"ვერდიქტი, რომ "ომიკრონი“ "დელტასთან“ შედარებით გაცილებით მძიმე დაავადების გამომწვევია, ჯერ არ არსებობს“ - კვირის პალიტრა

"ვერდიქტი, რომ "ომიკრონი“ "დელტასთან“ შედარებით გაცილებით მძიმე დაავადების გამომწვევია, ჯერ არ არსებობს“

"სანამ გაირკვევა,­ რა ხიფათის შემცველია "ომიკრონი“, ჯანმომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, გაააქტიუროს ვაქცინაცია და რაც მთავარია, გაააქტიუროს ბუსტერდოზებით ვაქცინაცია“

სამხრეთ აფრიკაში "ომიკრონის" გამოჩენამ ახალი თავსატეხი გაუჩინა მსოფლიოს. ამ მუტაციას აქტიურად სწავლობენ, თუმცა­ ჯერ კიდევ არ არის ბევრი რამ ცნობილი. პანდემიასთან დაკავშირებულ დღეისათვის საინტერესო კითხვებზე თსსუ-ის პროფესორი, იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება.

- ეს ახალი მუტაცია პირველად 9 ნოემბერს დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ის ძალიან სწრაფად გავ­რცელდა ქვეყანაში და ასევე ოპერატიულად­ მოხერხდა მისი გენომის გაშიფვრა - 25 ნოემბერს ჯანმოს უკვე ჰქონდა ინფო­რ­მაცია ახალი მუტაციის შესახებ. ყველ­აზე­ მთავარი, რაც ჯანმოს შეშფოთების საფუძველი­ გახდა, იყო მუტაციების რაოდე­ნობა და მათ შორის უნიკალური,­ დღემდე დაუფიქსირებელი მუტაციების არსებობა. ამ ახალ ვარიანტში, 50 მუტაცია დაფიქსირდა, მათგან 32 შეეხებოდა ე.წ. სპაიკცილებს, ხოლო ამ 32-დან 10 მუტაცია იყო ისეთი, რაც განსაზღვრავდა და აიოლებდა ვირუსის მიწებებას უჯრედის რეცეპტორთან. ამ ყველაფრის გათვალისწინე­ბით, ჯანმომ იმსჯელა­ და ეს მუტაცია მიაკუთვნა ე.წ. შეშფოთების ვარიანტების კატეგორიას. დღეისთვის­ ჯანმო­ განსაზღვ­რავს 2 ტიპის მუტაციას: ინტერესისა და შეშფოთების. "ინტერესის ვარიანტი" არ ხასი­ათდება უფრო იოლი გადამდებლობით,­ უფრო მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლით, მაღალი ლეტალ­ობით. უფრო მძიმე, უფრო სახიფათო მუტაციებს ჯანმო "შეშფოთების­ ვარიანტებს"­ უწოდებს. "შეშფო­თების ვარიანტები" საქარ­თ­ველოში ცნობილია: "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა". ამ 4 "შეშფოთების ვარიანტის" მუტა­ციიდან პირველი, "ალფა" ანუ ე.წ. ბრიტა­ნული შტამი საქართველოში იყო "პასუხისმგებელი" პანდემიის მესამე ტალღაზე,­ ხოლო პანდემიის მეოთხე და მეხუთე ტალღებზე "პასუხისმგებელი" უკვე "დელტა" გახდა და ის 1-ლი აგვისტოდან დღემდე დომინანტური ვარიანტია.

როდესაც ვლაპარაკობთ მუტაციის საშიშროებაზე, ჯანმო განიხილავს 3 აუცილებელ კრიტერიუმს: 1. მუტაცია უნდა იყოს უფრო იოლად გადამდები, უფრო იოლად აღწევდეს უჯრედში; 2. უნდა იყოს უფრო პოტენციურად საშიში და განაპირობებდეს უფრო მძიმე შემთხვევებს; 3. უნდა ჰქონდეს უნარი დაუსხლტეს ვაქცინებს, ანუ ვაქცინების ზემოქმედება მასზე უნდა იყოს ნაკლები,­ ვიდრე სხვა ვარიანტების შემთხვევაში. ამ 3 შესაძლო კრიტერიუმიდან დღეისთვის ცნობილია, რომ "ომიკრონს" აქვს პირველი კრიტერიუმი.­ ის უფრო იოლად­ გადამდებია იმიტომ, რომ აქვს ბევრი სხვადასხვა მუტაცია, რომლებიც განაპირობებს მის უფრო იოლ შეღწევადობას­ ორგანიზმში. ერთი, რაც ძალიან მნიშვნელო­ვანია ისიც სავსებით შესაძლებელია, "ომიკრონი" უფრო აგრესიული და მეტად ლეტალობის გამომწვევი გახდეს. ექსპერტების ნაწილის აზრით, ამ სწრაფი გავრცელების უკან შესაძლებელია იდგეს უფრო სუსტი კლინიკური მიმდინარეობის ვირუსი - ანუ შეიძლება უფრო მეტი ადამიანი დასნებოვნდეს, მაგრამ იყოს როგორც გაცივება. ასეც არის კიდეც სამხრეთ აფრიკაში - შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქია. პაციენტებს 2 დღის განმავლობაში აქვთ თავის ტკი­ვილი­ და სისუსტე. ძალიან იშვიათად­ ხვდებიან საავადმყოფოში და 25 ნოემბრიდან დღემდე არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა "ომიკრონით" არ დაფიქსირებულა. ასე რომ, ვერდიქტი, არის თუ არა "ომიკრონი"­ "დელტასთან" შედარებით გაცილებით მძიმე დაავადების გამომწვევი, ჯერ არ არსებო­ბს­. თუმცა, სწრაფად რომ ვრცელდება, ამის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ 25 ნოემ­ბერს, სულ 6 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული, 1 კვირის შემდეგ კი უკვე 30 ქვეყანაში.

- რამდენად ეფექტური იქნება დღეს არსებული ვაქცინები "ომიკრონის" წინააღმდეგ?

- თუ დადასტურდა, რომ "ომიკრონი" უფრო სახიფათოა, ვიდრე "დელტა", "ფაიზერი" და "მოდერნა" განიხილავენ ამ მუტაციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. "ფაიზერი" ამბობს, რომ 100 დღეში შექმნის ვაქცინას, ანალოგიური გეგმა აქვს "მოდერნასაც", თუმცა "ფაიზერი" არ ფიქრობს, რომ შესაძლებელია ეს მუტაცია საშიში იყოს, "მოდერნას" წარმომადგენლები კი პირიქით ფიქრობენ - "დელტაში" 22 მუტაცია იყო, მაგრამ ყველა ვიცოდით, საიდან იყო. "ომიკრონში" კი არის მუტაციები, რომლებიც ჯერ არ დაფიქსირებულა SARS-CoV-2-ის არც ერთ შემთხვევაში. როგორც ჯანმო ამბობს, სანამ გაირკვევა,­ რა ხიფათის შემცველია "ომიკრონი", მოუწოდა ყველა ქვეყანას, გაააქტიუროს ვაქცინაცია და რაც მთავარია, გაააქტიუროს ბუსტერდოზებით ვაქცინაცია. ორი რამ არის მნიშვნელოვანი: 1. ეს მუტაცია იმ ქვეყანაში დაფიქსირდა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს, სამხრეთ აფრიკაში რომ ყოფილიყო 65%, სავარაუდოდ, ეს მუტაცია არ გაჩნდებოდა. სწორედ ამიტომ ჯანმო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ ვაქცინაცია უნდა გაააქტიუროს. ბუსტერი იძლევა გაცილებით მყარ, ძლიერ და ხანგრძლივ იმუნიტეტს, ვიდრე ორიგინალი ვაქცინა - ანუ "ფაიზერის" ვაქცინა მეორე დოზის შემდეგ თუ 91-95%-ში ეფექტურია, ბუსტერი ეფექტი 98-99%-ს აღწევს. ბუსტერგაკეთებული ადამიანი გაცილებით წინააღმდეგობისუნარიანი იქნება "ომიკრონის" მიმართ.

- როდის შეიძლება ჩამოაღწიოს ჩვენთან?

- იმისათვის, რომ სახიფათო გახდეს, მილიონობით შემთხვევა უნდა იყოს. მაგალითად, 15 მაისს დაფიქსირდა "დელტა" მუტაცია და 1-ლ აგვისტოს გახდა დომინანტური. ამისთვის ორ-ნახევარი თვე დასჭირდა. თუ "ომიკრონი" უფრო მეტად გადამდებია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შემთხვევიდან დომინანტურამდე თვე-ნახევარი მაინც დასჭირდება.

- ახლახან მწვანე პასპორტები შემოიღეს...

- მწვანე პასპორტების შემოღებამ მკვეთრად გაზარდა ვაქცინირე­ბ­ულთა რიცხვი. 10-დან 15 ნოემბრამდე 2-3 ათასი იყო საშუალოდ­ ვაქცინირებულთა ყოველდღიური­ რიცხვი. ბოლო დღეების განმავლო­ბაში საშუალო მაჩვენებელმა 11 ათასი შეადგინა. მაგრამ ქვეყანა "ომი­კრონს" მეტ-ნაკლებად მომზადე­ბუ­ლი რომ შეხვდეს, დღეში 30-35 ათასი ვაქცინირებული უნდა გვყავდეს.

- დღეს რამდენი პროცენტია აცრილი?

- 3 მილიონ 700 ათას კაცში 700 ათასი­ ბავშვია, 3 მილიონი კი მოზრდილი მოსა­ხლეობა, რომელთაგან მილიონი გვყავს აცრილი, ანუ 33%, მაგრამ გვჭირდება 60%.

- ყალბი კოვიდპასპორტების დამზადებისთვის რამდენიმე მედმუშაკი დააკავეს...

- ექიმი, რომელიც ამას აკეთებს, ის ექიმი არ არის. მათ ხომ იციან, რა რისკის მატარებელია ყალბი კოვიდპასპორტი?! ყალბი პასპორტის ამღები კი პოტენციური მკვლელია!

- რაში ეთანხმებით და რაში არა მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ წესებს?

- ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა მწვანე პასპორტი პირს მიეცეს კორონავირუსის გადატანიდან 6 თვის ვადით.

- ბუსტერი რამდენ ხანში კეთდება?

- მეორე დოზის გაკეთებიდან "ფაიზე­რისა" და "ასტრაზენეკას" შემთხვევაში 5 თვეში, ჩინურით ვაქცინირებულებისთვის - 3 თვეში. "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერით" აცრილებისთვის ბუსტერი უნდა იყოს "ფაიზერი", რადგან "ასტრაზენეკა" ამჟამად არა გვაქვს. "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აცრილებისთვის ბუსტერდოზა უნდა იყოს ან ის ვაქცინა, რომლითაც აცრილი იყო პირი, ან "ფაიზერი".