რა რისკების შემცველია შქმერში მანგანუმის მოპოვება?!
"ჯორჯიან მანგანეზმა“ ჯერ ჭიათურა-ზესტაფონი ააოხრა, ახლა რაჭასაც უპირებს. თუ უკან არ დაიხიეს, მთელი რაჭა ფეხზე დადგება. რაჭა ოქროს საბადოა, ხელისუფლება საკითხს გონივრულად უნდა მიუდგეს, რომ ვიღაცის საამებლად არ აოხრდეს, არ გასხვისდეს და მიწასთან არ გასწორდეს“
"არ დავუშვებთ შქმერის ჭიათურიზაციას", - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობა, რომელიც მათ ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვებას საპროტესტო აქციებით პასუხობს. მათი მტკიცებით, მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება რაჭისთვის კატასტროფა იქნება. როგორც ამბობენ, ეკონომიკის სამინისტრომ შქმერში უზარმაზარ ტერიტორიაზე - 1 531 070 კვმ-ზე მანგანუმის მოსაპოვებლად ახალი ლიცენზიები ისე გასცა, მოსახლეობამ არაფერი იცოდა. შქმერელებს მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, მანგანუმის მოსაპოვებლად კი საძიებო სამუშაოები ზუსტად იმ მეთოდით დაიწყება, როგორც ჭიათურის სოფლებში. "ჯერ ჭიათურა-ზესტაფონი ააოხრეს, ახლა რაჭის გადათხრას აპირებენ. შქმერელები ლიცენზიების გაუქმებას ითხოვენ და კომპანიამ უკან თუ არ დაიხია, მთელი რაჭა ფეხზე დადგება", - გვეუბნება ონის მკვიდრი და "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე:
- მე, როგორც ერთ რაჭველს, აქტიურ მოქალაქეს, ორგანიზაციის დამფუძნებელს, რომელიც რთულ სოციალურ საკითხს ხელმძღვანელობს, მაწუხებს ის, რაც შქმერში ხდება - კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მანგანუმის ღია წესით მოპოვებას აპირებს. ვეწინააღმდეგები ასოციალური, დეჰუმანური ბიზნესის წარმოებას შქმერში. იგივე ხომ ჭიათურასა და ზესტაფონშიც მოხდა. ეს ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა. შქმერი ალპური ზონაა და ზღვის დონიდან 1800 მეტრამდეა. ონელი ვარ და ჩემი ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან. შქმერი აძლევდა ქვეყანას ტონობით რძეს, ყველს, რძის ნაწარმს. დღეს ათასობით ტონა კარტოფილი შემოგვაქვს თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რაც საკვებად უვარგისია, რაჭაში კი მინერალები სასუქად არ გამოიყენება. შავმიწა ნიადაგი ჯანსაღ პროდუქტს იძლევა. თუკი შვეიცარიელმა მოახერხა და შარდომეთის ჭალებში უზარმაზარი მეცხოველეობის ფერმა გახსნა, სადაც ხორცპროდუქტებს აწარმოებენ, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს შქმერში, სადაც მესაქონლეობაც განვითარებული იყო. სახელმწიფომ თანაინვესტირება გაუკეთოს თუნდაც უცხოელს...
შქმერი ტურისტული, სამთო-საკურორტო ზონაა, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობა მილიონებს მოუტანს ქვეყანას. უცხოელებმა თქვეს, სამთო-სათხილამურო სპორტისთვის მისწრებაა, საოცარი ტრამპლინის ადგილიაო. ზამთრის საკურორტო ზონა თუ განვითარდა, შესაძლოა მას ანალოგიც არ ჰქონდეს ევროპაში. საზაფხულო სეზონზეც ბრწყინვალე დასასვენებელი ადგილია, აქ უიშვიათესი ჰაერია. შქმერი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის გახსნა პატარა ნაბიჯია, რომელიც შქმერელებს მეტ შემოსავალს მისცემს, რათა დაიტვირთოს როგორც საკურორტო ზონა, განავითაროს სოფლის მეურნეობა და შემდეგ შიდა ბაზარზე გაყიდოს პროდუქცია. რატომ შემოვიტანოთ ირანიდან გაურკვეველი შემადგენლობის ცხიმი, როცა ჩვენვე შეგვიძლია ვაწარმოოთ?
იქ ამოფრქვეული წიდა-მარგანეცის მტვერი წამოვა ქვედა რაჭაზე. მის ქვემოთაა ონი და ბევრი სოფელი და მთლიანად მოედება, ეკოლოგია და წყალი დაბინძურდება. ხალხს ჯანმრთელობა შეერყევა. შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაყიდვამდე წიაღის ეროვნულ სააგენტოს უნდა უზრუნველეყო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში - ხალხს უნდა სცოდნოდა საქმის ყველა დეტალი, ამ საქმიანობის შესაძლო ზეგავლენა მათ საცხოვრებელ პირობებსა და გარემოზე.
- სამუშაოები დაწყებულია?
- შემოგარენში უკვე დაიწყეს მუშაობა. შქმერელების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელსაც ძალიან კარგი ახალგაზრდები უდგანან სათავეში, შქმერის მოსახლეობა აპროტესტებს მანგანუმის მოპოვებას. სამართლებრივი საკითხიც დადგა: ადამიანებს, რომელთაც წლების განმავლობაში მიწები დარეგისტრირებული ჰქონდათ, ახლა სახელმწიფო ეუბნება, ლიცენზია გაცემულია და მიწები თქვენი აღარ არისო. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ შქმერში მცხოვრები 5 პირი და ონის მუნიციპალიტეტის მერიის 4 თანამშრომელი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. პროკურატურა შქმერელებს თაღლითობაში ედავება, საჯარო მოსამსახურეებს კი სამსახურებრივ სიყალბეში.
რეესტრმა მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინტერესი, რომ აქ გაცემულიყო ლიცენზია, იმ ტერიტორიაზე არსებული მიწების მეპატრონეების წინააღმდეგ, სადაც მანგანუმის მოპოვება სურთ და ლიცენზიები გაიცა, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ანალოგიური წესით არის სხვა მიწებიც გაცემული.
ბიზნესი უნდა განვითარდეს ხალხის სასარგებლოდ და არა საზიანოდ. მერწმუნეთ, ეს რაჭაში კატასტროფას გამოიწვევს. აუცილებელია სახელმწიფომ ან დაინტერესებულმა ბიზნესოპერატორმა ჩაატაროს კვლევა. არაფერია ჩატარებული, მარტო ლიცენზია გაიცა და ამის საფუძველზე გადაწყვიტეს რაჭის ჭიათურიზაცია. არც ისაა გამოკვლეული, მანგანუმმა რა ზიანი ან სარგებელი უნდა მოუტანოს ქვეყანას, არც იმის გეგმაა დადებული, როგორ განვითარდება შქმერში ინფრასტრუქტურა. როდესაც ზესტაფონში მიდიოდა მანგანუმის წარმოება, ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა - 40 გრადუს სიცხეში წიდა რომ ამოვიდოდა, საშინელი სუნი იდგა. ხელოვნურად აკეთებდნენ პატარა შახტებს და ამან შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
- რას ამბობენ, მანგანუმს ველური წესით მოიპოვებენ თუ სტანდარტების დაცვით?
- ღია წესით, რითაც ეკოლოგიურ კატასტროფას მივიღებთ. რაჭა განადგურდება. თუ გზა იმისთვის გააკეთეს, რომ შქმერი აოხრებულიყო და რაჭა მანგანუმის მტვერში გახვეულიყო, მაშინ გზა დაანგრიონ, ბატონო, და როგორც გავდიოდით რაჭველები 600 კილომეტრს, ახლაც ისე ვივლით. ნუთუ ჭიათურის მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს შქმერი და რაჭა? იქ რომ ბულდოზერები და ტრაილერები იმოძრავებს, ის ახალდაგებული გზა ხვალ ხომ აღარ იქნება? ჭიათურაში ხალხს საძოვრები აღარ აქვთ, მთები დგას გამოთხრილი მღვიმეებით, ჭიათურა ერთიანად შავია.
- ვისზეა გაცემული ნებართვა მანგანუმის მოპოვებაზე?
- რაჭაში მანგანუმის მოპოვებაზე წიაღის ეროვნულ სააგენტოს 2 ლიცენზია აქვს გაცემული. ლიცენზიების მოქმედების ვადა 2028 წლის ჩათვლითაა. დაახლოებით 320 ათასი ტონა მადნის მოპოვებაზეა საუბარი. სავარაუდოდ, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2014 და 2017 წლებში შუა შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია ისე გასცა, არ შეუსწავლია ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ელექტრონულად რეგისტრირებული არ იყო, ეკუთვნოდათ თუ არა კერძო პირებს.
- მოსახლეობას თუ შეხვდა კომპანიის წარმომადგენლობა?
- ახალგაზრდებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც უხსნიდა, როგორ უნდა გადაეთხარა 200-200 მეტრით იქაურობა, ფაქტობრივად, დასცინა ხალხს. ნუთუ საქართველოში ცივილიზებულად არ შეიძლება ბიზნესის კეთება? სახელმწიფომ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ბიზნესი უნდა იყოს სოციალურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მორგებული. შქმერის მოსახლეობა უარს აცხადებს შეთავაზებაზე, რომ დაასაქმებენ, თითქოს ამით გააჩუმებენ. შქმერელთა უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს, ისინი წარმატებული, ცნობილი ადამიანები არიან და თავიანთი ადგილ-მამული მათთვის ძვირფასია. რატომ უკარგავ შქმერელს მისასვლელს? სოფლის მეურნეობის უნიკალურ ადგილს და ლანდშაფტს სპობ და მოსახლეობას ეუბნები, აქ აღარ ჩამოგესვლება იმიტომ, რომ გადათხრილიაო. უნდა შეიქმნას მუშაჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან სპეციალისტები და ჩაატარებენ კვლევებს, რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ინფრასტრუქტურის მოსპობამ ან რა შეიძლება იქ განვითარდეს. იცით, დაპრესილი თივის წარმოებას რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია? მამა სოფლის მეურნეობაში დიდი თანამდებობის პირი იყო. მახსოვს, წლის ბოლოს მთელი აქცენტი გადატანილი იყო ალპური ზონის სოფლებზე - შქმერზე, მრავალძალსა და ღებზე. რაჭა მაქსიმალურად ასათვისებელია სოფლის მეურნეობის მხრივ.
P.S. შქმერში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს დავუკავშირდით. ორი კვირის ლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე უწყებიდან არავინ გამოგვხმაურებია...