"ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ არ გადავიხვეწე სადღაც...“
"მეზობელმა ძველი სახლი დაშალა და სხვენში უზარმაზარი თიხის დოქი იპოვა... გავწმინდე, დავგრუნტე და მოვხატე ძველი თბილისის ზამთრის პეიზაჟები. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ამის შემდეგ დავიწყე დოქებზე ხატვა" - ამბობს ელგუჯა (გუჯა) ტუჩაშვილი, რომლის მოხატული დოქი დღეს რომის იშვიათ ხელნაკეთთა და ანტიკვარიატის ლაბორატორიაში ინახება. დღეს ხელოვანი ხატწერით არის დაკავებული.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. წარმოშობით ყაზბეგიდან ვარ, ზაფხულობით მშობლებს მე და ჩემი და-ძმა ბაბუასთან ჩავყავდით. ბიძები მასწავლიდნენ მთის წესებსა და წინაპრების ტრადიციებს. სკოლაში წიგნებსა თუ რვეულებზე ვხატავდი, აჭრელებული მქონდა ყველაფერი და ამისთვის სულ პრობლემები მქონდა სახლშიც და პედაგოგებთანაც. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მძიმე პერიოდი იყო: თბილისის ომი, გვარდია, "მხედრიონი", ტყვიებიც მოხვედრია აკადემიის შენობას, მაგრამ სწავლა არასდროს შეწყვეტილა. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი იქ გავატარე. აკადემიაში გახსნილი იყო ალპინიზმის კლუბი, მწვერვალებზე ავდიოდით, ეს სიცოცხლის ძალას მაძლევდა და ხატვის განწყობასაც მიქმნიდა.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ხელოვნებისთვის არავის ეცალა. ხანდახან ნახატებს გასაყიდად მოსკოვში ვგზავნიდი. შემდეგ ოდესაში წავედი, თუმცა არც იქ იყო დიდად უკეთესი პირობები. ძლივს გაჰქონდათ მხატვრებს თავი, ამიტომ საბერძნეთში წასვლა გადავწყვიტე. ვხატავდი და კაპიკებად ვაბარებდი სამხატვრო მაღაზიებში. შემდეგ ერთი გალერეის პატრონმა შემამჩნია, ის ყიდულობდა მაღაზიებში ჩემს ნამუშევრებს და ამერიკაში ან ევროპის ქვეყნებში გასაყიდად გზავნიდა. შეკვეთებს სტაბილურად მაძლევდა, მაგრამ სამ წელზე მეტხანს ვერ გავძელი... დავბრუნდი საქართველოში და ამერიკაში წასასვლელად მზადებას შევუდექი. ამ დროს ხატწერაც დავიწყე, პირველი დიდი ხატი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს შევწირე. წინამძღვარი მამა მიქაელი (თევზაძე) საკურთხევლის მოხატვას აპირებდა და მთხოვა, სანამ წახვალ, მოხატვაში დაგვეხმარეო. დაუფიქრებლად დავთანხმდი. ორ კვირაში მთავარ ხატმწერად დამასახელა და მოხატვა ჩემი ხედვით განვაგრძეთ. ისე მომეწონა, წასვლაზე ფიქრს თავი დავანებე და მთლიანად ამ საქმეს მოვკიდე ხელი. 11 წელი გავიდა მას შემდეგ და ერთი დღეც არ გამიშვია ფუნჯი ხელიდან. ღვთის წყალობით, ამჟამად დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრის ფრესკებზე მარტო ვმუშაობ. საღამოობით სახლში ვხატავ, ხატებს ვწერ, თითქმის სულ შეკვეთები მაქვს და ეს მექცა ცხოვრების წესად.
ხატვის გარდა, ხეზე ვკვეთდი, ბარელიეფებს, ვიტრაჟებს ვაკეთებდი. ათი წლის წინ მეზობელმა ძველი სახლი დაშალა და სხვენში უზარმაზარი თიხის დოქი იპოვა. გავწმინდე, დავგრუნტე და ძველი თბილისის ზამთრის პეიზაჟები მოვხატე. მას შემდეგ დოქებზე ხატვაც დავიწყე. ერთი თვის წინ გადავწყვიტე ერთი დოქი რომში იშვიათ ხელნაკეთთა და ანტიკვარიატის ლაბორატორიაში გამეგზავნა. ვფიქრობდი, დაახლოებით 400-500 ევროდ შეაფასებენ-მეთქი და მოულოდნელად 1.175 ევროდ შეაფასეს. რომისა და მილანის გალერეები მთელ მსოფლიოშია ცნობილი... ტაძრების მოხატვას გავაგრძელებ! ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ჩემს ქვეყანაში ვქმნი, რომ არ გადავიხვეწე სადღაც და მხოლოდ ჩემი თავისთვის არ ვიშრომე. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!