"სამარცხვინო ბრალდებები?!... ტაილანდი. 19 ათასი დოლარი გეოპოლიტიკისათვის" - რას წერს "ბიბისი" სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - კვირის პალიტრა

"სამარცხვინო ბრალდებები?!... ტაილანდი. 19 ათასი დოლარი გეოპოლიტიკისათვის" - რას წერს "ბიბისი" სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

სამ დეკემბერს უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალებში უმეტესად ექსპრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლოს პროცესის თემა დომინირებს.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით - "პიჯაკები, ბოტოქსი, ტაილანდი. მიხეილ სააკაშვილი პასუხობს ბრალდებას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის თაობაზე" (ავტორი - ნინა ახმეტელი).

პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, ქვესათაურებით - "სამარცხვინო ბრალდებები?!", "ბოტოქსი ნერვების სამკურნალოდ", "ტაილანდი. 19 ათასი დოლარი გეოპოლიტიკისათვის".

"მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ამაყობდა საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაგრამ 2014 წელს, უკვე მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო სახსრების უკანონოდ ხარჯვა-გაფლანგვაში დაადანაშაულა", - ნათქვამია ვრცელ სტატიაში, რომელშიც ავტორის მიერ საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული საქართველოს ყოფილი მეთაურის, ამჟამად კი - ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე. "მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი გამოსვლა პროკურორების უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი რამდენჯერმე შეეცადნენ მისთვის ხელის შეშლას, ლაპარაკის შეწყვეტის მიზნით, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი მათ არ პასუხობდა და თავისას აგრძელებდა - ბრალმდებელთა აღშფოთება თითქოს არ ესმოდა", - წერს ავტორი.

"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ბრალდებაა მისი ტაილანდში ვიზიტი, სადაც მას, თურმე, ორი დღე-ღამის განმავლობაში 19 ათასი დოლარი დაუხარჯავს. რამ გამოიწვია პრეზიდენტის ტაილანდში წასვლა? პროკურორებმა ამ ვიზიტს გამართლება ვერ მოუნახეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ პირველად საუბრობს ღიად ამ საკითხზე. მისი განმარტებით, ტაილანდში (რომელიც მსოფლიოში ცნობილია ტურიზმის მაღალი დონით) ვიზიტი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხმა გამოიწვია: აუცილებელი იყო აზია-წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრების რაიმე, ძვირფასი ნივთით დასაჩუქრება ან ფულის გადახდა იმ მიზნით, რომ მათ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარება არ მოეხდინათ".

პუბლიკაციაში ავტორის მიერ საუბარია ორივე მხარის - ბრალდებისა და დაცვის პოზიციებზე: როგორც პროკურორები თვლიან, ამ გამოსვლით მიხეილ სააკაშვილმა თავისი დანაშაული აღიარა. ადვოკატების აზრით კი, ყოფილმა პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ ყველა ხარჯი ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ქვეყნის პოლიტიკის განხორციელებას ემსახურებოდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ