"მიშას რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ, მეტ სისულელეს იტყვის“ - კვირის პალიტრა

"მიშას რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ, მეტ სისულელეს იტყვის“

"დღეს სააკაშვილის პროკურორი რომ ჯარჯი წიკლაურია, მისი პრობლემაა. მან შექმნა ჯარჯი წიკლაური, მან შექმნა ეს მართლმსაჯულება, რომელიც ახლა მას ასამართლებს და დატკბეს ახლა იმით, რასაც საფუძველი თავად ჩაუყარა“

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ის უკვე ორჯერ წარდგა ვრცელი სიტყვით სასამართლოს წინაშე. სააკაშვილს ერთ-ერთ ბრალდებად დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო თანხის, კერძოდ, 9.024.367 ლარის ჯგუფურად გაფლანგვას აქვს წარდგენილი. სააკაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ ფული აუცილებელ საქმეებს და დიდწილად საქართველოს ინტერესებს­ მოხმარდა. ის გამოეხმაურა ასევე საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელმაც გააკრიტიკა წინა სასამართლო პროცესზე არასაკმარისი სინანულისა და ბოდიშის გამო. ამბობს, რომ საზოგადოებასთან ღია დისკუსია სურს და საქართველოშიც ამისთვის ჩამოვიდა. პროკურატურა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე­ რამდენიმე ფაქტის დადასტურებით წაყენებული ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა.­ ბუნებრივია, სხვა პოზიციაზეა დაცვის მხარე და ირწმუნება, რომ სააკაშვილმა ყველა ეჭვი გაფანტა. ყოფილი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი­ კი თვლის, რომ სააკაშვილი რეალობას აცდენილია.

- ეს ადამიანი, როგორც პრეზიდენტობის დროს, ახლაც განდიდების მანიით არის შეპყრობილი. ყველაფერზე მე, მეს გაიძახის, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სინანულის გრძნობა არც ეტყობა. მას ბოდიში არ მოუხდია არაფერზე. რაც თქვა, ისიც ისეთი ბოდიშია, გინდ მოუხდია და გინდ არა. მოწყურებულია რამენაირად ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ფანჯარა გაუჩნდეს გათავისუფლებისთვის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ის, რაც ჩაფიქრებული აქვს, ამ ქვეყნისთვის ძალიან საზიანო იქნება. სააკაშვილს მხოლოდ შურისძიების წყურვი­ლი ამოძრავებს. ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, არა აქვს მნიშვნელობა მის სტატუსს, ის უნდა გასამართლდეს. რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს, დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს. იმის ძახილი, "ქართული ოცნება" ცუდია, სასამართლო ცუდიაო, ვერ იხსნის პასუხისმგებლობისგან. ბიუჯეტის ქურდობა დანაშაულია, კორუფცია დანაშაულია, სასამართლო სისტემის თავის გემოზე მორგება, ინსტიტუციების ჩამოშლა, დანაშაულია. იმავეს რომ აკეთებს "ქართული ოცნება", არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ უნდა გასამართლდეს.

- ექსპერტების ნაწილის აზრით, მაშინ როცა ამდენი ბრალდება აქვს წაყენებული, ადანაშაულებენ ადამიანების წამებაში, არა­ადამიანურ მოპყრობაში, არ არის სწორი, პიჯაკებისთვის რომ ასამართლებენო...

- ცოტა უნამუსობაა, რომ "პიჯაკების საქმე" ჰქვია ამ საქმეს. 9 მილიონის გაფლანგვაზეა საუბარი. სხვა საკითხია 7 ნოემბრის თემა. მისი განხილვისას როგორ იქცეოდა სააკაშვილი? როგორ უნდა სხვას გადააბრალოს პასუხისმგებლობა, მათ შორის თავისი ოჯახის წევრებს. ეს მის სინდისსა და მის კაცობაზე იყოს. არ უარყო, შვილის სწავლა რომ დააფინანსა, და თქვა, ნიჭიერი ადამიანიაო. იცით, რამდენი ნიჭიერი ბავშვი ამთავრებს სკოლას, მაგრამ სახელმწიფო მათი ნიჭიდან გამომდინარე არ აფინანსებს მათ განათლებას. ესეც ცინიკურია, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მის შვილს ღმერთმა წარმატება მისცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი შვილი უნდა უზრუნველყო სხვისი შვილების ხარჯზე. ბიუჯეტი ყველასია.

- სააკაშვილმა ახსნა მოუძებნა ტაილანდში გახარჯულ დიდძალ თანხასაც. თქვა, ავსტრალიის მთავრობის რჩევით ტაილანდში ჩავიყვანე რამდენიმე სახელმწიფოს თანამდებობის პირი და თითოეულს ბიუჯეტის ფულით ძალიან ძვირფასი საჩუქრები მივართვი, რათა არ ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციაო.

- რაც უნდა დიდი საქმე აკეთო კანონის დარღვევით, ეს დარღვევაა და ამას არაფერი აბალანსებს.

- ბოტოქსის პროცედურებს სააკაშვილი "აბსოლუტურ სიცრუეს" უწოდებს. ამბობს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მას აღმოაჩნდა კანის პრობლემა, რომელიც რეგულარულ მკურნალობას საჭიროებდა. მოითხოვს, რომ პროკურატურამ ინფორმაცია კონკრეტულ კლინიკებში გადაამოწმოს. პროკურატურა მის ამ შეფასებებს ბრალის აღიარებად თვლის.

- კანის დაავადება თუ ბოტოქსით იკურნება, მაშინ რაღა საჭიროა დერმატოლოგები?! უპოვია კარგი გამოსავალი დაავადების სამკურნალოდ.დღეს მისი პროკურორი რომ ჯარჯი წიკლაურია, მისი პრობლემაა. მან შექმნა ჯარჯი წიკლაური. მან შექმნა ეს მართლმსაჯულება, რომელიც ახლა მას ასამართლებს და დატკბეს ახლა იმით, რასაც საფუძველიც თავად ჩაუყარა.

- მოწინააღმდეგეები გააღიზიანა სააკაშვილის ხანგრძლივმა საუბარმა. თვლიან, რომ სასამართლოს უნდა შეეწყვეტინებინა მისთვის იმ განცხადებების გაკეთება, რომლებიც საქმესთან არ იყო დაკავშირებული.

- პირიქით, რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ, მეტ სისულელეს იტყვის. ილაპარაკოს რამდენიც უნდა, ამით უფრო მეტად ჩიხში შეჰყავს თავი. რომ ამბობს, არაფერი ვიცოდი 7 ნოემბერზეო, როცა ხალხს ასახიჩრებს პოლიცია და ჯარი და შენ ეს არ იცი, აბა, რა იცი? ისეთ რაღაცას დააბრეხვებს, უფრო მეტად მოიჭრის თავს.