"თვით საბჭოთა დროის კულტურის მინისტრი, ეკატერინე ფურცევაც კი ახერხებდა, რომ ყოფილიყო ცოტა უფრო ტოლერანტული, ვიდრე თქვენ ხართ" - კვირის პალიტრა

"თვით საბჭოთა დროის კულტურის მინისტრი, ეკატერინე ფურცევაც კი ახერხებდა, რომ ყოფილიყო ცოტა უფრო ტოლერანტული, ვიდრე თქვენ ხართ"

"თვით საბჭოთა დროის კულტურის მინისტრი, ეკატერინე ფურცევაც კი ახერხებდა, რომ ყოფილიყო ცოტა უფრო ტოლერანტული, ვიდრე თქვენ ხართ", - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, პოლიტიკურად თავმოყვარე ადამიანი თანამდებობიდან უკვე გადადგებოდა.

„ქალბატონო თეა, თქვენ მუშაობდით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ცხოვრობდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ დედაქალაქში, სტრასბურგში. თქვენ იცით, რას ნიშნავს სამართლებრივი კულტურა და სამართლიანობა კულტურაში. გეკითხებით, რატომ ვერ მოახერხეთ ამ ელემენტების შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუნდაც ახლა კულტურის სფეროში ან მანამდე იუსტიციაში? ხომ არ ფიქრობთ, რომ დიდი არსებითი ფუნდამენტური აცდენაა? ამის გამო პოლიტიკურად თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა თანამდებობიდან.

პოლიტიკოსების მხრიდან, მით უმეტეს მმართველი გუნდიდან, მით უფრო თუ ის კულტურის მინისტრია და თან მმართველი ძალის პოლიტსაბჭოს წევრია, რაც დიდი უცნაურობაა, პოლარიზების წარმოუდგენელი ხარისხი, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, საჭიროებს თუ არა შემცირებას? ამ მხრივ თქვენ რას აკეთებთ, როგორ იქცევით”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მან თეა წულუკიანს "შავრაზმული აზროვნების" უწოდა.

„თქვენ შეგხვდათ ჯგუფი და გქონდათ საუბარი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, კერძოდ კი "ამბასადორთან" დაკავშირებით. სხვათა შორის, ეს ის თემაა, რომელიც ვერაფრით, ვერანაირად, ვერცერთი შესაძლებლობით ვერ ავუხსენი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც, მგონი აქ ბრძანდება. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გვყავს, რომელსაც არ აინტერესებს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თემა. ამ შავ დღეშია დღეს თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული კულტურა საქართველოში“, - აღნიშნა ახვლედიანმა.