"რუსეთი სამხედრო შანტაჟით აიძულებს დასავლეთს უარი თქვას თავის ინტერესებზე“
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე იმ პროცესებზე გვესაუბრა, რომლებიც საქართველოს სტაბილურობასთან პირდაპირ კავშირშია.
- აზერბაიჯანისა და ირანის ბოლოდროინდელი ურთიერთობა ტალღისებურად მიმდინარეობს, მათ გულთბილ მტრებსა და გულცივ მეგობრებს ვუწოდებდი. ბევრი რამ საერთო აქვთ, მაგრამ დღეს ორივე ქვეყანა კუნთებს ათამაშებს, განსაკუთრებით ირანი. მის ინტერესებში შედიოდა ყარაბაღის კონფლიქტის გასული წლის შემოდგომამდე გაყინულ მდგომარეობაში არსებობა. მას არ აწყობს ძლიერი აზერბაიჯანის მეზობლობა თავისი ეთნიკური აზერბაიჯანელების გამო. მით უფრო, აზერბაიჯანს ნატოს წევრი თურქეთი აშკარად უჭერს მხარს. ირანი ყარაბაღის ბოლო ომამდე არსებულ ვითარებას ეკონომიკური თვალსაზრისითაც კარგად იყენებდა - სანქციების თავიდან არიდებისთვის, ფულის გასათეთრებლად. რაც მთავარია, სომხეთი ირანი-აზერბაიჯანის საზღვრის 162 კმ-ს აკონტროლებდა, რაც ძალზე აღიზიანებდა აზერბაიჯანს. თუმცა არის არაერთი ფაქტორი, რაც მათ შორის ვითარების დაძაბვას უშლის ხელს, რაც მეტწილად ბუნებრივ აირთან არის დაკავშირებული, ასევე, ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფანთან, რომელიც ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ ხორცშესხმის შემთხვევაში, დააკავშირებს ინდოეთს-ირანს-აზერბაიჯანს-რუსეთს-ევროპას. რაც შეეხება ირანს, მას სამხრეთ კავკასიის საკითხზე პრაგმატული პოლიტიკა აქვს. ვგულისხმობ მის მჭიდრო კავშირს სომხეთთან, სტრატეგიულ პარტნიორობაზეც კი საუბრობენ, რაც აღიზიანებს აზერბაიჯანს. თავის მხრივ, ირანსაც აღიზიანებს აზერბაიჯანისა და ისრაელის მოკავშირეობა. განსხვავება ის არის, რომ სომხეთ-ირანის ურთიერთობაში მთავარი სიტყვა რუსეთს ეკუთვნის და სომხეთი ვერც ეწინააღმდეგება. პუტინის გუნდი თავად განსაზღვრავს, ორი ქვეყნის ინიციატივებიდან რომელი დაბლოკოს და რომელი - არა. ირანიდან სომხეთში შემოსული გაზის მილის დიამეტრი პუტინმა ისე შეაცვლევინა, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობით გაზის გატარება შეუძლია. ვერც საქართველოს გავლით წავა ევროპაში. ჩვენ ახლა ძალზე დელიკატურ ვითარებაში ვართ. ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ კეთილმეზობლური ურთიერთობა სომხეთსა და აზერბაიჯანთან. კიდევ ერთი - თურქეთის პოლიტიკა ბოლო ხანებში საკმაოდ ანტიდასავლურია, ზიგზაგებით მიდის - ხან რუსეთისკენ გადაიხრება, ხან უპირისპირდება და პროდასავლურობას ცდილობს. მისი რუსეთისკენ გადახრა კატეგორიულად არ გვაწყობს. რუსეთს ძალიან უნდა ის ადგილი, რაც საქართველოს რეგიონში ბუნებრივად აქვს, როგორმე თავის გავლენაში მოაქციოს ან სათავისოდ გამოიყენოს. ადრე ყაზახეთიდან ბუნებრივი აირის ძალიან დიდი ნაკადი შემოდიოდა, ახლა კი მხოლოდ რუსეთის გზა დარჩა. არასდროს ყოფილა საგარეო პოლიტიკაში სიმშვიდე, მაგრამ ახლა ვითარება ძალიან საფრთხილოა.
- როგორც ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, 2008 წელს ნატო-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. ლავროვის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ის უკვე აფეთქდა. რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის მიერ შანტაჟის ენით ლაპარაკი?
- ლავროვს ახალი არაფერი უთქვამს. რუსეთი საქართველოსა და უკრაინას უკანა ეზოდ მიიჩნევს და პირდაპირ ამბობს, არ დავთმობო. თავის მოჩვენება, თუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ, საფრთხე მოიხსნებაო, უსაფუძვლოა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ პასუხად რუსეთს რიტორიკა არ შეურბილებია. რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნები არის არეალი, სადაც უპირობოდ უნდა ვრცელდებოდეს რუსული ჰეგემონია. გარდა იმისა, რომ რუსეთს გეოპოლიტიკური პოზიციის განმტკიცება და საბჭოთა კავშირის დროინდელი სტრატეგიული უპირატესობის მიღება სურს, რევანშისტული განწყობაც აქვს, რადგან დაკარგა ის პრესტიჟი და გავლენა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე დიდი უბედურება იყო, რაც კი შეიძლებოდა რუსეთს დამართოდა - მან ერთდროულად დაკარგა 150 მილიონი მოქალაქე, კასპიის აუზის რესურსებზე პირდაპირი წვდომა და რესურსების ტრანსპორტირების გზები; დაკარგა შავი ზღვის სრულად გაკონტროლების უპირატესობაც. ახლა ცდილობს ძალა აღიდგინოს, რაც მისი ნაციონალური პროექტის ნაწილია, რათა რეგიონში უპირობო ჰეგემონად ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს გაახმოვანა სერგეი ლავროვმა.
რაც შეეხება საფრთხეებს - მოსკოვმა 2008 წელს აჩვენა, რომ თავისი ინტერესის დასაცავად არაფერს მოერიდება. მაშინაც ეგონა დასავლეთს, რომ რუსეთი საქართველოზე იერიშს არ მიიტანდა, ის თავისი მორალით ზომავდა პროცესებს, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა. ევროპა არ არის მზად, რომ გადაიხადოს ამ ტიპის ფასი საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რადგან ომი ყველაზე მძიმე საგარეო პოლიტიკის აქტია, ოღონდ რუსეთისთვის არა. მედვედევმა განაცხადა კიდეც, რომ რუსეთმა ომის გზით აღკვეთა საქართველოს ნატოში გაწევრება. დღესაც რუსეთი სამხედრო შანტაჟით აიძულებს დასავლეთს უარი თქვას თავის ინტერესებზე. ეს დასავლეთისთვის მძიმე განაცხადია, რადგან თუ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალით დაიკმაყოფილოს ინტერესი, ესე იგი, უღირს ამის გაკეთება და იმ გეოპოლიტიკურ უპირატესობას მიიღებს, რაც პოსტსაბჭოთა რეგიონებში კი არა, დასავლეთის თანამედროვე უსაფრთხოების დღის წესრიგში განმსაზღვრელი იქნება, თან ეს უკვე დასავლეთთან კონკურენციის პირობებში. დასავლეთსა და რუსეთს შორის "ნერვების ომი" უკვე გავიარეთ. რუსეთი დაუფარავად მოქმედებს, ჩვენ დაპირისპირების ახალ ფაზაში შევდივართ. დასავლეთს ეუბნებიან, თქვენი არჩევანია საქართველოსა და უკრაინას დაეხმაროთ, ვნახოთ, რას გააკეთებთ. ჩვენ გაიძულებთ დათმობასო. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სხვა საკითხია, რა იქნება ამ დათმობის შემდეგ, ხომ არ გაეზრდება კრემლს მადა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით.
- რომლებიც ახლა ნატოს წევრები არიან? მაშ, ალიანსს რა ფუნქცია აქვს?
- სწორედ ამის გარკვევას ცდილობს რუსეთი - რა ფუნქცია აქვს ნატოს. თუ თავისი ყველა საგარეო მოქმედება დაუსჯელი დარჩება, რა შეუშლის ხელს? თუ ასე გააგრძელებენ, გაბედავს ამის შემოწმებასაც, რადგან არ ვიცით, რა ფუნქცია აქვს, ჯერ არავის დაუტესტავს. ასე რომ, თუ რუსეთმა უკრაინაც მიიბა, ბელარუსიც და სამხრეთ კავკასიაშიც დამკვიდრდა, მივიღებთ მეორე "ცივ ომს", სადაც ნატოს ბანაკს მაქსიმალურად შეავიწროებენ. კრემლს ძალიან თავისუფლად შეუძლია სცადოს პოლიტიკური რეჟიმების შეცვლა, როგორც ახლა უკრაინაში ცდილობს. ასევე მოიქცევა პოლონეთში, რომელსაც მუდმივი სამხედრო დაძაბულობის რეჟიმში ამყოფებს. იმავეს გააკეთებს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. მუდმივი სამხედრო მობილიზება რესურსებს მოითხოვს, რაც სახელმწიფოს ასუსტებს. შესაძლოა მაინცდამაინც შაჰ-აბასის ურდოებივით არ შეიჭრას სხვა ქვეყანაში, მაგრამ გავლენიან მოთამაშედ ჩამოყალიბებას ცდილობს. სადაც გაუვა, შევარდება კიდეც, როგორც საქართველოში, შემდეგ უკრაინაში ან სირიაში. ახლა დანარჩენ უკრაინასაც ემუქრება.
ძალიან სახიფათოდ მოქმედებს მისი მთავარი მოკავშირე ლუკაშენკო - ვინმეს სჯერა რუსეთის განცხადება, რომ სირიელი დევნილები საუკეთესო მარშრუტად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ავტორიტარულ სახელმწიფოს შეარჩევდნენ? იტალიაში, საბერძნეთში ან საფრანგეთში ზღვით შესვლა კი არა, ბელარუსში ჩაფრენა გადაწყვიტეს, იქიდან კი ლტოლვილთა და მიგრანტთა ყველაზე დაბალი მიმღებლობით გამორჩეულ პოლონეთში შესვლა მოუნდათ. რუსეთი ცდილობს დაძაბულობის ახალ-ახალი კერები შექმნას ევროკავშირის საზღვრებზე. დღეს შეიძლება საშინელი კრიზისი არ იყოს, მაგრამ მის იმიჯს ასუსტებს. ამ ვითარებაში იმედისმომცემია ჩვენი პარტნიორების განცხადება, რომ დასავლეთი მხარს გვიჭერს, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დალაგებული ქვეყანა ვართ.