როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ
ყოველწლიურად დედამიწაზე დაახლოებით 15 მილიარდი ხე იჭრება, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად 7 000 000 ჰექტარი ტყე ნადგურდება, რაც ნიშნავს, რომ პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ტყეების გაჩეხის ერთ-ერთი მიზეზი ქაღალდისა და ფანქრის ინდუსტრიაა, ქაღალდის, რომელიც სრულიად ახალ, გააზრებულ მიდგომაზე გადადის. ამ პროცესის ნაწილია "პალიტრა L“-ის პროექტი "მაკულიტერატურა", რომელმაც 2012 წლიდან უკვე 150 000 ხე გადაარჩინა განადგურებას და წარმოებისთვის გამოყენებას. ამაში კი თითოეული იმ ადამიანის წვლილია შეტანილი, რომლებმაც მაკულატურა პროექტს მიაწოდეს. პროექტი ხის ნედლეულის გააზრებულ მოხმარებას, გადამუშავებადი პროდუქციის წარმოებაში ჩაბრუნებასა და ახლის შექმნას ემსახურება. მისი მიზანია შევინარჩუნოთ გარემო, ძველს დავუბრუნოთ ახალი სიცოცხლე და უსარგებლო შევცვალოთ ჩვენთვის სასარგებლო ახალი წიგნით.
ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სახლში ყველა ჩვენგანს მოეპოვება მაკულატურა - თაბახის ფურცლები, რვეულები, გაზეთები, წიგნები ყოველგვარი მხატვრული ღირებულების გარეშე, რომელთა ნაწილი გადასაყრელად არის გამზადებული, ნაწილს კი უბრალოდ აღარ წაიკითხავთ. ამ წიგნების "მაკულიტერატურისთვის“ მიწოდებით შეგიძლიათ ხეებიც იხსნათ და მათ ახალი დანიშნულებაც მოუძებნოთ. "მაკულიტერატურისთვის“ მიწოდებულ ძველ წიგნებს ეროვნული ბიბლიოთეკა გადაახარისხებს და ისინი ისევ თაროებზე დაიდებენ ბინას.
"მაკულიტერატურა" ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მხოლოდ ახალ წიგნებს გვთავაზობს. პროექტის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათი წამოწყება ემსახურება როგორც ეკოლოგიაზე ზრუნვას, ისე წიგნის გავრცელების ხელშეწყობას - აბარებთ უსარგებლო მაკულატურას და სანაცვლოდ იღებთ თქვენთვის სასურველ და საინტერესო ლიტერატურას.
პროექტის მენეჯერის ანა ჯოჯუას თქმით, "მაკულიტერატურა" მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკის შექმნაში, გარდა ამისა, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა:
"პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო. უამრავი გამოუსადეგარი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში. მეორეული ქაღალდი კი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. წიგნის მოყვარულებს ვაძლევთ საშუალებას, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში, რითაც წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში", - აღნიშნავს ანა ჯოჯუა.
ქაღალდის გადამუშავების უპირატესობაა ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვა. ქაღალდის გადამუშავება ამცირებს "სათბურის ეფექტს", რაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. გადამუშავებული ქაღალდი ისეთივე ხარისხიანი მასალაა, როგორიც მისი პირველწყარო. რაც მთავარია, ამგვარად ხეებს სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ, რათა მეტი ჟანგბადით მოგვამარაგონ.
თუ ახლანდელი ტემპით გაგრძელდა ხეების ჭრა, იელის უნივერსიტეტის მკვლევრის, დოქტორ თომას ქროუთერის ინფორმაციით, 300 წელიწადში შესაძლოა ტყეები განადგურდეს. ერთი ხისგან კი, დაახლოებით, 8 333,3 ფურცელი მზადდება, რომლებიც, თუ გადამუშავებას არ ექვემდებარება, გარემოს აბინძურებს. ამ სტატისტიკის შემცირება და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება მაკულატურის ჩაბარებითაც შეგვიძლია. ჩვენს ბიბლიოთეკას ახალი ლიტერატურით გავამდიდრებთ და გარემოზეც ვიზრუნებთ.
"მაკულიტერატურის" წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ ძველი წიგნების, ჟურნალების, გაზეთების თუ სხვა მაკულატურის ჩაბარება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს და ორივე მათგანი სანაცვლოდ ახალ წიგნებს მიიღებს.
პროექტი დაწყების დღიდან უწყვეტად გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართები:
თბილისი: წერეთლის 116, „დიდუბე პლაზის“ ეზო (ტელ: 599 88 82 26)
ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას 5 (ტელ: 599 04 77 32)
რუსთავი: მე-16 მიკრო, 7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, „ენერგოპროს“ გვერდით. (ტელ: 577 32 23 91)
მარიამ მენაბდიშვილი