"ეგნატაშვილმა იოსებს უთხრა, - "გაიხსენე რა მშვენიერია ქართული სუფრა და საჭმელებიო". სტალინმა საქართველოში გაგზავნა და..." - კვირის პალიტრა

"ეგნატაშვილმა იოსებს უთხრა, - "გაიხსენე რა მშვენიერია ქართული სუფრა და საჭმელებიო". სტალინმა საქართველოში გაგზავნა და..."

პოლონურმა გამოცემამ "ვირტუალნა პოლსკამ" (Wirtualna Polska) გამოაქვეყნა ინტერვიუ კულინარიის და სურსათის ისტორიის შემსწავლელ ჟურნალისტთან, წიგნის - "რუსეთი და მისი შიდა სამზარეულოს" ავტორთან - ვიტოლდ შაბლოვსკისთან. ინტერვიუში საუბარია როგორც 1941-45 წლების სსრკ-გერმანიის ომის დროს საბჭოთა ჯარისკაცების კვების რაციონის, ასევე - იოსებ სტალინის ქართველი მზარეულის შესახებ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რით იკვებებოდნენ წითელი არმიის ჯარისკაცები?

- წითელი არმიის სარდლობამ [ოფიციალურად დამტკიცებული კვების მენიუს გარდა] გამოუშვა სპეციალური ცნობარები სამხედრო მზარეულებისთვის, იმის შესასწავლად, თუ რომელი საკვები მცენარეებით შეიძლებოდა მათ ესარგებლათ სამხედრო მოქმედების ამა თუ იმ რაიონში. ცნობარებში აღწერილი იყო, თუ სად რომელი საკვები მცენარეები იზრდებოდა... განმარტებული იყო, რომელი მცენარე როგორ იჭმებოდა - უმად თუ ფხალეულის სახით. გერმანიის ვერმახტი ულმობლად ბომბავდა წითელი არმიის საველე სამზარეულოებს და ამით სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულის ჩაკვლა უნდოდა, მაგრამ, თავის მხრივ, ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომელი მცენარის ჭამა შეიძლებოდა თავის გადასარჩენად. გარდა ამისა, მათ აღჭურვილობაში შედიოდა ასანთი და პატარა ქვაბუნები, რამდენიმე კარტოფილით. თუ ცოტა სოკოს და სხვა მცენარეებსაც მოაგროვებდნენ, უკიდურეს შემთხვევებში, ისინი შიმშილს ასე თუ ისე დაიკმაყოფილებდნენ. (...)

- რას ჭამდა თვითონ იოსებ სტალინი?

- გარკვეულ მომენტამდე - ყველაფერს, არჩევნის გარეშე. იმ რთულ ეპოქაში რევოლუციონერებისათვის, განსაკუთრებით - 1920-1930-იან წლებში, გემრიელი საჭმელი მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა. სხვათა შორის, იოსებ სტალინის მმართველობის პირველ ეტაპზე, 1930-იანი წლების ბოლომდე, კრემლის სასადილო მოსკოვში თითქმის ყველაზე უარესად ითვლებოდა. ქარხნის მუშები უფრო კარგად იკვებებოდნენ, ვიდრე პარტიისა და სახელმწიფოს მეთაური. საჭმელი მას არ აინტერესებდა, მაგრამ მოგვიანებით, ომის წინ, მოულოდნელად სტალინის მენიუ შეიცვალა.

საბჭოთა ქვეყნისა და პარტიის მეთაურმა კრემლში სამუშაოდ მიიყვანა [ძველი ნაცნობი] ალექსანდრე ეგნატაშვილი - [სამთავრობო დასასვენებელი ობიექტების ქსელის დირექტორი, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა კავშირის სამთავრობო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის - ნიკოლაი ვლასიკის მოადგილე გახდა, წოდებით - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გენერალ-ლეიტენანტი]. ეგნატაშვილი ბრწყინვალე მზარეულიც იყო, რომელსაც ადრე თბილისში რამდენიმე რესტორანი ჰქონდა. მან იოსებს უთხრა, - "გაიხსენე რა მშვენიერია ქართული სუფრა და საჭმელებიო". იოსებ სტალინმა ალექსანდრე ეგნატაშვილს რკინიგზის შვიდი ვაგონი მისცა და საქართველოში გაგზავნა, იქიდან კი ალექსანდრემ მოსკოვში ცხვრები, იხვები, ინდაურები ჩაიყვანა, ჩაიტანა ქართული პურის საცხობი თონეც. აი, იმ დროიდან კრემლის სამზარეულო გაუმჯობესდა და სტალინს, თავის თანამოაზრე გარემოცვასთან ერთად, კარგი კვების შესაძლებლობა ჰქონდა.

- ანუ ძღომით მიირთმევდა?

- საერთოდ, იოსებ სტალინი ცოტას ჭამდა და დღევანდელი გაგებით, შეიძლება ითქვას, "ფიგურას უფრთხილდებოდა", თანაც ომმა თავისი ნეგატიური გავლენა იქონია კრემლის სამზარეულოს მენიუზე... თუმცა ომის შემდეგ სტალინმა ერთგვარი "ღორმუცელობაც" დაიწყო. მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის მტკიცებით, ომის დროს გადატანილი სტრესების შემდეგ ორგანიზმმა, უბრალოდ, საჭმლის მეტი რაოდენობის მიღება მოითხოვა...

- დიდხანს ამზადებდა საჭმელებს ეგნატაშვილი სტალინისათვის?

- არცთუ ისე დიდხანს... მოგვიანებით ალექსანდრე ეგნატაშვილი პირადად ამოწმებდა იოსებ სტალინისათვის მომზადებულ საჭმელებს. სტალინი მას ძალიან ენდობოდა. ასე რომ, კრემლის სამზარეულოს და მის მეურნეობას მთლიანად ალექსანდრე ეგნატაშვილი უძღვებოდა

- ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა...

- ალექსანდრე ეგნატაშვილმა მთელი თავისი ცხოვრება იოსებ სტალინს მიუძღვნა, მაგრამ მუდმივად შიშში იყო. ჯერ კიდევ ომამდე მას გერმანელი ქალიშვილი შეუყვარდა, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა ომი მესამე რეიხთან, სტალინის გარემოცვა მით უფრო მეტად ნერვიულობდა. ლავრენტი ბერია ყველას ებრძოდა, ვინც კი დიქტატორთან დაახლოებას შეეცდებოდა. ამ ისტორიის ფინალი ტრაგიკულია. ამ ყველაფერს მკითხველი, თუ მოისურვებს, ჩემს ბოლო წიგნში გაეცნობა.

კრემლის სამზარეულოს რომ ვიკვლევდი, ვიქტორ ბელიაევმა, რომელიც ერთ დროს კრემლის ყველა სასადილოს განაგებდა, ასეთი ამბავი მომიყვა ცომის საფუარზე. "ცომს საფუარი ვერა და ვერ აფუებდა. ალექსანდრე ეგნატაშვილმა შეამჩნია და დამარიგა - "საფუარი ცოცხალი ორგანიზმებისაგან - სოკოებისაგან შედგება, ისინი გრძნობენ, როცა ადამიანი ღელავს და ეს მათზე გავლენას ახდენს. თუმცა ისინი შეიძლება "მოვატყუოთ". შეიძლება კარგი განწყობის იმიტაცია გააკეთო და იმღერო, სოკოებიც გამოცოცხლდებიან".

- იმღერა სოკოებისთვის?

- დიახ და ცომი მართლაც აფუვდა. ყველა, ვინც კი ამ ხერხით ისარგებლებს, შეუძლია თქვას, რომ სტალინის მზარეულმა ასწავლა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ