"სააკაშვილს სურს ყველა ამ საკითხზე გულწრფელად ისაუბროს"
"დიალოგი გვაქვს ყველასთან, ვინც არ არის გაყიდული და ვინც არ ემსახურება "ქოცების“ ბუტაფორიული ოცნების ახდენას“
შეთანხმებულ და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მმართველმა პარტიამ ახალი პირობა წამოაყენა... რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" და რა გავლენა იქონია პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლებმა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე გვესაუბრა.
- სააკაშვილის ამ გამოსვლებში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი გულწრფელობა. მისი ძალიან დიდი მოღვაწეობა და სახელმწიფოს შექმნის პროცესი, რომელიც დაუფასებელია, ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე, პატრიოტი ქართველისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მან სახელმწიფო ჩამოაყალიბა თავისი ინსტიტუციებით, მაგრამ ამ პროცესს, ბუნებრივია, ახლდა ის პრობლემები, რომელთაც ბევრ მოქალაქეს ტკივილიც მოუტანა და წყენაც. ამიტომ არიან მასზე გაბრაზებული. სააკაშვილს ეტყობოდა, რომ ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და სურს ყველა ამ საკითხზე გულწრფელად ისაუბროს, მაგრამ არა იმ პირობებში, როდესაც პუტინის პირადი პატიმარი და ტყვეა. მან დავით აღმაშენებელი და სინანულიც ახსენა და თქვა, რომ არ ედრება, მაგრამ სინანულზე იყო აქცენტი, ოღონდ ეს თურქ-სელჩუკების ტყვეობის დროს კი არ გაუკეთებია, არამედ მაშინ, როცა თავისუფალი იყო, და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა არის, როდესაც დატყვევებული ამბობ რაღაცას და სხვა ფასი აქვს მონანიებას მაშინ, როცა თავისუფალი ხარ. სწორედ ეს თქვა სააკაშვილმა, რომ თუ არის კიდევ კითხვები, მზად არის უპასუხოს იმ სასამართლოს წინაშე, რომელიც უნდა შეიქმნას, და მჯერა, რომ შეიქმნება. მეტსაც გეტყვით - მჯერა, რომ შეიქმნება იმაზე მალე, ვიდრე ეს "ოცნებას" ჰგონია. გარდა ამისა, სააკაშვილმა ობიექტურად ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანას მართავს ხალხი, რომელმაც საქართველო უკან დახია და ახლა ცდილობს გაასამართლოს ადამიანი, რომელსაც ამხელა დამსახურება აქვს, რომელიც მსოფლიო ბანკის აღიარებით, მისი მმართველობისას საქართველო ნომერი პირველი რეფორმატორი და კორუფციასთან მებრძოლი ქვეყანა იყო. ამაზე მსოფლიო ბანკმა წიგნიც დაწერა და ასეთ ადამიანს მართლაც სუპერკორუმპირებული რეჟიმი კორუფციას ედავება.
- ყოველივე ეს თქვენი პარტიის გეგმებზე რა გავლენას იქონიებს?
- ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აქამდე უფრთხოდა პრეზიდენტ სააკაშვილის სახელს, უკვე სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს. პრეზიდენტმაც თქვა, რომ ის არ იბრძვის რაიმე თანამდებობის მოსაპოვებლად. მას სურს ქვეყანა ყველამ ერთად, მრავალპარტიულმა და მრავალფეროვანმა სპექტრმა, გამოვიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან. მას სურს ყოველგვარი თანამდებობის გარეშე გააკეთოს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეები. მგონი, ყველა აცნობიერებს, რა ვითარებაშიც ვართ, რომ საჭიროა კონსოლიდაცია და არა ქიშპობა. თანამშრომლობითა და სიყვარულით ჯერ ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ პუტინისტური რეჟიმისგან და შემდეგ დავაყენოთ ნორმალური განვითარების გზაზე.
- როგორც ამბობთ, მთავარია ხელისუფლების შეცვლა. ამას როგორ აპირებთ? ამ საკითხებზე თუ მიდის საუბარი ოპოზიციაში?
- კონკრეტული საუბარი რას ნიშნავს, საუბარია მშვიდობიან ბრძოლაზე.
- როგორ?
- რას ნიშნავს, როგორ? მიდის პროტესტი, უფრო ორგანიზებული ქუჩაში, ტელევიზიით, სოცქსელებით, სოფელში, ქალაქში... ყოველ შემთხვევაში, თოფის გარეშე.
- აქციებს თითქოს შედეგი არა აქვს...
- კარგი სიტყვა თქვით - "თითქოს". ერთი აქციით, ორით და თუნდაც ხუთით, ცხადია, არაფერი იქნება, მაგრამ მუდმივი დაუღალავი ბრძოლით საშინაო და საგარეო ასპარეზზე შედეგი დადგება. მეტი ორგანიზებულობით, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის, პარტიულობის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეების ჩართულობით მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
- ვადამდელი არჩევნებისა და სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი რამდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული? სააკაშვილის ინიციატივა, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს ცალკე ჯგუფმა უხელმძღვანელოს, ხოლო "ნაცმოძრაობამ" ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა გააგრძელოს, ეს ოპოზიციის ძალებს არ დაქსაქსავს?
- ცხადია, ეს ორი საკითხი გადაჯაჭვულია. იმდენად, რამდენადაც მოვახერხებთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი ბრძოლით დასუსტებას, სააკაშვილის გათავისუფლების შანსი მით უფრო გაიზრდება. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, არ მესმის, რას ამბობთ. საუბარია ძალების გაერთიანებაზე და არა დაქსაქსვაზე. ამაში წინააღმდეგობრივი არაფერია. პირიქით, ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთის პარალელურად განვითარდება.
- საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე თქვენი პარტია რას აპირებს? ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც შეთანხმებული იყო, მიიღოს?
- რა უნდა გააკეთოს და, უნდა იაქტიუროს ბოლომდე.
- "ნაციონალური მოძრაობა" რას იზამს?
- ბოლომდე პრინციპულად იბრძოლებს.
- საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გამორიცხავთ?
- არა, ნამდვილად არ გამოვრიცხავთ.
- ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ საკითხი ჩავარდეს ისე, რომ თქვენ დაგბრალდეთ. იღებთ ამ პასუხისმგებლობას?
- რა უნდა ჩავარდეს?! როგორ უნდა ჩავარდეს ის, რის მიღებასაც არ აპირებენ? როგორ უნდა დაგვაბრალონ, როდესაც თქვა კაცმა უკვე, არ ვიღებთო.
- ცალსახად არ უთქვამს, პირიქით, პირობებზე ლაპარაკობდა...
- თუ მისაღები იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" მივა და ხმას მისცემს.
- ამ ეტაპზე ოპოზიციის რა ნაწილთან გაქვთ კონსულტაციები?
- დიალოგი გვაქვს ყველასთან, ვინც არ არის გაყიდული და ვინც არ ემსახურება "ქოცების" ბუტაფორიული ოცნების ახდენას.
- რა ფორმით მიმდინარეობს დიალოგი და შეიძლება თუ არა უახლოეს პერიოდში რაიმე გადაწყვეტილება გახდეს ცნობილი?
- არ ვიცი, რაღაც ფორმალობების აუცილებლობას ვერ ვხედავ.
რუსა მაჩაიძე