"სააკაშვილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს მერაბიშვილი მართავდა ყველაფერს“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს მერაბიშვილი მართავდა ყველაფერს“

"ისე, შეგახსენებთ, თითქმის ყველა, ვისაც პრორუსობა­ დააბრალა, დღეს "ნაცმოძრაობის“ გვერდით დგას“

"სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, მეტ მომხრეს დაკარგავს. გამიშვითო და, კარგი, სასამართლო როცა გექნებათ, ჩამოვალო... მადლობები აღარ მინდა შუქის­თვისო", - ამგვარად ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც სასამართლო პროცესზე საზოგადოებას პოლიტიკური განცხადებებით მიმართა.

- სააკაშვილის სიტყვაში განსაკუთრებულად საგულისხმო იყო პასუხისმგებლობის­ გადაბრალების მცდელობა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ეძინა 7 ნოემბერს, მაშინ როდესაც ხალხს არბევდნენ და გააღვიძეს, რაღაც ხდებაო. ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს მერაბიშვილი მართავდა­ ყველაფერს. პოლი­ტიკოსის მიერ პასუხისმგებლობის გადაბრალება პოლიციელებზე, სამხედროებზე, ამორალურობასთან ერთად, სიმხდალეცაა. დარბევა დაიწყო დილის 8 საათზე და დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასობაში თურმე სააკაშვილს ხან ეძინა, ხან ტელევიზორს უყურებდა. ყველაფერი პოლიციას რომ გადააბრალა და თქვა, ახალგაზრდა პოლიცია იყოო, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ მე კითხვა მაქვს: ჯარიც თავისით გამოვიდა, უმაღლესი მთავარსარდლის წერილობითი განკარგულების გარეშე? ან პოლიცია როგორ იყო ახალგაზრდა, როცა უკვე 4 წელი იყო გასული სააკაშვილის საპოლიციო რეფორმიდან?! რეფორმაც ცალკე თემაა... სხვათა შორის, 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, არარეფორმირებულ მილიციას თითი არ უხლია მომიტინგეებისთვის. სააკაშვილის რეფორმებიდან 4 წლის შემდეგ ვიხილეთ სასტიკი სადამსჯელო ოპერაცია. იბადება კითხვა: თუ 2003 წელს მაშინდელი პრეზიდენტის დაუკითხავად მილიციას მომიტინგეები არ დაურბევია, 2007 წელს ასე ორგანიზებულად და ასეთი სისასტიკით დარბევა თავისით ისწავლეს? ძალოვანები ყველგან, რუსთაველზეც და რიყეზეც, მოქმედებდნენ ერთი ხელწერით, ერთნაირი ილეთებით, სიძულვილითა და სისასტიკით. 2011 წელს, 2007-დან 4, ხოლო 2003-დან 8-წლიანი რეფორმების შემდეგ ასევე სასტიკად მოქმედებდნენ და 2011-შიც გამოუცდელები იყვნენ?!

- სააკაშვილმა მიტინგების დარბევა იმით ახსნა, რომ მომიტინგეთა უკან "პუტინისტური"­ ძალები იდგნენ.

- რადგან მომიტინგეთა პოლიტიკური ორიენტაცია არ მოგწონს, ეს მათი სასიკვდილოდ ცემისა და ფიზიკური დამცირების­ უფლებას არ გაძლევს. ისე, შეგახსენებთ, თითქმის ყველა, ვისაც პრორუსობა­ დააბრალა, დღეს "ნაცმოძრაობის" გვერდით დგას. ასე რომ, მარტივად ბათილდება სააკაშვილის "არგუმენტები". ამ ლოგიკით "იმედის" დარბევაც გაამართლა. რუსული კვალის დანახვა არ არის საბაბი ტელე­ვიზიის დასახურავად და დასარბევად. თუ რუსული კვალი დაინახეს, გამოეძიებინათ, არგუმენტები დაედოთ და კანონიერი გზით დაეხურათ ტელევიზია, დარბევა და ჟურნალისტების, მათ შორის ორსული ქალების წიხლქვეშ გაგდება რა საჭირო იყო?!

- სააკაშვილმა თქვა, რომ შეცდომები მოსდიოდა, მაგრამ ეს სწრაფი აღმშენებლობის სურვილით იყო განპირობებული და შეცდომების გამო თავადვე გადადგა პოსტიდან.

- 7 ნოემბერს უსასტიკესი სადამსჯელო ღონისძიების შემდეგ გადადგომა შესაბამისი­ საზღაური იყო?! 7 ნოემბერიც­ სადამსჯელო ღონისძიება იყო და 26 მაისიც. დანაშაული მხოლოდ მოსახლეობის ცემა ხომ არ იყო, ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზეა საუბარი. დიახ, შეიარაღებული­ ძალების ჩართვა შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და საპოლიციო სადამსჯელო ოპერაციაში იყო, ერთი მხრივ, ანტისაკონსტიტუციო ქმედება, რადგან ჯარს კონსტიტუციაში აქვს გაწერილი ფუნქციები. მეორე მხრივ, უმძიმესი ინსტიტუციური ზიანი მიადგა თავდაცვის უწყებას. სამხედროების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იფიქრა ვინმემ?! როდესაც ადამიანებს წლების განმავლობაში საკუთარი მიწა-წყლის დაცვისთვის, საკუთარი ხალხისთვის სიცოცხლის გაწირვისთვის ამზადებ და უცებ ამ ხალ­ხის დარბევას ავალებ, მათში ანგრევ ყველაფერს, რასაც ეს პროფესია და თავგანწირვა ეფუძნება... სააკაშვილი შეეცადა გაეთვალისწინებინა პირველი გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილი პრეტენზია, რომ ის არაფერს ინანიებს. დაიწყო მონანიებით, გააგრძელა თავის მართლებით და დაასრულა დანაშაულის სხვებზე გადაბრალებით. ვანო მერაბიშვილსაც მოუწია ციხეში ჯდომამ, მაგრამ არ უცდია თავისი დანაშაულის ვინმესთვის გადაბრალება.

- სააკაშვილი თავის მთავარ­ შეცდომად სასამართლოს ასახელებს...

- ეს იმიტომ თქვა, რომ თავად იჯდა განსასჯელის სკამზე. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი თავის მთავარ შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ არ გაანადგურა ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილი და დათმო ხელისუფლება. წამოსცდა კიდეც, როდესაც დედამისზე საუბრობდა, დედაჩემი მირჩევდა, არ დათმო ხელისუფლებაო. გვაყვედრის, ხელისუფლება დავთმეო და ავიწყდება ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ამერიკელმა სენატორებმა რიშმა და შაჰინმა გაიხსენეს, როგორ მოსთხოვეს სააკაშვილს ხელისუფლების გადაბარება... სააკაშვილი თავად არის ამ სასამართლოს მთავარი გენერატორი და სულის ჩამდგმელიც. ისე კი, თუ ობიექტურად შევაფასებთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ეს სასამართლო წინას რომ სჯობს, რად უნდა ამას ლაპარაკი. თუ გამამართლებელ განაჩენს გამოგიტანს, კარგი სასამართლოა, თუ გაგამტყუნებს, ცუდი - ეს სხვა მიდგომაა. სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი რომ მიეცეს, ყველას გაყრის, მხოლოდ მოსამართლეებს კი არა, ჟურნალისტებსა და ბლოგერებ­საც ზედ მიაყოლებს. უზარმაზარი შავი სია აქვთ, რომელსაც წლების განმავლობაში ადგენენ. ისიც კი ჩანიშნული აქვთ, ვინ, ვის, რა და როდის დაულაიქა.

- ეს თქვენი ვარაუდია?

- დადასტურებულად ვიცი, მათივე აქტივისტებიდან გამოჟონა ინფორმაციამ.

- პროკურატურის ბრალდებები დამაჯერებელია?

- ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. სააკაშვილს პირდაპირ უმტკიცებენ, რომ კორუმპირებულია,­ მაგრამ იხტიბარს არ იტეხს, "ნაციონალები"­ აქეთ დაობენ, თქვენ როგორი ხართო?! სააკაშვილის ფანკლუბის წევრები იმასაც­ ამბობენ, რა მოხდა, 9 მილიონი თუ დახარჯაო,­ ან მობილური და ოქროს სამკ­აული რა სალაპარაკოაო. ეს არის დასავლური სტანდარტი?! მილიარდების გაფ­ლანგვა ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ "ნაციონალების" მოწინააღმდეგეები იმაზე ბრაზობენ, რომ სააკაშვილს მილიარდები აქვს წაღებული და მილიონებზე დაიჭირეს­. მილიარდი მხოლოდ მედიაში აქვთ დახარჯული, არჩევნებში დახარჯულ მილიარდებზე აღარაფერს ვამბობ. "ნაციონალებმა" თქვეს, თითქოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურს აქვს უფლება გასწიოს საიდუმლო ხარჯები პრეზიდენტის საიდუმლო შეხვედრებისთვის. ტყუილია, ბატო­ნებო! არ შეიძლება პრეზიდენტი საიდუმლო შეხვედრებს­ მართავდეს, ეს სპეცსამსა­ხ­ურის თანამშ­რომლების საქმეა. პრეზიდენტის ყველა­ ვიზიტი უნდა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის რატომ ხვდება. ამ საჯარო შეხვ­ედრებზე შეიძლება ორ პრეზიდენტს შორის საიდ­უ­მლო მოლაპარაკება შედგეს, მაგ­რამ ისიც უნდა გაფორმდეს და დაედოს შესაბამისი გრიფი­ - "საიდუმლო" ან "სრულიად საიდუმლო". რა უფლება აქვს პრეზიდენტს საიდუმლოდ შეხვდეს, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტს და მოელაპარაკოს ტერიტორიების გადაცემაზე­. სააკაშვილი აძლევდა თავს ამის უფლებას. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს კიდეც, მედვედევს ყველაფერი შევთავაზე, მათ შორის ნატოზე უარის­ თქმა და ბაზების­ დაკანონებაცო. როდესაც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ ნატო აირჩია, სააკა­შვილი როგორ აძლევდა თავს უფლებას, რომ ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება კურსის შეცვლაზე, თანაც ისე, რომ უშიშროების საბჭოც არ ჩაეტარებინა?!­

ერთ-ერთი საბუთით 44 ცხვარი აქვთ შესყიდული და გრიფი "საიდუმლო" ადევს. ეს რა უბედურებაა?!

- თქვენ პირადი საუბრისას გითქვამთ, რომ სისტემა თქვენც გემუქრებოდათ, თუმცა ამის შესახებ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ...

- საქმე პირადად მე არ მეხებოდა, თავიანთი გაფუჭებული კონკრეტული საქმის სხვებზე გადაბრალებას ცდილობდნენ.

- თქვენ რა შუაში იყავით?

- მე თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი. პროცესი, რომელიც ჩემს დროს დაიწყო, არასასურველი შედეგით დასრულდა, იმიტომ, რომ ჩემ შემდეგ მოსულმა თანამდებობის პირებმა არასათანადოდ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები. საქმე ეხებოდა კონკრეტული ტვირთის შემოტანას. საქმე მათი არაკვალიფიციურობის გამო ვერ გაკეთდა, მაგრამ ამის გამო მე და სხვა ხანდაზმული,­ დამსახურებული გენერლები და ოფიცრები გვატარეს პროკურატურაში გამოკითხვაზე. ბოლოს ისეთი განწყობით წავედი, რომ ვფიქრობდი, დამაკავებენ-მეთქი. ძალიან­ შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც სტრუქტურაში შემთხვევით მოხვედრილი, მუცელგადმოტრიალებული, უღირსი პირები გელაპარაკებიან ისე, როგორც არ დაგიმსახურებია. ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო. ოჯახის წევრებსაც ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ მოვუყევი... თუმცა ეს რა მოსატანია იმ უმძიმეს ამბებთან, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მოვა დრო და ყველაფერს დეტალურად მოვყვები.

ხათუნა ბახტურიძე