულებასთან, არამედ - ინსინუაციებთან. ხელისუფლების განცხადებები მუშაობს სააკაშვილის სასარგებლოდ და ის ადამიანებიც კი, ვისაც აქვს განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სერიოზული დამნაშავე, იბნევიან, რა ხდება, ვეღარ გაიგეს. არადა, მათ აღქმაში სააკაშვილი არის სადისტი, რომელმაც უამრავი ადამიანი აწამა და ამ დროს სააკაშვილს ასამართლებენ, რომელი ბეჭედი როდის იყიდა და მკერდით დახატული სურათი რომ შეიძინა. ეს იწვევს დაბნეულობას ადამიანებში და სკეპტიციზმს. თვითონ ხელისუფლებამ აქცია პროცესი ფარსად, ეს არის პრობლემა.

xuxa.jpg

- პროკურორები ამბობენ, რომ თავად ადვოკატებმა უწოდეს ამას "პიჯაკების საქმე", თორემ რეალურად საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვას ეხებაო. ფაქტობრივად, დღეს მან ისაუბრა ამ ხარჯებზეც და ისიც თქვა, თანხების დიდი ნაწილი სანდრას აქვს დახარჯული და მომისვით მაშინ ისიც გვერდითო...

- არ ვიცი, ეს უკანონო ხარჯები იყო თუ არა, ალბათ - იყო, მაგრამ პიჯაკებიც ხომ ფიგურირებს და, შესაბამისად, ფორმალური საკითხია და რომ შეფუთონ ეს “პიჯაკების საქმედ“, ამის უფლება ადვოკატებს აქვთ. ჩვენ პროპაგანდაზე ვსაუბრობთ. როდესაც ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, ეს არის ცუდი. მითუმეტეს, როცა ამბობენ, ათასობით ადამიანი აწამა ციხეებშიო, სად არის მაშინ ეს ბრალდება? იცით, რატომ არ არის ეს ბრალდებები წაყენებული? იმიტომ, რომ თუ მართლა სერიოზული დანაშაული იყო მის დროს ჩადენილი, ეს იყო სისტემური დანაშაული. სააკაშვილი თვითონ ხომ არ დარბოდა, ხომ არ სცემდა და აწამებდა ამ ხალხს. ამ დანაშაულს სჩადიოდა სისტემა, მათ შორის - მოქმედი პროკურორები, პოლიციელები, მოსამართლეები. ამიტომ არის ეს საქმე, მთლიანობაში, ფარსი და ეს არის პრობლემა. ჩვენ ხომ სამართალზე აღარც ვსაუბრობთ, პოლიტიკური კონტექსტი დომინირებს. როგორ შეიძლება პროკურორები ასე საუბრობდნენ, ეს ხომ არის მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპების დისკრედიტირება. ამით სარგებლობს და ყოველთვის ისარგებლებს სააკაშვილი. ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ ის გამოვიდოდა და თავზე ნაცარს წაიყრიდა? პროკურატურა მას ეხმარება მაქსიმალურად.

- მან კახა ბენდუქიძეზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოკლესო, ეს რისთვის დასჭირდა?

- ეს უკვე გადაჭარბებულია, თუმცა ის არის პოლიტიკოსი და მას აქვს ფუფუნება, პროკურორისგან განსხვავებით, ასეთი განცხადებები აკეთოს. სააკაშვილი სულ გამოიყენებს ტრიბუნას, ის ახლა პოლიტიკურ პროცესშია, აქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმით მოქმედებს. მეჩვენება, რომ ხელისუფლებას ასეთი გეგმა არ აქვს და მიჰყვება ამ პროცესს. მეტსაც გეტყვით, რაღაც პროცესში მიშა წავა გამწვავებაზე, ის ჯერ ამას არ აკეთებს, იმიტომ, რომ უნდა ხელისუფლება ცოტა მოდუნდეს, არ აძლევს საბაბს ხელისუფლებას, რომ ჩამოაშორონ პროცესს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად იყენებს. ეს არის მისი პოლიტიკური ტაქტიკა, ამის უფლებას აძლევენ. ერთ-ერთი საქმე, რის გამოც სააკაშვილს ასამართლებენ, არის გირგვლიანის მკვლელების შეწყალება. ეს შეწყალება ხომ მოხდა ამნისტიის ხარჯზე, ის ბრალდებულები ამ მუხლში რომ მოქცეულიყვნენ, ამისთვის შეიცვალა მათთვის წაყენებული მუხლი და ეს ვინ გააკეთა? ვინ მოამზადა საფუძველი? - ბატონმა მურუსიძემ, რომელსაც ადიდებდა და აქებდა მუდმივად ბიძინა ივანიშვილი და რომელიც ახლა უვადოდ არის დანიშნული. იგივე დანაშაულის თანამონაწილეა ადამიანი, რომელიც მას ასამართლებს, ეს ფარსი არ არის? ეს არის მწარე რეალობა, თორემ სააკაშვილს ჩემს მიმართაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ცნობილი “გადატრიალების საქმესთან“ დაკავშირებით და მასთან პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ის, რაზეც დღეს ასამართლებენ, ხომ არასერიოზულია?

ვახტანგ ძაბირაძე:

vaxtangdzabiradze.jpg

- ზოგადად, თუ შევაფასებთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, ეს სიტყვა დიდად არ განსხვავდებოდა მისი წინა გამოსვლისგან, ნახევარს მაინც იმავეს იმეორებდა, რაც თქვა წინა სხდომაზე, როცა მისი მოღვაწეობის პოზიტიურ ნაწილზე ისაუბრა. მისი გამოსვლის ფინალი მაინც იმის მოწოდება იყო, რომ საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვან ციხიდან. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც სასამართლოს გარეთ ხდებოდა, გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდი მოლოდინი აქვს, ვიდრე ეს რეალურად ჩანს. ის ცდილობდა ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალებას. მე არ ვარ იურისტი, ვერ შევაფასებ სასამართლოს მაგივრად, სად რა დანახარჯი იყო და ეს ხარჯები რამდენად შეესაბამება იმ განკარგულებებს, რაც არეგულირებს ასეთ ფაქტებს. შეიძლება იმ 9 მილიონიდან ბევრ რამეზე სასამართლომ გაამართლოს კიდეც სააკაშვილი, მაგრამ იმდენად დიდია თანხის რაოდენობა, მილიონამდე მაინც დარჩება და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მას სასჯელი გამოუტანონ. ვფიქრობ, ექსპრეზიდენტს ზედმეტი მოლოდინი აქვს. როგორც ვხედავ, საზოგადოება არ იქნება აქტიური და არ მგონია, მომავალშიც რაიმე დიდი გამოხმაურება მოჰყვეს.

(სპეციალურად საიტისთვის)