რა შეცვლის ქვეყანაში რადიკალურად ვითარებას?! - კვირის პალიტრა

რა შეცვლის ქვეყანაში რადიკალურად ვითარებას?!

"სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, გულის სიღრმეში კი სულაც არ მიიჩნევს, რომ რამე დააშავა. სინანულიც დიდად ვერ შევამჩნიე...“

"მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში! ეს არის დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მე ამ შუშის იქიდან მოგმართავთ, იმის მაგივრად, შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, რომელზეც 2007 წლის ნოემბრის საქმე განიხილებოდა. მას საკმაოდ ხანგრძლივად მიეცა საშუალება მიემართა საზოგადოებისთვის. კიდევ ერთი სხდომა, რომელსაც ის დაესწრო, 2 დეკემბერს გაიმართა. ამჯერად სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავდა. შეგახსენებთ, პროკურატურის ბრალდებით, 2009 წლის 1-ლი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9.024.367 ლარი. სააკაშვილს ამჯერადაც მიეცა ვრცელი სიტყვით გამოსვლის საშუალება. მან ისაუბრა საქმის მასალებზე და საკუთარი არგუმენტაცია დაუპირისპირა წარდგენილ ბრალდებებს. ორივე სასამართლო სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სწორედ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

vaxtangdzabiradze.jpg

- დავიწყოთ იმით, რომ ამ ორი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის თითქმის 50% ერთსა და იმავეზე ილაპარაკა, ანუ გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი პრეზიდენტობისას სახელმწიფო აშენდა, რომ სიბნელიდან სინათლეში გაგვიყვანა და ა.შ. სხვა მხრივ, სცადა შეეფასებინა დღევანდელი ვითარება და დაერწმუნებინა საზოგადოება კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს მართავს პუტინი, მისი მოადგილე თუ მეფისნაცვალი კი ივანიშვილია...

პირველი საქმის განხილვისას ვნახეთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ამბები ლამის მთლიანად აჰკიდა ვანო მერაბიშვილს.

მეორე სასამართლო სხდომაზე თითქოს საპროგრამო სიტყვის მსგავსიც წარმოთქვა, ანუ რა უნდა გაკეთდეს, ამაზე ჰქონდა აქცენტები: რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, ტურიზმის მასშტაბი და ხარისხი გაიზარდოს, ქვეყანა სინგაპურად იქცეს და ა.შ. მისი სიტყვით გამოსვლების მცირე ნაწილი იყო თავის მართლებისა და მობოდიშების ცდა... მნიშვნელოვანია რას ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამას როგორ იღებს მსმენელი.

თუ მის მობოდიშებას დანარჩენ მის ტექსტთან მიმართებაში განვიხილავთ, უფრო ვალის მოხდას ჰგავდა მისი ბოდიში, ძალიან აკლდა გულწრფელობა. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ, სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, გულის სიღრმეში კი სულაც არ მიიჩნევს, რომ რამე დააშავა. სინანულიც დიდად ვერ შევამჩნიე...

ერთ რამეს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რაც, ჩემი აზრით, ნამდვილად საოცარი განცხადებაა. სააკაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს რეფორმა არ და ვერ შეძლო და რომ ეს მიაჩნია თავისი პრეზიდენტობის ყველაზე სუსტ წერტილად. თუ ამ განცხადებას დავუპირისპირებთ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ ის არის "ახალი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი", უეცრად აღმოვჩნდებით რეალობაში, რომ სააკაშვილმა და დანარჩენებმა ააშენეს სახელმწიფო, სადაც სამართალი არ არის. ნამდვილად ასეა და ასეთ სახელმწიფოში კარგა ხანია ვცხოვრობთ, ოღონდ რა არის საამაყო უსამართლო სახელმწიფოს შექმნაში, არ ვიცი... სახელმწიფო იძულების ინსტრუმენტია, ერთადერთი, რაც მის ძალას ზღუდავს და აკონტროლებს, არის სამართალი. თუ სამართალი არ არის ქვეყანაში, მაშინ სახელმწიფო იქცევა აგრესიული ავტორიტარიზმის წყაროდ. ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვთქვა - სასამართლო რომ არ ვარგოდა და ქვეყანას სამართალი სჭირდებოდა, სააკაშვილმა ამაზე ლაპარაკი დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას. ბევრს ახსოვს, ალბათ, მათი პერფორმანსები, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მიტანილი კუბოები და ა.შ. ანუ სააკაშვილმა ეს პრობლემა მშვენივრად იცოდა, მაგრამ როდესაც ხელისუფლებში მოვიდა, გადაწყვიტა, რომ თავისუფალი სასამართლო არ სჭირდებოდა. სააკაშვილი დღეს უამრავ პრეტენზიას უყენებს ამ ხელისუფლებას: უსამართლობას, კორუფციის ზრდას და ა.შ., მაგრამ უნდა იცოდეს, რომ იმ სახელმწიფოში, რომლის შექმნასაც იბრალებს, ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც მისი მმართველობისას, დღესაც უსამართლო სახელმწიფო გვაქვს. უბრალოდ, ეს ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად აგრესიული, უფრო პასიური ავტორიტარია. ისმის კითხვა: დღევანდელი ხელისუფლება რომ არ ვარგა, ეს ამართლებს წინა ხელისუფლებას? - რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საპირისპირო, ყოვლად არასწორი ლოგიკა მარტო პოლიტიკოსებში კი არა, საზოგადოების დიდ ნაწილშიც გვხვდება. ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, მის წინამორბედს არ ათავისუფლებს ცოდვებისგან. ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აშინებს, თუ სააკაშვილს გაასამართლებთ, თქვენც იგივე მოგიწევთო.

- ე.წ. პიჯაკების საქმეზე საუბრისას სააკაშვილი შეეცადა საკუთარი არგუმენტებით გაექარწყლებინა ბრალდებები...

- მოდი, განვიხილოთ ერთი ეპიზოდი, შვილის დაფინანსების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობისას ბევრი სტუდენტი დააფინანსეს და მისი შვილიც მათ შორის იყო. არ ვდავობ, მართლაც იღებდნენ ახალგაზრდები დაფინანსებას, დარწმუნებული ვარ, მისი ვაჟიც იმსახურებდა, რადგან ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მაგ საქმეში ერთი ძალიან საჩოთირო შეკითხვა არსებობს - იმ ხალხზე დახარჯულ თანხებსაც, რომელთა სწავლაც ბიუჯეტიდან დაფინანსდა, გრიფი "საიდუმლო" დაადეს? ვიმეორებ, ვისი შვილიც უნდა იყოს, ნიჭიერი­ ახალგაზრდა, ვინც აკმაყოფილებს დაფინანსებისთვის საჭირო კრიტერიუმებს, უნდა დაფინანსდეს, მაგრამ რატომ საიდუმლოდ?! ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვებს­... იგივე ითქმის ამ საქმის სხვა ეპიზოდებზეც. თუ ყველაფერი რიგზე იყო, რა საჭირო იყო ამ ხარჯების გასაიდუმლოება?! თუმცა მე რასაც ვამბობ, კერძო, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეფასებებია, პროკურატურას კი აქვს ვალდებულება, რომ ყველა ამ ეპიზოდზე ილაპარაკოს ფაქტებით და თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, ზედმიწევნით დაასაბუთოს.

- ისეთი პირი უჩანს, კვლავ საჯილდაო ქვად იქცევა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც დიდწილად თითქმის შეთანხმებული იყო. ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილის თქმით, არ არის გამორიცხული საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი ისევ გადაიხედოს...

- მოდი, გადავხედოთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე განვლილ პერიოდს და გავიხსენოთ, რომ ამ არჩევნებამდეც და შემდგომაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება იყო მწვავე. თუ უფრო შორს წავალთ და გავიხსენებთ, ე.წ. ნულოვან ბარიერზე ივანიშვილის პირველ განცხადებას, ოპოზიცია მას შემდეგ უშვებს და უშვებს შეცდომებს. როგორც კი ეს განცხადება გაკეთდა, მაშინვე, ცხელ გულზე უნდა მიღებულიყო ცვლილებები, მაგრამ მაშინაც ოპოზიციის შეცდომების ხარჯზე ხელისუფლებამ ეს ინიციატივა ლამის უკან წაიღო. საქმე ის არის, რომ ოპოზიციაში არის ორი მხარე: ერთია "ნაციონალური მოძრაობა" და მეორე - დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად. ამ ჯამურ ოპოზიციას დაბალი ბარიერი ხელს აძლევს, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეა, "ნაციონალური მოძრაობა". ის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი მას მისცემს ხმას და არა პატარა პარტიებს, რომელთაც ამ მაღალი ბარიერის გადალახვის შანსი არ ექნებათ. გახსოვთ, ალბათ, დიდი ჩხუბის, კამათისა და უცხოელი პარტნიორების ჩარევის შემდეგ შარშანდელი არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. ოპოზიციამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც მიიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, ეს გამოეყენებინათ, ერთიანი ძალით მალევე შეეტიათ ხელისუფლებისთვის და ეცადათ საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრობლემის შექმნა, ისევ ქუჩაში გაიქცნენ და საბოლოოდ დაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი დრო. სამწუხაროდ, ოპოზიცია ბოლო დროს ვერ ხედავს პრიორიტეტებს და მისთვის მნიშვნელოვან ტაქტიკურ სვლებს­. მას სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რაც დასაძრახი სულაც არ არის, მაგრამ იქამდე მისასვლელად აქვს მხოლოდ ერთი გზა - ქუჩაში პროტესტი, არადა, ამით არაფერი გამოდის. "ქართულმა ოცნებამ" ეს მშვენივრად იცის. ამიტომაც, თუ შარშანდელი საპროტესტო აქციებიდან დღემდე გადავავლებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამგვარი დაპირისპირება მოიგო სახელისუფლებო პარტიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩათვლით. ოპოზიცია ისევ არაფერს ცვლის - როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქცეოდა, ახლაც, უკვე ადგილობრივი საკრებულოების დონეზე, ისევე იქცევა. სადაც კვორუმის შეკრებას და თავმჯდომარის არჩევას ოპოზიციური ხმები სჭირდებოდა, ყველგან ჩაიშალა სხდომები.

policia2-1638692904.jpg

მოკლედ, დაბალი საარჩევნო ბარიერი "ნაციონალურ მოძრაობას" დღესაც არ სურს, თუმცა იძულებულია ოპოზიციური ერთიანობის შენარჩუნებისთვის რაღაც გააკეთოს, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა. არადა, ხელისუფლებას არ უნდა მისცე მსგავსი შეთანხმებიდან გასვლის საშუალება, უნდა იმუშაო მასთან, ელაპარაკო... რა მოიგეს იმით, რომ "ქართულ ოცნებას" მისცეს მიშელის შეთანხმებიდან გასვლისთვის მიზეზი იმით, რომ შეთანხმებას დროულად ხელი არ მოაწერეს? - არც არაფერი. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს და როგორ უნდა მიაღწიოს ამას. აგერ "ევროპული საქართველო" გაიძახის, საერთოდ დავტოვოთ ყველაფერიო, მაგრამ მერე რას აპირებენ, სად მიდიან?

გაიძახიან, მასობრივი პროტესტიო. არ არის ჩვენს საზოგადოებაში ისეთი საპროტესტო განწყობა, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდეს. ხანდახან მიკვირს, რატომ ვერ ხედავენ ამას. 2 სასამართლო სხდომა ჰქონდა სააკაშვილს. პირველზე ხალხს მოუწოდა, მოდით სასამართლოს შენობასთანო. მერე რა მოხდა, მივიდა აურაცხელი ხალხი? არ არის ეს საპროტესტო მუხტი. თუ "ნაციონალური მოძრაობა" ასე გააგრძელებს, "ქართული ოცნება" კვლავაც შეეცდება გამოიყენოს ეს არეულ-დარეულობა და სულაც არ მიიღოს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც სახელმწიფოსთვისაა აუცილებელი. ქვეყანას სჭირდება, რომ ამ პატარა პარტიებმა მოახერხონ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა... კობახიძემ თქვა, ორიოდე ქვეყანა თუ მოიძებნება ევროპაში, სადაც 5%-ზე დაბალია ბარიერიო, და ამას მოაყოლა, დაბალი ბარიერით შეიძლება არასტაბილური გარემო მივიღოთ, ჭრელი იქნება პარლამენტი და გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შევძლებთო... რაც ახლა ზოგიერთი ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხდება, განა ოპოზიცია მის ამ ნათქვამს არ ამყარებს?! ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც დატოვოს 5%-იანი ბარიერი.

ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ ლიდერს რეალობა ქმნის და ეს არ ხდება პირიქით. სააკაშვილმა რამდენიც უნდა მოუწოდოს ხალხს, საკარმიდამო ნაკვეთებში შექმენით წინააღმდეგობის კომიტეტებიო, მერე რა იქნება, შექმნიან და სახლში დასხდებიან?! დღეს არ არის საზოგადოება მასობრივი პროტესტისთვის მზად. ხვალ შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკა დღევანდელობის რეალიზაციაა და არა ხვალინდელი დღის. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, ამაზე ფიქრობენ, განიხილავენ, აანალიზებენ?

- რიგაში გამართულ ნატოს მინისტერიალზე კვლავაც ითქვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ქვეყნის დასავლურ კურსს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... ამის პარალელურად ბრიუსელში "ასოცირებული ტრიოს" შეხვედრების დროს, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს შესახებ ასეთი რამ განაცხადა: "საქართველოში საჭიროა თანამიმდევრულად და დამაჯერებლად მივყვეთ დაგეგმილ რეფორმებს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და ავტორიტეტიანი ინსტიტუტების მხარდაჭერით". თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს განცხადება ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამიტს დიდ იმედსა და მოლოდინს უკავშირებენ. გასათვალისწინებელია ისც, რომ საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრებაზე გააკეთებს განაცხადს...

- ხვალვე შეიძლება გააკეთო განაცხადი, მაგრამ მთავარი ის არის, ამას რა მოჰყვება და მოვლენები როგორ განვითარდება შემდგომ. ჯერჯერობით საიმედო პირი არ უჩანს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება და ეს საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. რაც შეეხება მიშელის განცხადებას, რა თქმა უნდა, დასავლეთს აქვს პრეტენზიები, უპირველესად სასამართლო სისტემასთან და ასევე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საჭირო რეფორმების შეფერხების გამო. თუ არ დავიწყებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას, ევროკავშირში გაწევრების განაცხადი განაცხადად დარჩება, ისევე როგორც ნატოსთან ურთიერთობა. "ქართული ოცნება" გვიმტკიცებს, მიუხედავად დასავლეთიდან კრიტიკისა, ჩვენ გველაპარაკებიან და დიდი პერსპექტივებიც გვაქვსო, მაგრამ ეს უფრო მათ პიარად განიხილება, ვიდრე რეალურ სურვილად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტს, დიდად წელგამართული ვერ მივდივართ ისევ და ისევ შენელებული რეფორმების გამო.

თუ რეგიონის პერსპექტივაზე ვილაპარაკებთ, დასავლეთს აქვს ინტერესი ამ რეგიონში. ის ყველაფერს აკეთებს, რომ გავლენა გაიძლიეროს, მაგრამ დღეს უკრაინასთან შექმნილი დაძაბულობა, რომელიც ლამის საომარი მოქმედების დაწყების ზღვარზეა, ვფიქრობ, შეაფერხებს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე შეეცდებიან არ მისცენ რუსეთს მათი გადაწყვეტილების თუნდაც პროპაგანდისტული მიზნით გამოყენების საშუალება.ჩვენ ამიერკავკასიაში უდიდესი როლის თამაში შეგვიძლია, თუ მართლაც გავატარებთ იმ რეფორმებს, რომელთაც დასავლეთი მოითხოვს და რაც ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელია. ეს ქვეყანაში კარდინალურად შეცვლის ვითარებას.ჩვენთან ამ რეფორმებს განიხილავენ როგორც ევროკავშირში შესვლის პირობას. არადა, მას სხვაგვარად უნდა შევხედოთ - ამით ჩვენი სახელმწიფო წავა წინ, მისი როლი გაიზრდება რეგიონში. განცხადებები კი არ არის საჭირო იმაზე, რომ ჩვენი კურსი დასავლურია, საქმე გვჭირდება. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ფუნქციონირებდეს ისე, როგორც დასავლეთში. აი, ეს იქნება დასავლურ ოჯახში ჩვენი გაწევრების პირობა. რეალური პროდასავლურობა განცხადებები კი არ არის, არამედ აქ უნდა ააშენო სახელმწიფო იმ სტანდარტებითა და პრინციპებით, რომელთაც ემყარებიან დასავლური დემოკრატიული ქვეყნები. აი, ეს იქნება გაცილებით დიდი დარტყმა რუსეთისთვის, ვიდრე ევროკავშირში ან ნატოში გაწევრება. ეს იქნება უდიდესი მნიშვნელობის ამბავი, საქართველო გახდება მიმზიდველი და სამაგალითო ქვეყანა ჩვენ ირგვლივ არსებული სახელმწიფოებისთვის, ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. რუსეთი სწორედ ამას უშლის ხელს, ცდილობს რეფორმები არ გატარდეს და ასე დატოვოს საქართველო თავის ორბიტაზე. ამ რეფორმების გატარებისთვის მზაობას დღევანდელ ხელისუფლებაში ხომ ვერ ვხედავ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არც ოპოზიციაში ჩანს.