რუსეთი უკრაინას ახალ "აგვისტოს ომს“ უმზადებს...
რუსეთმა უკრაინის საზღვართან მორიგი სამხედრო სწავლება წამოიწყო...
ნატო კატეგორიულად აფრთხილებს რუსეთს, რომ არ გაბედოს უკრაინასთან ომის დაწყება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს მისი არაწევრი უკრაინისთვის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამუშავებას. თავის მხრივ, პუტინი ნატოსგან მოითხოვს ოფიციალურად უარი თქვას ალიანსის აღმოსავლეთ გაფართოების გეგმაზე, ანუ უკრაინისა და საქართველოს თავის რიგებში მიღებაზე.
აგვისტოს ომით, ყირიმის ანექსიითა და დონბასის კონფლიქტით მეტ-ნაკლებად ჭკუანასწავლმა ნატომ სასწრაფოდ დაიწყო უკრაინის არმიის გაძლიერება ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შეიარაღებით.
პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას და ორმხრივი მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ პუტინი ახლოს არ იკარებს.
რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან თითქმის 100-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას მოუყარა თავი, რომლის შეიარაღებაშია რამდენიმე ათასი საბრძოლო ტექნიკა, რასაც ემატება სეპარატისტულ დონბასში მყოფი 35-ათასიანი პრორუსული ძალები. ამასთან, რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებისკენ გრძელდება სარკინიგზო ეშელონებით ახალი საბრძოლო დანაყოფებისა და ჯავშანტექნიკის გადასროლაც.
ასე რომ, ყველა ის ნიშანია, რაც ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას წინ უძღვის ხოლმე. სწორედ ასე იწყებოდა აგვისტოს ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, როდესაც ჩრდილო კავკასიაში სამხედრო სწავლების საფარვლით რუსეთმა სამხედრო ძალებს მოუყარა თავი. იგივე მოხდა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის დროსაც და დონბასში შეიარაღებული სეპარატისტული აჯანყების მოწყობისას.
კრემლს მეთოდები შეიძლება დაუძველდა, მაგრამ რაც აქამდე გაუვიდა, იმასვე ჯიქურად იმეორებს, რადგან დარწმუნებულია, ვერც ამჯერად დაუდგება ვინმე წინ.
თუმცა აგვისტოს ომისა და ყირიმის ოკუპაციის მოვლენებისგან განსხვავებით, ამჯერად დასავლეთმა და პირველ რიგში ნატოს წევრმა ქვეყნებმა გრანდიოზული წინასწარი დიპლომატიური კონტრშეტევა დაიწყეს კრემლის ზრახვების საწინააღმდეგოდ.
დასავლეთის ლიდერები აფრთხილებენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვი ძალიან ძვირ საფასურს გადაიხდის და საქმე სანანებლად გაუხდება.
ასეთი სერიოზული მუქარაშეპარული გაფრთხილებები დასავლეთს კრემლისთვის აგვისტოს ომის და არც ყირიმის ოკუპაციის წინ არ გაუგზავნია. ეს რომ გაეკეთებინათ, შეიძლება მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.
თეთრი სახლი ოფიციალურ კიევსაც სთხოვს არ წამოეგოს რუსულ სამხედრო პროვოკაციას ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის წინ. რუსული სამხედრო პროვოკაცია შეიძლება ისეთივე იყოს, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე ოსმა სეპარატისტებმა ქართული სამშვიდობო ძალების პოსტი დაგვიცხრილეს და ჩვენი მშვიდობისმყოფელები დახოცეს, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აქტიური მოქმედების დაწყების საბაბად გამოიყენა.
დონბასში პრორუსი სეპარატისტები იწყებენ მორიგ შეტევას ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის თანხლებით და უკრაინის მხარე იძულებული ხდება საპასუხო ცეცხლი გახსნას, რის შემდეგაც რუსული საინფორმაციო პროპაგანდა მთელი მსოფლიოს გასაგონად იწყებს ყვირილს, რომ უკრაინელები დონბასის "დამცველებს" ხოცავენ და მათ დასაცავად იწყებს უკრაინის "იძულებას მშვიდობის დასამყარებლად".

განსხვავებით 2014 წლისგან, როდესაც რუსეთს უკრაინისთვის ყირიმიდან, დონბასიდან თუ დნესტრისპირეთიდან შეეძლო შეტევა, ამ საშიშ მიმართულებებს წელს, დიდი ალბათობით, დაემატება ბელარუსიც, რომლის პრეზიდენტი ლუკაშენკო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ფაქტობრივად, ფიანდაზად გაეგო რუს კოლეგას.
ბელარუსის ტერიტორიიდან რუსულ-ბელარუსული ერთობლივი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების შეტევების საფრთხის გაზრდის გამო უკრაინის არმია იძულებული ხდება საბრძოლო დანაყოფების დიდი ნაწილი ბელარუსთან საზღვრის გასამაგრებლადაც გადაისროლოს, რაც, ბუნებრივია, ამცირებს მის თავდაცვისუნარიანობას აღმოსავლეთ ფრონტზე.
მორიგი რუსული სამხედრო გამოწვევა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რადგან მან უკვე რეალური რეაგირება უნდა მოახდინოს პუტინის დასავლეთით "გაფართოებაზე" და ისევე არ "ჩაყლაპოს", როგორც აგვისტოს ომისა თუ ყირიმის ოკუპაციის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავღანეთიდან "გამოქცეული" ნატოს ისედაც შერყეული რეპუტაცია კიდევ დიდ დარტყმას მიიღებს.
ამ ერთგვარ "ყულფში" ნატომ თავი თავისივე აჩქარებით გაყო, როდესაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში გაწევრება აღუთქვა, მაგრამ სიტყვას დღემდე ვერ ასრულებს.
ნატოს დანაპირებს კრემლმა დაუყოვნებლივ უპასუხა რეალური ქმედებებით - ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვეში საქართველოს ორი რეგიონის, ხოლო რამდენიმე წელში კი უკრაინის ასევე ორი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, რითაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივა უფრო ბუნდოვანი გახადა.
რაც უნდა ამტკიცოს ნატოს ხელმძღვანელობამ, რომ ალიანსში ახალი წევრების მიღება-არმიღებაზე რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს, სამწუხაროდ, ასეა - კრემლი ბლოკავს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, მაგრამ ესეც არ იკმარა...
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ის დასავლეთისგან ელოდება ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დააფიქსირებს ოფიციალურ უარს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ანუ უკრაინასა და საქართველოს საბოლოოდ ეტყვის უარს ალიანსში გაწევრებაზე.
კრემლი ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას იმით ხსნის, თითქოს აღმოსავლეთ ევროპიდან ჯერ საბჭოთა და შემდგომ რუსეთის სამხედრო ნაწილების გაყვანის სანაცვლოდ ნატომ სიტყვიერად აღუთქვა მოსკოვს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მაგრამ არ შეასრულა დანაპირები და კრემლი მოატყუა, რის გამოც ამჯერად პრეზიდენტი პუტინი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება აუცილებლად ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით იყოს დადასტურებული.
მაგრამ რის მიცემას აპირებს რუსეთი დასავლეთისთვის ამის სანაცვლოდ? იქნებ რუსულ საოკუპაციო ჯარებს გაიყვანს ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულს უკრაინას დაუბრუნებს? რა თქმა უნდა, არა, სანაცვლოდ რუსეთმა შეიძლება ომი არ წამოიწყოს უკრაინის სხვა ნაწილების დასაპყრობად... ნატოს დათანხმება პუტინის ულტიმატუმზე სრული პოლიტიკური და სამხედრო კრახი იქნება. ამიტომაც კრემლს ასეთ უტიფარ მოთხოვნაზე ხელს არავინ მოუწერს, მაგრამ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისა და შესაბამისად, ბალტიისა და შავი ზღვის აუზებში გაძლიერების მიზნით თავის რიგებში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე გამბედაობა უკვე მე-13 წელია, აგვისტოს ომის შემდგომ, არ ჰყოფნის. არ ჰყოფნის იმიტომ, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრება მათზე ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ავტომატურად ამუშავებს ნიშნავს, მაგრამ ეყოფა კი გამბედაობა ნატოს თავისი "სისხლი დაღვაროს" ქართველებისა და უკრაინელების დასაცავად, თუკი პუტინი ახალ ომებში ჩაგვითრევს?
დღემდე გამბედაობა ნატოს არ ეყო და არც უახლოეს მომავალში უჩანს ამას პირი. ამიტომაც ალიანსის ხელმძღვანელობა წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად ირჩევს გამოსავალს, რომ ისევ მხოლოდ "შეშფოთება-აღშფოთების" სამარცხვინო პოზიციაში არ აღმოჩნდეს.
ნატოს გამოსავლის პირველი მიმართულებაა კრემლის კატეგორიული დიპლომატიური გაფრთხილება, რომ არ გაბედოს უკრაინაზე თავდასხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს დამატებით დაუწესდება პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები.
მეორე მიმართულება კი სამხედრო დახმარების გაზრდაა უკრაინისა და საქართველოსთვის, ასევე ნატოს არაწევრ, მაგრამ ასევე რუსეთის მეზობელ ფინეთისა და შვედეთისთვის. სამხედრო დახმარება გამოიხატება უკრაინული და ქართული არმიებისთვის დასავლური წარმოების ლეტალური იარაღის გადაცემაში, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საბრძოლო საშუალებებისა, რომლებიც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა საბჭოთა/რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკასთან ბრძოლისას.
გარდა ამისა, დასავლეთი უფრო ინტენსიურს ხდის სამხედრო ინსტრუქტორების მიერ უკრაინელი და ქართველი სამხედროების გადამზადებას, რამაც უნდა გააძლიეროს მათი ბრძოლისუნარიანობა შესაძლო მორიგი რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.
დასავლეთი ფარულად და აშკარადაც უკრაინას და საქართველოსაც მიანიშნებს, რომ ამ ეტაპზე ნატო მზად არ არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთთან ომებში თავისი წევრი ქვეყნების ჯარისკაცები მსხვერპლად გაიღოს. ამის სანაცვლოდ გვთავაზობს სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, გვიგზავნის სამხედრო ინსტრუქტორებსა და თანამედროვე შეიარაღებას ჩვენი არმიების გასაძლიერებლად, რადგან თუკი საქმე მაინც მივიდა რუსეთთან ომამდე, მასთან ბრძოლის ველზე ისევ მხოლოდ ჩვენ მოგვიწევს გასვლა...
ასე რომ, მეორე "ცივი ომის" წინა ხაზზე ისევ უკრაინა და საქართველო რჩებიან რუსეთთან პირისპირ და უახლესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ გაგრძელდება დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება, უფრო გამწვავდება თუ არა...
უკრაინის სამხედრო დაზვერვა მოელის, რომ რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები შეიძლება უკვე ერთ-ორ თვეში წამოიწყოს.