"სააკაშვილი ღამღამობით ოჯახებში მართლა დადიოდა და ხალხს ხოცავდა?... არ მეშინია, რადგან მე არც მიშას ბიძაშვილი ვარ, არც ახლობელი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ღამღამობით ოჯახებში მართლა დადიოდა და ხალხს ხოცავდა?... არ მეშინია, რადგან მე არც მიშას ბიძაშვილი ვარ, არც ახლობელი"

"სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი - პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს? "ოცნებაში" მის მზეს რომ ფიცულობდნენ, სად არის?"

21-ე საუკუნის საქართველო ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას: ორად გაყოფილი საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, უკიდურესად დაძაბული გარემო, უმძიმესი დემოგრაფიული ფონი, რომელსაც ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს... ჩვენი ინტერვიუ მსახიობ ნანა ბუთხუზთან სწორედ ამ მოვლენების გამოძახილია.

- თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ჩვენს თავს?

- ჩვენს თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს! დიახ, ამ გეოგრაფიულ სამოთხეში ქართველებმა ჯოჯოხეთი მოვაწყვეთ, არადა, ყველა რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ სამშობლო ავაყვავოთ: ბუნებრივი რესურსებით დაწყებული, ადამიანურ რესურსებამდე, მაგრამ სანახევროდაც ვერ ვიყენებთ. სად არის ჯოჯოხეთი? - ის პირველ რიგში, ადამიანების ტვინშია. თითქოს, უამრავი მავნე ჩვევით ვართ შეპყრობილი და მათ გარეშე არსებობა არ შეგვიძლია: აუცილებლად ვინმესი უნდა გშურდეს, ვინმე უნდა გძულდეს, აუცილებლად შურისმაძიებელი უნდა იყო... თუ ვინმე ისეთ რამეს აკეთებს, რაც შენ არ შეგიძლია, მხოლოდ მისი ჩაქოლვით და დამცირებით უნდა იყო დაკავებული. მახსენდება ეპიზოდი ცნობილი ფილმიდან - "მონანიება", სადაც მთავარი გმირი მზეს ემუქრება - უნდა დაგაბნელოო! გაბოროტებულ ადამიანს სინათლის შიში აქვს, რადგან მისი გული და გონება სიბნელითაა მოცული. როცა ყოველდღე ერთი სურვილით იღვიძებ - აბა, მე დღეს ვის რა ვავნოო? - ეს სიბნელეა, აბა, რა არის?!

- ქართველი საზოგადოება მუდმივად ხომ არ ეძებს კერპს, რომელსაც ჯერ თაყვანს სცემს, მერე მთელ პასუხისმგებლობას მას დააკისრებს და ბოლოს, მზად არის, ყველა შეცდომა და დანაშაული მას მოჰკითხოს?

- როცა ადამიანს ფუნქცია დაკარგული აქვს, ვეღარ ხვდება, როგორ იმოქმედოს. ასეთ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ვიღაც ერთი, რომელსაც ცხვრებივით გაჰყვებიან და რაც მოხდება, ყველაფერს მას გადააბრალებენ. უფუნქციო ადამიანი ხშირად არის გაბოროტებული, მას არც ტვინის განძრევა უნდა და არც პასუხისმგებლობის აღება, ის ყველაფერს სხვას აბრალებს. ასეთი ხალხისთვის თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია: მოდის ვიღაც ერთი და რასაც ჩასძახებს, იმას ამოსძახებს. როგორც ჩანს, თავისუფლებაში ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია და არც გვსურს. ჩრდილში კოტრიალი გვირჩევნია, არაფრის კეთებას შევეჩვიეთ და სხვის ხარჯზე ცხოვრება მოგვწონს, თავისუფლება კი პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს.

- დღეს ჩვენი მოსახლეობა ორად არის გაყოფილი: მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მას საკუთარ სასამართლოზე მისვლის უფლება უნდა ჰქონდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- დიახ, თავისი უფლებების დაცვა ყველამ უნდა შეძლოს, რადგან "ლინჩის წესით" გასამართლება კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა. პირადად მე, სიმართლე მაინტერესებს, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს! მაინტერესებს, რასაც აბრალებენ, ტყუილია თუ მართალი, რადგან მგონია, რომ ბევრი რამ მითია: საქართველოში მარტივად შეუძლიათ ადამიანზე ისეთი რამ თქვან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ფიქრობს, რომ ის ადამიანი ზუსტად ისეთია, როგორი იარლიყიც მიაკრეს, სინამდვილეში კი, ასე არ არის. მით უმეტეს, მესამე პრეზიდენტს რამდენი მტერი ჰყავდა და რა შავი პიარი იყო აგორებული მის წინააღმდეგ, ამას ხომ საკუთარი თვალით ვხედავდით? სულ ებრძოდნენ და ემუქრებოდნენ. საქმის კეთება და სახელმწიფოს შენება დაიწყო, მაგრამ მისი არაფერი მოსწონდათ: მანქანაში ღვედის გაკეთება მოგვთხოვეს და ღვედი რა ქართველი კაცის საქმეაო, კანონმორჩილი იყავი და ჯარიმა გადაიხადეო და, - რატომ უნდა გადავიხადოთო... ადამიანები ქუჩაში, ლამის ნაგავსაყრელზე ყიდდნენ სურსათს, ქუჩები მოაწესრიგა და ეს ხალხი სხვა ადგილას გადაიყვანა - ამასაც უწუნებდნენ. კრიმინალს რომ ებრძოდა, ეს ბოროტმოქმედისთვის ცუდი იყო, მაგრამ ჩემთვის - ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ცუდი არ ყოფილა. დიახ, კრიმინალს უნდა ებრძოლო, მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს, რომ მისი საქციელის გამეორება სხვამ ვეღარ გაბედოს.

- არ გეშინიათ, რომ ამ პოზიციის გამო "მიშისტის" იარლიყს მოგაწებებენ?

- არ მეშინია, რადგან მე არც მიშას ბიძაშვილი ვარ, არც მისი ახლობელი, არც მისი პარტიის წევრი. არც წინა მთავრობის დროს მქონია რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები და არც ამ მთავრობის დროს მაქვს. აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, ყველაფერი ჯანსაღი თვალით დაინახოს და შეაფასოს - კარგიც და ცუდიც. მგონი, ერთ რამეში ვთანხმდებით: ეს ქვეყანა ისე უნდა ავაშენოთ, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ მდგომარეობამდე მივიდეთ. რაც ბოლო წლებში საქართველოში ცუდი მომხდარა, ყველაფერი მიშას ან ბიძინა ივანიშვილის ბრალი ხომ არ არის? პირველ პირებს ხომ ჰყავთ გუნდი, გარემოცვა, რომლებიც სერიოზულ შეცდომებს უშვებენ? შეცდომებს ყველა უშვებს, მეც ვუშვებ, ადამიანი ხშირად საკუთარ შვილთანაც უშვებს შეცდომებს და ყველაფერი ერთ ადამიანს ხომ არ უნდა მოვკითხოთ?

- დღევანდელ საქართველოში რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი?

- ბევრი რამ. მაგალითად: მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი გვეუბნება, არჩევნებს თავზე გადაგახევთო, მაგრამ ამის გამო უნდა მოვკლათ, დავასრულოთ და ჩავქოლოთ? ეს სიტყვები მარტო "ნაციონალებს" კი არა, ყველას უთხრეს, მეც მითხრეს - რიგით მოქალაქეს, რომელსაც დასავლური აზროვნება აქვს და არ უნდა საქართველოში რუსული "წესრიგი" დამყარდეს. ჩვენთვის კოშმარი ქვეყნის ოკუპაციაა, რომელიც მარტო ტანკებით არ ხდება. ამის შესახებ კარგად თქვა ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ჯერ მოვკალით და მერე წმინდანად შევრაცხეთ. ვინც მისი სიტყვები ბოლომდე ვერ გაიგო, მარტივად ავუხსნი: დღეს მტერი თოფით, ავტომატითა და ტანკით კი არ მოდის, ის ჭკუით გებრძვის და შენც ჭკუა უნდა დაახვედროო. როცა მტერს უჭკუობას და უტვინობას ახვედრებ, შენი ამბავი დამთავრებულია - უფსკრულის პირას დგახარ და გადაიჩეხებიო... ნუთუ, ეს ასე ძნელი მისახვედრია? ნუთუ, ავაზაკების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მცნება და ფასეულობა დარღვეულია? იმ 50 დღის განმავლობაში, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობდა და სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავდათ, ყველანი უმწეო მდგომარეობაში ვიყავით. სხვათა შორის, ეს ყველაზე კარგი მდგომარეობაა, რომ მტერმა ადვილად გმართოს და დაგიმონოს. იმ დღეებში მარტო სააკაშვილს კი არ კლავდნენ, ჩვენც გვკლავდნენ, ყველა იდეალს და ფასეულობას თელავდნენ, რამაც ქართველები აქამდე მოგვიყვანა.

butxuzi1-1638612881.jpg

- თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები სულ სხვაგვარად ფიქრობენ.

- მე მათ ერთ შეკითხვას დავუსვამ: ხომ შეიძლებოდა, საერთოდ არ ჩამოსულიყო? - ყველანაირად კარგად იყო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა - შენთვის, ამ ქვეყნისთვის, ხალხისთვის ჩამოვიდა და გვითხრა: მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი თავის თავს გადაირჩენს, ქვეყანასაც გაათავისუფლებს და აქედან გამომდინარე, მეც გამათავისუფლებსო. დემოკრატია ხომ ხალხის მმართველობაა? - ეს ხომ უნდა დავამტკიცოთ და მსოფლიოს ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანას მართლა ხალხი მართავს? ჩვენ დასამტკიცებელი გვაქვს, ვართ თუ არა თავისუფლებისმოყვარეები და ის ქვეყანა, რომელსაც რუკაზე არსებობის უფლება აქვს. პირდაპირ გეტყვით: სააკაშვილმა თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო და ყველაზე უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აქვს სიცოცხლის და სასამართლოს უფლება და მასაც უნდა ჰქონდეს! მე მართლა მაინტერესებს - მიხეილ სააკაშვილი ღამღამობით ოჯახებში მართლა დადიოდა და ხალხს ხოცავდა? გავიგე, რომ მისი მმართველობის დროს ციხეებში და სასამართლო სისტემაში რაღაც დანაშაულები ხდებოდა, მაგრამ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს? რაღაც მტკიცებულებები ხომ უნდა არსებობდეს?

დანაშაული შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ადამიანი ისე გასამართლდეს, რომ შეკითხვები არ დაუსვან? ვერ დავიჯერებ, რომ "ქართულ ოცნებაში" არ არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ ვერ ამბობენ, რადგან ხმის ამოღება არ შეუძლიათ. მარტო ისინი კი არა, ყველა ერთ დღეში ვართ, სიმართლეს თამამად ვერავინ ამბობს: ხმას ამოიღებ და ვიღაცის მტერი ხარ, სოციალურ ქსელში რაღაცას დაწერ და ტროლ-ბოტების მთელი ქარხანა მოგესევა. რა სამწუხაროა! - ამ ბოროტებაში იმხელა რესურსია დახარჯული, ეს ფული ხალხისთვის რომ დაეხარჯათ, ახლა ასი ნაბიჯით წინ ვიქნებოდით. ე.წ. ტროლები და ბოტები ადამიანებს მორალურად კლავენ, ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, მათ რა დააშავეს, თავიანთი სიტყვით რამდენი ადამიანი დაღუპეს! მეც, სოციალურ ქსელში პირველი კრიტიკული სტატუსი რომ დავწერე, მაშინვე შემომესივნენ და ვინ იცის, რა დამამცირებელი სიტყვებით მლანძღეს. ამ ყველაფრის ასხლეტას ვცდილობ, მაგრამ რამდენი ადამიანია, რომელიც გაანადგურეს? ეს ხომ იგივე მკვლელობაა?! სააკაშვილის დანაშაულებზე მელაპარაკებიან ისინი, ვინც ადამიანებს ყოველდღე წამლავენ და მორალურად კლავენ?! მე არც არავის სიკვდილი მინდა და არც არავის ცუდად ყოფნა, უბრალოდ, მინდა, ჩემი სამშობლო სამაგალითო სახელმწიფოდ იქცეს! ვინ არის ამის პირველი მოწინააღმდეგე? - რუსეთი. ნუთუ, 21-ე საუკუნეშიც ისეთი მთავრობა გვყავს, რომლის წევრებიც რუსეთის დავალებებს ასრულებენ? არ მინდა ეს დავიჯერო! არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ხალხის 30-წლიანი ბრძოლა და წვალება უშედეგო იყო! სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი - პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს? "ოცნებაში" მის მზეს რომ ფიცულობდნენ, სად არის? ფულს გვაძლევსო - მარტო ფული რომ გვადარდებს, სწორედ ეგ გვღუპავს. შეიძლება ის ბევრს დაეხმარა, მაგრამ ამ ადამიანებმა ფულის გამო ყველაფერზე თვალი ხომ არ უნდა დახუჭონ?

და კიდევ, კრიტიკა ვინმეს მტრობას და სიძულვილს არ ნიშნავს. ყველაზე ძვირფას ადამიანსაც კი გავაკრიტიკებ, თუ მისი საქციელი არ მომეწონება. თუ არ გეთანხმები, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს უნდა წავეკიდოთ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გავმართოთ. ადამიანი ფულს გაძლევს და ამის გამო მონად უნდა იქცე?.. აბა მითხარით, ხმა როგორ არ უნდა ამომეღო 5 ივლისს, როცა ვიღაც დაპროგრამებულმა იმბეცილებმა ჟურნალისტებს, არასრულწლოვნებს, ქალებს - ყველას სცემეს? ტურისტებს დასდევდნენ და არავის ინდობდნენ, ვისაც ოდნავ განსხვავებული ჩაცმულობა ან გამომეტყველება ჰქონდა. ბოლოს, ევროკავშირის დროშა თავზე დაგვახიეს და ამ ძალადობის, მტრობის და შუღლის სახელით მართლმადიდებლური ჯვარი დაგვიდგეს მთავრობის სასახლესთან - ამაზე დიდი ფარისევლობა და ბოროტება სადმე გაგიგიათ?! აბა, რა გითხრათ - ეს ადამიანები ჩემს თვალში 21-ე საუკუნის ბარაბები არიან.

- თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობიდან, როცა საზოგადოება ასე პოლარიზებულია და ე.წ. ნაცებად და ქოცებად არის დაყოფილი?

- პირველ ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა "ნაცი" და "ქოცი" ერთი ქვეყნის შვილია. ეს მოგონილი, ხელოვნური დაპირისპირებაა, რომელიც ჩვენი მტრის გულს ახარებს. გამოსავალს კი, ისევ ბრძოლაში ვხედავ: ჩვენი ხალხი არ უნდა დანებდეს, მონობას და ძალადობას არ უნდა გაუჩუმდეს. პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ უნდა ვიმოძრაოთ და მერე მართლა სიამაყით ვიტყვით, რომ ამ სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები ვართ. თუ ყველაფერზე გავჩუმდებით, მომავალ თაობას რას დავუტოვებთ? - ცემა-ტყეპის, დაპირისპირების, ლანძღვა-გინების, ორ ბანაკად დაყოფის მაგალითს? იქნებ სწორედ ამიტომ გარბიან ახალგაზრდები აქედან და ჩვენ რატომ გვიკვირს? თუ ასე გაგრძელდება, დამთავრებულია ჩვენი ამბავი, ამიტომ, ჭირს არ უნდა შევეგუოთ და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ვიბრძოლოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"