"არ შეიძლება თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილება ვინმემ თავისი დესტრუქციული გეგმებისთვის გამოიყენოს“ - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილება ვინმემ თავისი დესტრუქციული გეგმებისთვის გამოიყენოს“

"ჩვენ, ასე ვთქვათ, ნორმალურმა ძალებმა უნდა დავიწყოთ გაერთიანება იმ იდეის ირგვლივ, რაც გარიყავს იმ პირებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწროპარტიულ და მერკანტილურ ინტერესებს აყენებენ“

რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის ვალდებულება აღარ არსებობს და ეს მხოლოდ მმართველი პარტიის ნებაზე იქნება დამოკიდებული. მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების საფუძველზე პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, გაჩნდა ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" ისევ არღვევს პირობას. რას გულისხმობდა კობახიძის ეს განცხადება და რას აპირებს მმართველი პარტია, ამ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ სარჯველაძეს ვესაუბრეთ.

- ოპოზიცია სიტუაციის დრამატიზებას­ ცდილობს, ისე წარმოჩენას, თითქოს რაღაც გადავიფიქრეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ ცვლილების დანიშნულება. როდესაც­ ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს და მოაყოლებენ რაღაც ინსინუაციებს, თითქოს ხელისუფლებამ გადაიფიქრა, არ არის სწორი. თუ ხელისუფლებას დასჭირდება ამის თქმა, მკაფიოდ იტყვის. ნათლად იყო საუბარი იმაზე, რა არის ჩვენი წუხილის მიზეზი.

- რა არის?

- თუკი გავითვალისწინებთ, რა პირობებშიც მიმდინარეობდა საუბარი საკონს­ტიტუციო ცვლილების შეთანხმებაზე, საუ­ბარი იყო პოლარიზების შემცირებაზეც და ა.შ. როდესაც არის რაღაც პირობა და შემდეგ სანახევროდ ხდება შესრულებელი მხოლოდ ერთი მხარის მიერ, ეს არ არის სწორი. არ შეიძლება თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილება ვინმემ თავისი დესტრუქციული გეგმებისთვის გამოიყენოს.

- დესტრუქციაში რას გულისხმობთ? იმას, რომ ოპოზიციამ აქციები არ გამართოს?

- არა, აქციებს ვერავის შეუზღუდავ. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არგუმენტი ოპოზიციის ხელში, მაგალითად, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისთვის. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების შეთანხმებაზე იწყება საუბარი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით ვადამდელი არჩევნების გამართვას. ამ საკითხისთვის გრძელი კუდების გამობმა დაუშვებელია.

- ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ისედაც­ ითხოვს. ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე. იმის გამო, რომ ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები არ მოითხოვოს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ უნდა მივიღოთ?

- როდესაც შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარემ განუხრელად უნდა დაიცვას ხელშეკრულება. არ შეიძლება ვისაუბროთ ხელშეკრულების მხოლოდ ერთ ნაწილზე და მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება, შეაფასოს, რა არის სწორი და რა არა. მაგალითად, როდესაც დაბალ ბარიერზე ვსაუბრობთ, არ იფიქროთ, რომ ამაზე ცალსახა აზრი არსებობს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად კარგია. ეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია და როდესაც ვთანხმდებოდით რაღაცაზე, აღარ ვკამათობდით, ეს ცუდი იყო თუ კარგი. შეთანხმება მოიცავდა პირობას და ახლა ოპოზიციას სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს.

- მაგრამ არის ე.წ. მესამე მხარეც, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც არ არის აფილირებული "ნაცმოძრაობასთან". ამ ნაწილს და საზოგადოებას რას ეუბნებით, ეს ხომ ორი პარტიის პარტიულ საკითხებზე შეთანხმება არ არის?

- ჩვენ, ყველამ, უნდა გავაგრძელოთ ერთიანი ღირებულებებისკენ სწრაფვა, მათ შორის იმ ნაწილმა, რომელსაც შეიძლება გულწრფელი მოტივაცია ამოძრავებდეს, რომ ქვეყანაში რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალოს, მათ შორის ძალიან მაღალი პოლარიზების დონის დაგდების ფონზე. თუ იგივე პოლიტიკური ძალა იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკური ტემპერატურა შემცირდეს, და არა იმ თვალსაზრისით, რომ სიმწვავე აკლდეს, ვთქვათ, დისკუსიას და ა.შ., ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, ასე ვთქვათ, ნორმალურმა ძალებმა უნდა დავიწყოთ გაერთიანება იმ იდეის ირგვლივ, რაც გარიყავს იმ პირებს,­ რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწროპარტიულ და მერკანტილურ ინტერესებს აყენებენ.

- ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი რომ დააყენოს, ეს რატომ შექმნის პრობლემას?

- ჩვენთვის მთავარია, ამწუთას ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი, განსხვავებით სააკაშვილის მოწოდებებისგან. პოლარიზება­ ხელს უშლის პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუ პოლარიზების ხარისხის დავარდნა შესაძლებე­ლია, ღირს, რომ ვისაუბრ­ოთ კონსტიტუცი­ის ამ ცვლილებებზე. პოლარიზება ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს. როდესაც ყველა საკითხი მხოლოდ იმ მიზნით განიხილება, რომ კინკლაობაში ვინმემ გაიმარჯვოს, ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია. ხალხს ერთმევა შესაძლებლობა სწორი პოზიცია ჩამოიყალიბოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომ ჩვენთვის, ვგულისხმობ ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, საზრუნავი ის არის, რომ პოლიტიკური პროცესი სწორად წარიმართოს და ნაკლებად იყოს გაჯერებული პოლარიზების ამ ხარისხით.

- დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით არის შანსი, რომ ამ ცვლილებაზე ან განხილვა გაგრძელდეს, ან არ ჩავარდეს?

- არა მაქვს ასეთი მოლოდინი. მთავარია, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ ამ ცვლილების მნიშვნელობა. კიდევ ვიმეორებ - როდესაც ოპოზიცია იწყებს საუბარს, რომ ეს არის მათი მოთხოვნით მიღწეული უპირობო რეზულტატი, ეს არ არის სწორი რიტორიკა. უმჯობესია, თქვან, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ყველა შევთანხმდით პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე.

- ანუ, ეს რომ თქვან, გაგრძელდება განხილვა და მიიღებთ?

- მხოლოდ თქმაზე არ არის საუბარი. ყოველთვის აქვს მნიშვნელობა არა მარტო განცხადებებს, არამედ ქმედებების ჯაჭვსა და ლოგიკურობას. ამიტომ ერთი განცხადების წინა პირობაზე ეს, ბუნებრივია, ვერ იქნება დამოკიდებული.

რუსა მაჩაიძე