"იორმუღანლოს თუ დაგუგლავთ, მხოლოდ ნეგატიურ ამბებს ნახავთ“ - კვირის პალიტრა

"იორმუღანლოს თუ დაგუგლავთ, მხოლოდ ნეგატიურ ამბებს ნახავთ“

"ჩვენს რეგიონში თუ რამე სკანდალი მოხდა, გოგო გაიტაცეს, ვინმე მოკლეს ან დაჭრეს, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან ჟურნალისტები. პოზიტიურს არავინ აშუქებს“

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები თოზუ გულმამედლისთვის ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. პროფესიით ჟურნალისტმა იორმუღანლოს სათემო ცენტრი დააარსა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე მუშაობს. სასიხარულოა, რომ თოზუ ახლახან 2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა.

- იორმუღანლოში დავიბადე. 2013 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე იორმუღანლოს აზერბაიჯანულ-ქართულენოვან სათემო რადიოში. პარალელურად ქალთა უფლებების თემებზე ვმუშაობდი. იმხანად ხშირი იყო გოგონების მოტაცება და ნაადრევი ქორწინებები... ჩავთვალე, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავი არა მარტო როგორც ჟურნალისტი, არამედ უფლებების დამცველი. შემდეგ მოვხვდი "საფარში".

- როგორ შეხვდა თქვენს ინიციატივას თემი...

- არა მარტო ჩემს თემში, მთელ მუნიციპალიტეტში არ მოსწონთ ქალების აქტიურობა. ტაბუირებულ თემებზე რომ დაიწყო ლაპარაკი, ეს თავისთავად რთულია. ეს პერიოდი ჩემთვისაც სტრესული იყო, ყველგან, თუნდაც "ფეისბუკზე" მხვდებოდა წინააღმდეგობა. დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ აგრესია არას მარგებდა, მიდგომა უნდა შემერბილებინა და ისე მემუშავა თემთან, მათ უნდა მოესმინათ, სხვა გზა არ მქონდა. მერე "საფართან"­ ერთად გავაკეთეთ ორენოვანი პლატფორმა "ფანჯარა", სადაც პერიოდულად ვწერდით თემებს სექსუალურ განათლებაზე. უმრავლესობა აგრესიულად განეწყო. ესეც დროის ამბავი იყო და ახლა მიეჩვივნენ ამ თემაზე საუბარს.

- რა შეიცვალა ამასობაში?

- ჩვენი ცენტრი ერთი თვეა დაარსდა, გვაქვს ქართული ენის კურსები და ნელ-ნელა ვიწყებთ ნეიტრალურ თემებზე მუშაობას. რაც შეეხება წარმატებას ქალთა უფლებების დაცვაში,ადრე, როცა უფრო ხშირი იყო გოგონების მოტაცება, სახელმწიფო გამოძიების დაწყებას თავს არიდებდა, ახლა უფრო აქტიურები არიან შსს და სხვა ორგანოები, რაც დიდი მიღწევა და იმის დამსახურებაა, რომ ტაბუირებულ თემაზე საჯაროდ ვსაუბრობთ.

- ოჯახური ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების სტატისტიკამ იკლო თუ იმატა?

- ოჯახში ძალადობის ფაქტების სტატისტიკა არასდროს აჩვენებს რეალობას. პოლიციაში მიმართვიანობა რომ გაიზარდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა გაიზარდა, უბრალოდ, ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება. ნაადრევმა ქორწინებებმაც იკლო. ამაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა პროგრამა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც. პროგრამის მიხედვით, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შეუძლიათ ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარონ და შემდეგ ქართველებთან ერთად ისწავლონ. იბადება კითხვა: დავუშვათ, არ გავთხოვდი, მაშინ რაღაც ხომ უნდა გავაკეთო, პერსპექტივაში რამე არსებობს? აქამდე 100 კაციდან ერთი მიდიოდა აზერბაიჯანში, სხვა ქვეყნებშიც, იქ იწყებდა რეალიზებას. ახლა გაძნელდა საზღვარგარეთ წასვლა. ჩვენი პროგრამის მიხედვით, მათ ადგილზე უნდა მიიღონ განათლება და დასაქმდნენ. მაგრამ ყველას ხომ ვერ ვაიძულებთ საუნივერსიტეტო განათლების მიღებას? რაღაც სხვაც უნდა გაკეთდეს, რომ აზერბაიჯანელები და სომხები დაკავდნენ. ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ გოგონებს სხვა პერსპექტივა არა აქვთ - არც განათლების, არც დასაქმების.

- თქვენი საქმიანობიდან მაგალითებს ხომ არ მოიყვანდით?

- ამაზე საუბარი თემს არ მოსწონს. ვიღაცის იდენტიფიცირება სულაც არაა საჭირო, ყველა მიხვდება, ვისზეა საუბარი. ახლა ძალიან ვფრთხილობ, არ მინდა სხვა საქმე გავაფუჭო ამით, ახალგაზრდულ ცენტრშიც ნეიტრალურად ვსაუბრობთ მაგალითებზე. ამაზე რომ დავიწყო საუბარი, ისე გამოვა, რომ ფემინისტური იდეის გასავრცელებლად არის შექმნილი ცენტრი, ამიტომ თავს ვიკავებ ხოლმე.

სხვათა შორის, გოგო თუ არ თხოვდება,­ ჩვენთან ესეც პრობლემაა, რატომ არ ან ვერ თხოვდება, რაშია საქმე?... 20 წლიდან უკვე ითვლება, რომ გათხოვებისთვის დროული ასაკია. მას შემდეგ, რაც კანონი გამოვიდა, რომელიც 16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი იკრძალება, ნაადრევი ქორწინება შემცირდა.- მაგრამ ნიშნობა მაინც ტარდება, რაც, სავარაუდოდ, ხელ-ფეხს უკრავს გოგონებს, მათ აღარ აქვთ სწავლა-განათლებისა და დასაქმების, რეალიზაციის საშუალება...

- ჩვენში წყვილს ადრე ნიშნავენ. მართალია, ერთად არ არიან, მაგრამ გოგონას უფლებები აშკარად იზღუდება, მას არც განათლების და არც დასაქმების უფლება არა აქვს. ძალიან იშვიათია, რომ 14 წლის დაინიშნოს და მერე მან რამე განათლება მიიღოს, განვითარდეს ან დასაქმდეს. ეს სერიოზული პრობლემაა. იმედია კანონს მიიღებენ და შემცირდება ნიშნობაც და ნაადრევი ქორწინების შემთხვევებიც.

- თოზუ, მშვენივრად საუბრობთ ქართულად, რაც სასიამოვნოა. ყველა ეთნიკური უმცირესობისთვის ქართული ენის ცოდნა აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა?

- ამაზე დიდი ხანია შეთანხმებული ვართ, რომ ქართული ენის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ როგორ? ჩვენ მომთაბარე ხალხი ვართ, ფერმაში ვცხოვრობთ, მერე უმრავლესობა მთაში გადადის, 80% ასეა. არც სახელმწიფო ასწავლის ენას სრულფასოვნად. ხშირად მეჩვენება, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჩვენი აქ ყოფნა, შეინიშნება დისკრიმინაცია - თვითმმართველობის ორგანოებში არა ვართ დასაქმებული, პოლიტიკაში აქტიურად ვერ ვართ ჩართული, ყველგან გვზღუდავს სახელმწიფო... ჩვენც გარიყულად ვგრძნობთ თავს. 10 წლის წინაც ამბობდნენ, ენა ისწავლეთ და დაგასაქმებთო, ვისწავლეთ ენა, წელიწადში 1000 ახალგაზრდა აბარებს უმაღლესში, ჩემსავით სწავლობს და საუბრობს ქართულად, მაგრამ... საგარეჯოს საკრებულოში ოთხი წევრის გარდა, არავინაა დასაქმებული და იმის გამო არა, რომ ჩვენ კვალიფიკაცია არ გვყოფნის. ვინმეს სჯერა, რომ მარტო ჩვენს კვალიფიკაციაშია საქმე? მედიაც როგორ გვიყურებს, იცით? ჩვენს რეგიონში თუ რამე სკანდალი მოხდა, გოგო გაიტაცეს, ვინმე მოკლეს ან დაჭრეს, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან ჟურნალისტები. პოზიტიურს არავინ აშუქებს. იორმუღანლოს თუ დაგუგლავთ, მხოლოდ ნეგატიურ ამბებს ნახავთ. ამაზეც უნდა დაფიქრდნენ.