"უშგულში საკმაოდ დაძაბული დახვედრა მომიწყვეს, მათ მაინც მადლობას ვუხდი - თუ მე იმ დაძაბული საუბრისას რამემ გადამარჩინა, ისევ ჩემი ფესვები იყო"
"უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ საკმაოდ დაძაბული დახვედრა მომიწყო. მათ მაინც მადლობა მინდა ვუთხრა. თუ მე იმ დაძაბული საუბრისას რამემ გადამარჩინა, ისევ ჩემი ფესვები იყო და მადლობა მათ ამისთვის", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, უშგულელები ძალიან ლეგიტიმურად ითხოვდნენ დახმარებას, რადგან მალე თოვლი მოვა და ჩაინგრევა ის კოშკებიც, რომელიც უსახურავოდ არის დარჩენილი.
„აქ საუბარი იყო იმაზე, რომ სვანეთია, ხეობაა, მიუვალია და მკაცრი პირობებია და ტენდერი რამდენჯერაც გამოცხადდა, იმდენჯერ ჩავარდა, რადგან არცერთმა კომპანიამ უშგულში მათი გაგებით პატარა ობიექტის რეაბილიტაცია მომგებიანად არ ჩათვალა. იყო ერთი კომპანია, რომელმაც ეს მოისურვა და ეს ღიად უნდა ითქვას - უშგულელებმა ეს კომპანია თავიანთი არგუმენტების საფუძველზე სოფელში სამუშაოდ არ შეუშვეს. იქ იყო კონფლიქტიც და შესაბამისად ეს სამუშოები ვერ ჩატარდა.
ჩვენ დავდექით დილემის წინაშე - ყველაფრის მიუხედავად, ვახორციელებთ ამ პროექტს ამ კომპანიის მეშვეობით, რომელსაც აღარ ჰქონდა სურვილი, რომ ამ პირობებში ემუშავა თუ უნდა გამოვიგონოთ რაღაც სხვა. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიგონეთ მოდელი, რომლის მიხედვითაც ნდობა გამოვუცხადეთ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, იმ ადგილობრივ საქმეში ნასწავლ უშგულელ ახალგაზრდა ოსტატებს, ვინც ისედაც თავის კოშკს პატრონობდა ზოგჯერ ხარისხიანად, ზოგჯერ ცოტა ხარვეზიანად, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობის ქვეშ დღეს ისინი მუშაობენ, სანამ თოვლი მოვა და მათ მივესალმები აქედან. ჩვენ გადავარჩენთ თოვლისგან, ჩანგრევისგან არაერთ კოშკს, თუმცა ეს არ არის უშგულის სრული პროექტი. უშგულს და მთლიანად სვანეთის არაერთ სოფელს ბევრი კოშკი, მაჩუბი და სხვა ნაგებობა აქვს გადასარჩენი. ახლა, ამ ეტაპზე, საუბარი იყო იმაზე, რომ სწრაფად გვეშველა კოშკებისთვის, რომლებიც შეიძლება თოვლს დაეზიანებინა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.