"ქვეყანაში პოლიტიკური პაუზაა. ვიღვიძებთ და ვიძინებთ სააკაშვილით, საჭირბოროტო საკითხები კი განზე გვრჩება" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში პოლიტიკური პაუზაა. ვიღვიძებთ და ვიძინებთ სააკაშვილით, საჭირბოროტო საკითხები კი განზე გვრჩება"

ხელისუფლებამ ახალი საკრებულოების მუშა­ობას ყოვლად წარმოუდგენელი ქმედება ჩაუფინა - უკვე საკრებულოს ყავლგასულ შემადგენლობას მიაღებინა ბიუჯეტი. როგორც სხვა ყველაფერი, ესეც "კეთილი“ ზრახვებით ახსნეს და თქვეს, რომ პროცესი პოლიტიკური რისკებისგან დააზღვიეს. სინამდვილეში ეს ანტიდემოკრატიული და არაცივილიზებული ქმედებაა

"ქვეყანაში პოლიტიკური პაუზაა. ვიღვიძებთ და ვიძინებთ სააკაშვილით, საჭირბოროტო საკითხები კი განზე გვრჩება", - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

- სწორედ სააკაშვილის დღის წესრიგმა დააპაუზა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი. გაყალბებულმა არჩევნებმა, ტოტალურმა მოსმენებმა, სახელმწიფოებრივმა პრობლემებმა აქტუალურობა­ დაკარგა, რამაც­ ოპოზიცია­ მნიშვნელოვნად დააზარალა. აბსოლუტურად­ გაუგებარი პროცესები მიდის საკრებულოებში. იმ რეგიონებში,­ სადაც მყარი უმრავლესობა არ ჰყავდა, ხელისუფლებამ ახალი საკრებულოების მუშა­ობას ყოვლად წარმოუდგენელი ქმედება ჩაუფინა - უკვე საკრებულოს ყავლგასულ შემადგენლობას მიაღებინა ბიუჯეტი. როგორც სხვა ყველაფერი, ესეც "კეთილი" ზრახვებით ახსნეს და თქვეს, რომ პროცესი პოლიტიკური რისკებისგან დააზღვიეს. სინამდვილეში ეს ანტიდემოკრატიული და არაცივილიზებული ქმედებაა. "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ვადაგასულ საკ­რებულოებს ბიუჯეტის დამტკიცება კანონით არ ეკრძალებათ, მაგრამ ეს ხომ ანტიკონსტიტუციური­ ქმედებაა. საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბიუჯეტის მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება და კონტროლია. გამოდის, ხელისუფლებამ ლეგიტიმაციის მატარებელ პირებს ფუნქცია ხელიდან გამოჰგლიჯა და ყავლგასულ საკრებულოს გადასცა.

- მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტები რომ არ კეთდება, ეს ოპოზიციის შეცდომების შედეგიც ხომ არ არის?

- არ ვიცი, რამდენად უნდა ვუწოდოთ ამას შეცდომა. ჰუმანიტარული საკითხია - როდესაც ადამიანი შიმშილობს და იცი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,­ ცოტა რთულია, სხვა საკითხებზე იფიქრო. თუმცა, მეორე მხრივ, მთელ ცხოვრებას სააკაშვილს ვერ შევალევთ. ჰაერში ვართ გამოკიდებული, განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ მშრალ განცხადებებს და შარიშურს არ გავითვალისწინებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ გამოკვეთილია­ ოპოზიციური სპექტრის მთავარი გამოწვევა,­ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. განხეთქილებაა "ნაცმოძრაობაშიც". ამ არეულობის მთავარი ფაქტორი სააკაშვილია?

- სულ გვსურს ოპოზიცია ერთიან ორგანიზმად წარმოვიდგინოთ. როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" ერთ კონტექსტში განვიხილოთ, ისინი ხომ ერთმანეთთან მძაფრ ოპონირებაში არიან?! რაც შეეხება პარტიაში დაძაბულობას, ჭორაობას ვერ დავიწყებ.

- თავად ლიდერები არ მალავენ, რომ სააკაშვილის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

- როდესაც პარტიას სერიოზული პრობლემა აქვს, გუნდში ყოველთვის დუღილია. არა მგონია, ეს პოლიტიკურ პოზიციონირებაზე აისახოს.

- არც მაშინ აისახება, თუ, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაატოვებინებენ?

- კობახიძეს თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, მაგას ვერ ავყვები.

- შეძლებს ოპოზიცია კოალიციის­ შექმნას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ეგიდით?

- რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია. როდესაც ეს თემა აქტუ­ალური­ იყო, მაშინ ვერ მიიყვანეს ბოლომდე­ და ახლა რისი იმედი აქვთ?! დღეს ამის საფუძველი აღარ არსებობს იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაასაბუთეს.

- შეიძლება ოპოზიციისთვის გამოსავალი იყოს საპარლამენტო მანდატების დატოვება,­ როგორც ზოგიერთი ლიდერი ირწმუნება?

- არ ვიზიარებ ამ პოზიციას. პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენო. რომელიმე იარაღზე უარის თქმა, მით უფრო საპარლამენტო ტრიბუნაზე, უაზრობაა. ეს იგივეა, ომში რომ იყოთ და განაცხადოთ, მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით ვიბრძოლებთ, ტანკები და თვითმფრინავები არ გვინდაო.

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ საჯილდაო ქვად იქცა საკონსტიტუციო ცვლილებები და 2%-იანი ბარიერი. თქვენი აზრით, როგორი იქნება ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე,­ რომ ცვლილებების მიღების აუცილებლობა­ არ არსებობს და 5%-იანი ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, სრულად თავსებადია დემოკრატიულ პრინციპებთან.

- არც მე მომწონს 2%-იანი ბარიერი. გასაგებია, რომ ჩვენ გვჭირდება მულტიპარტიულ სისტემაზე გადასვლა, რათა ძალაუფლების უზურპაციისგან დავაზღვიოთ ქვეყანა, მაგრამ არც ის გვინდა, რომ 20 პარტია გვყავდეს პარლამენტში. თუ პარტია 3%-ს ვერ აგროვებს, არა მგონია, სახელმწიფოს მართვაში სერიოზული როლი ითამაშოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ერთპროცენტიანი პარტიები ვაჭრობას იწყებენ, ერთში ათს ითხოვენ, რაც მერე ათას გაუგებრობას იწვევს. ნამდვილად არ მომწონს 2%-იანი ბარიერის იდეა, მაგრამ შეთანხმებას შესრულება სჭირდება.

- შეთანხმებას, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ანულირებულია?

- ანულირებული იყო ცალმხრივად.

- თუმცა საბაბად გამოიყენეს "ნაცმოძრაობის" უარი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე.

- შეთანხმებიდან გასვლა ასე მარტივად­ არ ხდება, ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ვფიქრობ, ამაზე კობახიძის საუბარი პოლიტიკური თამაშია. მსხვილ პარტიებს სულ არ აინტერესებთ, ბარიერი 2%-იანი იქნება თუ 3%-იანი. "ნაცმოძრაობას" აწყობს კიდეც მაღალი ბარიერი - წინასაარჩევნოდ შეისრუტავს პატარა პარტიებს და თავისი დომინაციით წაიყვანს საარჩევნო პროცესს. კობახიძე ცდილობს მცირე პარტიებს ევაჭროს და განხეთქილება ჩამოაგდოს პარტიებს შორის.

- რა ფასის გადახდა მოუწევს "ოცნებას"?

- "ოცნება" გადაიხდის ზუსტად იმ ფასს, რასაც შეძლებენ და გადაახდევინებენ ხალხი და ოპოზიცია. თუ პოლიტიკური ოპოზიცია ფხას ვერ გამოიჩენს, "ოცნება" არაფერსაც არ გადაიხდის.

ხათუნა ბახტურიძე