"არ ვიცი, რა საწამლავ­წასმული კენჭი გავკვნიტეთ და გადავყლაპეთ... ჯიუტი თხებივით რქებით ვასკდებით ერთმანეთს... და ცივსისხლიანი ბარბარუსები ზეიმობენ ჩვენს ბედოვლათობას" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რა საწამლავ­წასმული კენჭი გავკვნიტეთ და გადავყლაპეთ... ჯიუტი თხებივით რქებით ვასკდებით ერთმანეთს... და ცივსისხლიანი ბარბარუსები ზეიმობენ ჩვენს ბედოვლათობას"

"ვიცით, რომ მტერი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ჯიუტი თხებივით რქებით ვასკდებით ერთმანეთს“

რა გვასწავლა დრომ, რატომ გაუგულგრილდა საზოგადოება სხვის სატკივარს და როგორ შევიცვალეთ ბოლო ხანებში, ამის შესახებ მწერალი, ფოლკლორისტი­ ამირან­ არაბული გვესაუბრა.

- მთიანეთში, სადაც ჯერ კიდევ იკითხება ძველთაძველი სახალხო დიპლომატიისა თუ სამართლებრივი ნორმების მკრთალი­ ნაკვალევი, ბრძნულ განსჯათა და გადაწყვეტილებათა ამსახველი არაერთი­ სამაგალითო ანდრეზი არსებობს. კონკრეტული­ სოფლის, თემის თუ ტომის მკვიდრნი, მათ შორის როგორი მწვავე უთანხმოება და შუღლი უნდა ყოფილიყო, საერთო მტრის წინააღმდეგ დაირაზმებოდნენ­, მუშტად შეიკვრებოდნენ და ერთობლივი ძალით შეებრძოლებოდნენ მომხდურს. ახლა კი არ ვიცი, რა საწამლავ­წასმული კენჭი გავკვნიტეთ და გადავყლაპეთ, რომ ერთმანეთის ლანძღვა­-გინების, შურისა და სიძულვილის მოჯადოებული ველიდან ვეღარ გამოვდივართ?! გგონიათ, ყველაფერი სხვისი ბრალია? არა, ავისმსურველებს ვახარებთ, მათთვის მოსაწონი უზნეობისა და უგვანი საქციელის წყალობით სამშობლოს თვალსა და ხელს შუა ვშორდებით და ვემშვიდობებით. დამღუპველია ასეთი ურთიერთგაუცხოება და "უგრძნობელობის გზაზე შადგომა". იქნებ გაგვეხსნას გონება, დავინდოთ სხვაც და საკუთარი თავიც, თორემ ვაი-ვიში და თითზე კბენანი ხვალ გვიანი იქნება!

არ ვიცი, როდემდე უნდა ვფხიზლობდეთ და ვიძინებდეთ დასტრესილები, წაქცევამდე დაღლილები და ავისა თუ უარესის მოლოდინით დათრგუნვილები?! მაშინ, როდესაც აქეთ "კორონა" გვანადგურებს, იქით, მზერის გაწვდენაზე, ცივსისხლიანი ბარბარუსები ზეიმობენ ჩვენს ბედოვლათობას.თანამედროვე მწერლების სიტყვა თუ არ გვესმის, გალაკტიონის ტკივილი მაინც გავითავისოთ: "რაა მასზე გულდამწყვეტი, მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე - ეს არ არის საქართველო!.."

ყველაფრის საფუძველი უსიყვარულობაა, გათითოკაცება და ერთ წრეზე სიარული. გამოსავალი ერთია, დავინახოთ, რა მოგვცა ერთმანეთის ჯიბრით ცხოვრებამ... თითქოს წყევლაა ქართველი ერის მუდამ დახლეჩა. ზოგჯერ იმდენად ვირევით, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაც გვიჭირს. არადა, ვიცით, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა - თუ რომელიმე მხარემ არ დათმო, ვერაფერს მიაღწევენ, ვერც თავად, ვეღარც სახელმწიფო. დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ეს საქმე არ იციან, დაუსრულებელ დაპირისპირებას ქვეყანას­ ნუ გადააყოლებენ. დაიღალა ხალხი... ამაზრზენია, რაც ახლა ხდება, რა დააშავა ასეთი ქვეყანამ, რომ წინსვლის უფლებას არ ვაძლევთ. ვერ წარმომედგინა, ქართველებს ამდენი ზიზღის გამოხატვა ერთმანეთის კი არა, საზოგადოდ, კაცის, ღვთისშვილის მიმართ თუ შეგვეძლო. ორივე მხარის მისამართით ვამბობ, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, რადიკალურ მხარეებად დაყვეს ხალხი. სამართალს სად წაუვლენ? რაც მალე მიხვდებიან პოლიტიკოსები, რომ ეს დამღუპველია სახელმწიფოსთვის, უკეთესია. კარგი იქნება, თუ მოსახლეობაც მიხვდება, რომ თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს, თორემ თუ რაღაც ზღვრამდე მივედით, იმის იქით უკვე უდაბნო, უფსკრული და ქაოსია. იქნებ სადმე გავჩერდეთ. თუ პირად, ხშირად არაჯანსაღ ამბიციებს სამშობლოს გადავაყოლებთ, ამას თაობები არ გვაპატიებენ.

დროის კარგვის ფუფუნება არა გვაქვს.­ სრულიად უსაგნო, არარსებულ საკითხებზე­ გაუთავებელი კამათი ტრაგიკომედიად იქცა. ყველაზე მთავარი, სახელმწიფოს ინტერესები, არც გვახსოვს, არადა, ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და დღემდე გოჯა-გოჯა­ გვაჭრიან მიწას... კამერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანხლებით დადიან იქ, თორემ ვის ადარდებს, რა პირობებში უწევს ცხოვრება­ და არსებობისთვის ბრძოლა ე.წ. საზღვართან ან მის მიღმა ჩვენს ქართველებს? მათ მიწის დამუშავება, საქონლის მოვლა, ძილი ავტომატის ლულის პირისპირ რომ უწევთ, გვახსოვს? ჩემს მამულში, ეზო-კარში მტერი კარსაა მომდგარი, ჩვენ კი აბსურდული რაღაცებით ვართ დაკავებული­. ზოგჯერ მრცხვენია მათი. რა გვჭირს ასეთი უსაშველო, რომ ჩვენი მოსარჩენი წამალი და მალამო ვერ ვიპოვ­ეთ, ამ ერთმა მუჭა ხალხმა რით ვერ შევიყვარეთ ერთმანეთი...

არ ვიცი, ამ ქაოსში ვინ არის დამნაშავე, ალბათ, ყველა ერთად ან ცალ-ცალკე. ყველაზე მეტად პოლიტიკოსებმა შესცოდეს. მათი უმეტესობა ანგარე­ბით არის შესული პარლამენტში, თორემ ხალხის ბედი არც ანაღვლებთ. ქვეყანა საჯიჯგნად გავიხადეთ. ყველაფერს გვაჩვევენ, პირველ რიგში, იმედგაცრუებას... ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში გარბის, თავშესაფარი გახდა, და თუ რამე არ გამოუვიდა, თავს იმართლებენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მომცეს, ამიტომ პოლიტიკაში მივდივარ, პარტიას ვაარ­სებ, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო. თუ გასაძრომ-გამოსაძრომი იპოვა, მოდის კიდეც და რატომ გვიკვირს, ამდენი­ წარუმატებლობა? ერთხელ რომ მოვლენ, წასვლაც არ სურთ. ყველაფერზე მიდიან მის შესანარჩუნებლად, თუ დაკარგული აქვს, დასაბრუნებლად...ვიცით, რომ მტერი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ჯიუტი თხებივით რქებით ვასკდებით ერთმანეთს. თითქოს გენეტიკური წყევლაა. ასე ხდებოდა ბაგრატიონების მეფობიდან მოყოლებული, ეროვნული ერთიანობის იდეა, მხოლოდ თეორიულად არსებობდა, თორემ მისი ხორცშესხმა მუდამ გვიჭირდა.

ჩვენი ქვეყნის მეფეების უმეტესობა ერთიანი სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ, მაგრამ სულ რამდენიმეჯერ ვიყავით ერთიანი. ახლაც დანაწევრებულია საქართველო­, მაგრამ უიმედობა მაინც არ მინდა. რადგან აქამდე მოვედით, შიდა შუღლსაც უამრავჯერ მოვერიეთ და საკუთარი თავის ნაკლოვანებებზეც გავიმარჯვეთ, მგონია, ქვეყნისა და ხალხისთვის ცუდი საქმის შეგნებულად თუ გაუაზრებლად მკეთებლებიც შეცვლიან დამოკიდებულებას. საზოგადოებაც გავიაზრებთ, რომ ევროპაშია ჩვენი ხსნა, მაგრამ ყველასთან უნდა დავალაგოთ­ ურთიერთობა. ტრადიციების­ შენახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ევროპისა და ამერიკისგან კი ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, პრობლემის პრაგმატულად გადაწყვეტა უნდა ვისწავლოთ. ერთი პატარა გადაცდომა და, მაშინვე ბრბოს ვემსგავსებით. არადა, საქართველოს ყოველთვის უწევდა სცილასა და ქარიბდას შორის გავლა, მაგრამ ერთი რამ სულ მაკვირვებდა, ისტორიულ მეხსიერებას, წარსულის გამოცდილებას ვერ და არ ვიყენებთ.