"პარლამენტშიც აქტიურად ვიბრძოლებთ, საკრებულოშიც და ქუჩაშიც“
"არ ვაპირებთ "ქართული ოცნების“ გულის მოგებას, არც მათი საჩუქრის მოლოდინში ვართ“
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კიდევ ერთი ცდაა, "თავზე გადაახიოს" საზოგადოებას და პარლამენტს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხედვით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი 2% უნდა ყოფილიყო.
- პრინციპული არის არა 2%-იანი ბარიერი, არამედ ის, რომ "ოცნებამ" ისწავლოს, ბოლოს და ბოლოს, თავისი ხელმოწერის პატივისცემა, დადებული პირობის შესრულება. თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდა, სულერთია, რაზე მოელაპარაკები "ოცნებას", პირობას მაინც დაარღვევს. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ქვეყანას აქვს დღეს, სწორედ ერთპარტიული ტირანიის სრული დომინაციაა. გამოსავალი ერთადერთია - მრავალპარტიული მმართველობა, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით უნდა დამყარდეს, რადგან "ოცნება" არ აპირებს დომინანტური მდგომარეობის დათმობას.
- თქვენს განცხადებას გამოეხმაურა მმართველი გუნდი. მაგალითად, გია ვოლსკი ამბობს, რომ გაუგებარია, რა გადაახიეს თავზე ოპოზიციას და რაში გადააგდეს. მისი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციაზე საბოტაჟის პირობებში მუშაობდა და ოპოზიციისგან არც ერთი საქმიანი წინადადება არ მოუსმენია.
- ვერავინ, მათ შორის ვერც ქართველი პოლიტიკოსი და ვერც უცხოელი მედიატორი, იტყვის, რომ "ლელომ" რომელიმე ხელშეკრულება, შეთანხმება ან პირობა დაარღვია. ამ დროს ევროკავშირი და აშშ "ოცნებას" პირდაპირ მოუწოდებდნენ, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება და შეეჩერებინა მოსამართლეების დანიშვნა. ესე იგი, მმართველმა გუნდმა შეთანხმების დარღვევა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ მის ანულირებას მოახდენდა. ამას მხოლოდ ჩვენ კი არა, დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ.
ცოტა ხნის წინ უპრეცედენტო რამ მოხდა, ევროკავშირის დელეგაციამ დემონსტრაციულად უარი უთხრა "ოცნებას" მოსამართლეების კანდიდატურების განხილვის პროცესში მონაწილეობაზე სწორედ იმის გამო, რომ თავხედურად მოიქცნენ და ყველა ვალდებულება დაარღვიეს. სხვათა შორის, ხელშეკრულება, რომლის ანულირებაც "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა, ნატოს კომუნიკეში ნახსენებია როგორც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
- დავუბრუნდეთ კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, სადაც ამბობს, რომ 2%-იანი ბარიერის დაწესება მათ კეთილ ნებასა და ზოგიერთი სუბიექტის ქცევაზეა დამოკიდებული. რა ტიპის ქმედებას ელის ირაკლი კობახიძე "ლელოსა" და მისი მსგავსი პატარა პარტიებისგან და თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ "საჩუქრის" მისაღებად?
- არ ვაპირებთ "ოცნების" გულის მოგებას, არც მათი საჩუქრის მოლოდინში ვართ. ჩვენი ამოცანა ამომრჩევლის გულის მოგებაა. არსებობს შეთანხმება, რომელიც უნდა შესრულდეს. ახალ ვარიანტებზე ლაპარაკი ზედმეტია. ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა სწორად მიანიშნა, ტირანიის რისკია, როდესაც ქვეყანაში ერთი პარტია აკონტროლებს ყველაფერსო. მის განცხადებას ვიზიარებ, მხოლოდ დავძენ, რომ ქვეყანაში ტირანია უკვე დამყარებულია.
- ახალი ოპოზიციური კოალიციის ფორმატში თუ მოიაზრება "ლელო", რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით იქმნება?
- "ლელო" მოქმედებს იმ კოალიციის ფორმატში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ შეიქმნა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს მიგვაჩნია ერთადერთ სწორ გამოსავლად, რომლითაც შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამ შემთხვევაში ოპოზიცია ერთ აზრზეა.
- ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ თქვენი პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო.
- ინსტიტუციები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, იმისდა მიუხედავად, ასრულებს თუ არა "ოცნება" დადებულ პირობებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქციებში არ მივიღებთ მონაწილეობას. პარლამენტშიც აქტიურად ვიბრძოლებთ, საკრებულოშიც და ქუჩაშიც.
- ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, გამოიხსნან ციხიდან. თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას საპროტესტო აქციაში, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება?
- ასეთი აქციები მანამდეც იმართებოდა, მაგრამ მონაწილეობა არ მიგვიღია. მე და მამუკა ხაზარაძეს აბსურდული ბრალდებები წაგვიყენეს, მაგრამ მაინც დავდივართ სასამართლოში. გასაგებია, რომ დღეს სასამართლოს არა აქვს სანდოობა და ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი სასამართლოსთვის, მანამდე კი იმ სასამართლოში უნდა ვიაროთ, რომელიც გვაქვს.
ხათუნა ბახტურიძე