"გადადღაბნილი საღებავის ქვეშ ჩვენი წინაპრის დიდმა ხელოვნებამ - ქართულმა ფრესკებმა ამოანათა“
"თურქეთის მთავრობამ ისტორიული საქართველოს განძი - პარხალი აღადგინა“
იქნებ ოდესმე ბედის ჩარხი ისე მოტრიალდეს, რომ ჩვენს ქვეყანას ტაო-კლარჯეთი ისევ დაუბრუნდეს, მანამდე კი ამ მიწის ყოველი გოჯი იმ ტკივილთან იქნება დაკავშირებული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. თუმცა, ჭრილობამაც იცის ხოლმე დაამება და ცოტაოდენი შვების მოცემა: ბოლო დროს თურქეთის მთავრობამ ისტორიული საქართველოს განძი, პარხალი აღადგინა. სწორედ პარხლის აღდგენის მონაწილე გახლდათ რესტავრატორი ნანა კუპრაშვილი.
- ალბათ, მთელ საქართველოსთან ერთად ვემადლიერები ჩვენს კულტურის სამინისტროს, რომელმაც მოახერხა თურქეთის ხელისუფლებას შესთანხმებოდა, რომ პარხლის რესტავრაციას ქართველებიც დასწრებოდნენ. თურქეთში ოთხნი წავედით: ალექსანდრე რუბაშვილი, გიორგი ნავროზაშვილი, ბებეურ გოზალიშვილი და მე. ტაძარში სწორედ იმ დროს შევედით, როდესაც თურქი რესტავრატორები საკურთხეველში ფრესკებზე საღებავს ხსნიდნენ.
- როგორ შეგხვდნენ?
- გახარებულებმა გვითხრეს: რა კარგია, რომ მოხვედით, ჩვენ ხომ ეს მხატვრობა არ ვიცით. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, თუ ჩარევა გახდა საჭიროო.
- ბედის მწარე თამაშია, რომ თურქეთს ჩვენგან ისეთი ხელოვნება ერგო, რომელმაც მათ კულტურას სახელი გაუთქვა. თუმცა სასიხარულოა, რომ თურქეთს არ ეშინია იმის აღიარების, რომ ეს ძეგლები სხვისია.
- ამ ყველაფერს ერთი სევდიანი ამბავიც დაემატა: როდესაც ფრესკებს საღებავი მოხსნეს, საკურთხეველზე იმდენი ფრესკა არ აღმოჩნდა, რამდენსაც ველოდით. არადა, ამ ფრესკების შესახებ ჩვენ ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოდან ვიცოდით. მან თურქეთში ჩვენი ძეგლები გასული საუკუნის დასაწყისში მოიარა. იმ ფოტოზე პარხლის საკურთხეველი ფრესკებით არის დაფარული. ყველაზე სრულყოფილი ნათლისღების ფრესკაა, დანარჩენი მხოლოდ ფრაგმენტებია. პარხალში დღესაც მეჩეთია, რამაც იქაურობა შეინახა. გული გაგვინათდა, როდესაც გადადღაბნილი საღებავის ქვეშ ჩვენი წინაპრის დიდმა ხელოვნებამ ქართულმა ფრესკებმა ამოანათა. მართალია ფრესკები დაზიანებულია, მაგრამ პატივისცემა გაგვიჩნდა თურქი რესტავრატორებისადმი, რომლებმაც გვკითხეს, დაზიანებული ფრესკები ისევ ხომ არ მოვხატოთო?
- ანუ თავად აპირებდნენ დაკარგული ფრაგმენტების შევსებას?
- პირველად კი. მაგრამ ვუთხარით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც მხატვრობა იმ ეპოქას გამოხატავს, რომელშიც შეიქმნა. პარხლის ფრესკები XI საუკუნის ფერწერიდან, იმ დიდებული დროიდან მოდის, როდესაც საქართველოში აღმშენებლობა იყო. რა თქმა უნდა, ფრესკებს აღსადგენად არავინ შეხებია, ფრაგმენტები ცხრა საუკუნის შემდეგაც შემორჩა.
- რისგან მზადდებოდა ასეთი გაუხუნებელი საღებავი, რომ საუკუნეების შემდეგაც ხასხასაა.
- ყველას გვინახავს, როგორ აწითლებს ზოგიერთი მინერალური წყალი უზარმაზარ ლოდებს თუ კენჭებს. ჩვენი წინაპარი ფერმწერები სწორედ ამ მინერალს იღებდნენ საღებავისთვის, ფქვავდნენ და მერე სხვა ბუნებრივ ფერებს უმატებდნენ.
- პარხალში კიდევ რა დაგხვდათ ასეთივე სულის შემძვრელი?
- პარხალი ისეთი თლილი ქვით არის ნაშენები, წუნს ვერ მოუძებნი. ამბობენ, რომ სწორედ ასე უზადოდ გათლილი ქვების გამო არ იყო თავდაპირველად გათვალისწინებული პარხლის მოხატვა, მხოლოდ საკურთხეველი მოიხატა. და კიდევ, ფანჯრების კამარებში ქართული ანბანის პირველი ასოებია. სავარაუდოდ, მისი მშენებლების სახელების დასაწყისის.
- შემიძლია წარმოვიდგინო ქართველები, რომლებიც მთელ სულს დებდნენ ტაოს მშენებლობაში. ალბათ, არაფერი დაშავდება, რომ ასეთების ისევ გამოჩენა ვინატრო?
- ღმერთმა ქნას, თუმცა, რაც გვაქვს, ისიც გვიდასტურებს, ვინ ვართ და რა შეგვიძლია. მეც ვისურვებდი, რომ გვქონდეს ძალა მისი შენახვისა და გაფრთხილების, მათ შორის ტაო-კლარჯეთშიც.