"ხანდახან მგონია, რომ მეც ამ კიბის ერთი საფეხური ვარ, რომელზეც ჩემი შვილი ავა და ისიც გაიხარებს, რომ მამამისის ნაკეთებ კიბეზე ადის"
"სადაც უნდა ვიყო - თიბვაა, შეშის ჭრა თუ კარტოფილის ამოყრა, მუშაობაში თუ ისე გავერთე, რომ ფოტოს გადაღება დამავიწყდა, აქეთ მახსენებენ, სურათს რატომ არ გვიღებო?"
იქნებ ყურადღება მიგიქცევიათ, დღეში რამდენჯერ ვახსენებთ სიტყვა "ბედისწერას" და იმასაც რამდენჯერ ვიმეორებთ, რომ ადამიანის ცხოვრება სწორედ ბედისწერაზეა დამოკიდებული, არადა, ასე სულაც არ არის. მხოლოდ ჩვენი საპოვნელია გზა და ის ადგილი, სადაც ბედნიერება გველოდება და ჩვენივე გადასაწყვეტია, ამ გზას დავადგებით თუ არა. ბაღათერ არაბულიც სწორედ ასე ფიქრობდა, როდესაც ევროპა მიატოვა მშობლიურ ბარისახოში დასაბრუნებლად. ჰოდა, ახლა დილაობით ბავშვები "მარშრუტკით" დაჰყავს სკოლაში, მერე კი ჩვეულებრივ, ხევსურული სოფლის საქმიანობას იწყებს. ეს საქმიანობა სავსეა სიტყვით "შინ", მისი სითბოთი და კიდევ - მშვენიერი ფოტოებით, რომელთა პერსონაჟები მის სოფელში ცხოვრობენ და იქვე, სახნავ-სათიბებში, ტყეებში, მდელოებსა თუ ციცაბო ფერდობებზე საქმიანობენ. ბაღათერი ამბობს, სხვა ხევსურებივით ლექსების წერა არ მეხერხება, მაგრამ სამაგიეროდ სათქმელს ფოტოებით გადმოვცემო.
- ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სოფლის ყოველდღიურობაში იმდენი სილამაზე შეემჩნიოს, რამდენიც თქვენს ფოტოებშია. თანასოფლელები არ გეუბნებიან, რა დროს ფოტოა, რას ცდებიო?!
- პირიქით. სადაც უნდა ვიყო - თიბვაა, შეშის ჭრა თუ კარტოფილის ამოყრა, მუშაობაში თუ ისე გავერთე, რომ ფოტოს გადაღება დამავიწყდა, აქეთ მახსენებენ, სურათს რატომ არ გვიღებო? ჩემი ფოტოები ზოგს მოსწონს, ზოგი დასათვალიერებლადაც ვერ იცლის, მაგრამ გადაღების მომენტი უყვართ. მეც ეგ მიყვარს. ეგ არის ჩემს "პაპარაცობაში" მთავარი. სილამაზეს, რომელსაც ჩვენ ზოგჯერ ხეირიანად ვერ ვაფასებთ, ფოტო უკეთესად აღიქვამს. გადაღება მაშინ დავიწყე, როცა ჯერაც უხარისხო ტელეფონი მქონდა. პირველად ყურადღებას არც მე ვაქცევდი ამ ფოტოებს, არც - სხვა, მაგრამ მერე ნელ-ნელ მომიწონეს.
- მიკვირს, რომ ხევსურს კალამი არ გიჭრით.
- სოფლიდან ადრე წავედი. როგორც კი სკოლა დავამთავრე, პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე. მერე ცოტა ხანს პოლიციაშიც ვმუშაობდი. ცოლი რომ შევირთე, ევროპაში წავედით. ჩემი და-ძმა დღესაც ევროპაში ცხოვრობს, ჩემი მეუღლის დედაც იტალიაშია. თუმცა იტალიაში ვერ მოვისვენე და ავიღეთ ბილეთები, ჩავსხედით დანიისაკენ მიმავალ მატარებელში და ჩავედით კოპენჰაგენში. ეს დღე როგორ მახსოვს, იცით? როგორც ხმაურიან ქალაქში უცნაური სიჩუმე. მერე მივხვდი, რატომაც - იმიტომ, რომ ბაქანზე არავინ გველოდა და მაინც ინსტინქტურად ვიცქირებოდი აქეთ-იქით, ეგება და ვინმე დაგვხვდეს-მეთქი. მოკლედ, ჩემი შვილი სანდრო დანიაში დაიბადა, მაგრამ იქაც ვერ გავჩერდი, არ მიიზიდა ჩემი გული ევროპამ, ამიტომ საქართველოსაკენ გამოვწიე. ჩვენი ჩამოსვლა მისაღები გამოცდების პერიოდს დაემთხვა.
ვიფიქრე, ჩავაბარებ, რას ვკარგავ-მეთქი და ასე მოვხვდი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, მაგრამ ფორიაქი მაინც ვერ მოვიშორე. ჰოდა, მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, ბაღათერ, სოფელში წადი, იქ ხომ ყველაზე კარგია-მეთქი! ახლა უკვე ბარისახოში ვარ. "მარშრუტკით" სოფლის ბავშვებს დავატარებ სკოლაში. ბავშვები საუკეთესო ხალხია და ვძმაკაცობთ. მერე დრო საქმისთვისაც მრჩება. მებოცვრეობას ვაპირებ. შინაც უამრავი საქმეა. თუ არადა, სოფელს ვეხმარები. საბედნიეროდ, დიდი საძმაკაცო მყავს, ერთმანეთს ხელს ვაშველებთ. საქმეს რომ შევესევით, ერთი კვირისას ერთ დღეში ვამთავრებთ. ისეც ყოფილა, შუადღემდე შეშა ჩამოგვიტანია ტყიდან, მერე კი მოზრდილ ნაკვეთზე კარტოფილი ამოგვითხრია. ერთად შრომა დიდი ძალაა.
- და ამ დროს ფოტოების გადაღება, რაც მეგობრებს ძალიან მოსწონთ...
- გულით ვიღებ და რატომაც არ უნდა მოეწონოთ?! მაგრამ ზოგიერთ ფოტოს უფრო ემოციით ვიღებ და ეს ემოცია სულ თან დამყვება. აქვე, ბარისახოსთან ახლოს, მამაჩემის სოფელია, ჩირდილი, რომელიც აქამდე დაცლილი იყო, ახლა ჩემი ბიძაშვილი დაბრუნდა და სასტუმრო ააშენა. ამ სოფლის გზაზე ბალახი რომ გაითელა, ძალიან მახარებს. ბიჭებმა სოფლის სალოცავი შევაკეთეთ და ეგეც რამხელა სიხარულია! ფონდიც გვაქვს ამ სოფლის საქმეების მოსაგვარებლად. ჰოდა, უფრო დიდი სიამოვნება ჯერჯერობით არსად მეგულება.
- სამოთხისეულ ბედნიერებაზე ჰყვებით: სოფლის გაცოცხლებაზე, ერთმანეთის გვერდით დგომაზე... ახლა უკვე განუყოფელი ნაწილი ხართ მშობლიური გარემოსი...
- გეთანხმებით. შეიძლება ბევრმა ვერც გაიგოს, წლობით დაცლილ სოფელში ანთებული ნათურის დანახვა რას ნიშნავს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ იმ სინათლეში სიცოცხლეა. ადრე სოფელში გაცილებით ცოტანი ვიყავით ახალგაზრდები, ახლა მეტნი ვართ. ნელ-ნელა ბრუნდება ხალხი. ყველაფერი იმ კიბესავით არის, ერთ საფეხურს რომ მეორე მოსდევს და რაც უფრო მაღლა გინდა ასვლა, საფეხურებსაც ამატებ.
ხანდახან მგონია, რომ მეც ამ კიბის ერთი საფეხური ვარ, რომელზეც ჩემი შვილი ავა და ისიც გაიხარებს, რომ მამამისის ნაკეთებ კიბეზე ადის. კიდევ რა უნდა მინდოდეს?