"სააკაშვილს ერთ დროს მისი მორჩილი სასამართლო დღეს ბუმერანგივით მოუტრიალდა და ცხვირში მოხვდა“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ერთ დროს მისი მორჩილი სასამართლო დღეს ბუმერანგივით მოუტრიალდა და ცხვირში მოხვდა“

"სისტემის დანგრევის მთავარი არსი იყო ბადრი კოჭლამაზაშვილის მსგავსი მოსამართლეების მოცილება, კოჭლამაზაშვილმა თუ ერთხელ მიიღო პოლიტიკური შეკვეთა, მეორედ რატომ არ მიიღებს?“

"ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამ ნაბიჯს ნაკლებ კვალიფიკაციას ვერ მივცემთ", - ასე აფასებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე­ პარლამენტის გადაწყვეტილებას, მხარი დაეჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისთვის. რატომ მიიჩნევს პარლამენტის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად, რას ფიქრობს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე ანა დოლიძე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება:

- რეფორმების გატარებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა იმიტომ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რის ფასად? იმის ფასად, რომ "ქართულმა ოცნებამ" კლანთან დადებული გარიგება დაიცვას. შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნება" მურუსიძესთან 2013-2014 წლებში დადებული შეთანხმების მსხვერპლია. როგორც ჩანს, კლანი ყველაფერს გააკეთებინებს მმართველ გუნდს, თუნდაც ეს ჩვენი შვილების ევროპული მომავლის დაკარგვად დაგვიჯდეს.

- კელი დეგნანმა უკმაყოფილება გამოხატა მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გამო... მმართველი გუნდის ლიდერების აზრით კი უზენაესი მოსამართლეების­ არჩევა და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.­ ამა­სთან, სასამართლოებში უამ­რავი­ განსახილველი საქმეა და მოსამართლეები აღარ ჰყოფნით.

- ჯერ ერთი, არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ხელისუფლების დაბალანსებისთვის "ოცნებას" არ უნდა დაენიშნა რვა მოსამართლეზე მეტი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ასევე პირდაპირ არის მითითებული, თუ რატომ უნდა დაეტოვებინათ ვაკანსიები. ესე იგი, სასამართლო არ უნდა ყოფილიყო ერთი პოლიტიკური ძალის მიერ დაკომპლექტებული, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც უნდა მისცემოდათ მოსამართლეების შემდგომი წყების დანიშვნის შესაძლებლობა. სწორედ ამ რეკომენდაციებს ეყრდნობა ევროკავშირიც. მმართველი გუნდის მიერ 28 ვაკანსიის სრულად შევსება პირდაპირ ნიშნავს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას. რაც შეეხება მოსამართლეების არასაკმარის რაოდენობას, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა სავსებით საკმარისია. უბრალოდ, მმართველმა გუნდმა ისარგებლა იმით, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, გადართულია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და იმითაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ქართველი ხალხის მდგომარეობას ითვალისწინებს და სანქციებს არ გვიწესებს. გამოდის, "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხი მძევლად ჰყავს. ევროკავშირმა სანქციები რომ დააწესოს, მმართველი გუნდი კი არა, ჩვენ, ხალხი დავზარალდებით, თუ, რა თქმა უნდა, პიროვნულ სანქციებს არ დააწესებენ.

- სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ვერ შექმნა დამოუკიდებელი სასამართლო.

- სააკაშვილი იყო სრულიად არაადეკვატური და არაგულწრფელი. მან ბოდიში იმიტომ მოიხადა, რომ ერთ დროს მისი მორჩილი სასამართლო დღეს ბუმერანგივით მოუტრიალდა და ცხვირში მოხვდა. სააკაშვილი ვერ აღიქვამს, რომ მისი მმართველობის დროს ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, გაუბედურდა, ოჯახები დაინგრა, ადამიანები ემიგრაციაში წავიდნენ... წარმოუდგენელი რამ თქვა, სანდრო გირგვლიანზე მედავებიან და თავად ლექსო ლაშქარავა მოკლესო. მისი სიტყვა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური თამაში იყო. სიმართლე ასეთია: სანდრო გირგვლიანიც სისტემის მსხვერპლი იყო და ლექსო ლაშქარავაც.

ana-dolidze-1639291244.png

- თუმცა ამ სისტემას მხოლოდ სააკაშვილი­ არ წარმოადგენდა. მაგალითად, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რომელიც დღეს სააკაშვილის საქმეს განიხილავს, თავის დროზე გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსჯავრდადებულებს სასჯელი გაუნახევრა. თუ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეში დამნაშავეა, პასუხისმგებლობა იმ მოსამართლეებმაც უნდა გაიზიარონ თუ არა, რომლებმაც თავის დროზე გადაწყვეტილებები მიიღეს?

- ეს არის სწორედ იმ სისტემის სახე, რომელიც უნდა დაგვენგრია. რა დევიზით მოვიდა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში - სისტემა უნდა დაინგრესო! რა ქნეს რეალურად? სისტემას თავი მოაჭრეს, ისიც მაშინ, როცა თავად აწყობდათ. სისტემის დანგრევის მთავარი არსი იყო ბადრი კოჭლამაზაშვილის მსგავსი მოსამართლეების მოცილება, კოჭლამაზაშვილმა თუ ერთხელ მიიღო პოლიტიკური შეკვეთა, მეორედ რატომ არ მიიღებს? ვფიქრობ, სწორი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, უზრუნველეყო სააკაშვილისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება. თუმცა ყველაზე სწორი იქნებოდა სასამართლო პროცესი ჰიბრიდული მეთოდით წარემართათ. ეს იქნებოდა გზა, რომელიც არც სააკაშვილს დაუტოვებდა პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებას და ქვეყანასაც წინ წაიყვანდა.

- ჰიბრიდულ მეთოდში, საქმეში უცხოელი მოსამართლეების ჩართვას გულისხმობთ?

- დიახ, ჰიბრიდული პროცესი უნდა წარმართულიყო საქმეში იმ მოსამართლეების ჩართულობით, რომელთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებდა. თქვენ იცით, რომ მე მაქვს ინიციატივა პრეცედენტული სამართლის სისტემის შემოღების შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით, შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური პალატა, რომელიც უცხოეთიდან ჩამოყვანილი მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული. თუმცა, მმართველ გუნდს არ აინტერესებს ეს საკითხი. არც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები აინტერესებთ. მაგალითად, არაერთხელ მივმართე მათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა პრობლემის გამო. დღეის მდგომარეობით 80 000 ახალგაზრდას შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი. ისინი დიპლომებს ვერ აიღებენ, უცხოეთში ვერ წავლენ, მუშაობას ვერ დაიწყებენ, მაგრამ ეს არ ადარდებს ხელისუფლებას.

- როგორ წარმოგიდგენიათ, "ქართული ოცნების" ის ლიდერები, რომლებიც, თქვენი თქმით, სასამართლო კლანთან თანამშრომლობენ, დაზღვეული არიან, რომ სააკაშვილის მსგავსად საკუთარ თავზე არ იწვნევენ ამ შეცდომის თუ დანაშაულის შედეგს?

- მმართველ გუნდს არ ესმის, რომ ის, რაც ახლა სააკაშვილის თავს ტრიალებს, ისტორიული კანონზომიერებაა და ამას ვერც ისინი გაექცევიან.

ხათუნა ბახტურიძე