"შეასრულეთ ის ფუნქცია, რაც ალაჰმა დაგაკისრათ, გაუჩინეთ და გაუზარდეთ ბიჭები კაცებს ღირსეულ მეომრებად და ფეხებში ნუ გვედებით, თორემ ვეღარ იარსებებთო" - კვირის პალიტრა

"შეასრულეთ ის ფუნქცია, რაც ალაჰმა დაგაკისრათ, გაუჩინეთ და გაუზარდეთ ბიჭები კაცებს ღირსეულ მეომრებად და ფეხებში ნუ გვედებით, თორემ ვეღარ იარსებებთო"

"უკვე აღარ ვიცი, რას მოუტანს ჩვენი აქტიურობა ავღანეთს, მაგრამ მაინც მზად ვართ, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ხმა ყველას მივაწვდინოთ და ვუამბოთ, რა ხდება ავღანეთში“

ავღანეთში "თალიბანის" დაბრუნებით ყველაზე დიდი საფრთხე ქალებსა და ბავშვებს შეექმნათ - ტერორისტულმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ ქვეყანა შარიათის კანონით უნდა იმართებოდეს. 23 წლის სიმა მაიდეს "თალიბანის" წინა რეჟიმი არ ახსოვს, მაგრამ დედამისს, მის უფროს დებსა და დეიდებს ახსოვთ მათი როზგების ხმა და ტკივილი. ახლა გოგონამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ოჯახთან ერთად დროებითი თავშესაფარი იპოვა და ავღანელ მეგობრებთან კავშირსაც როგორღაც ინარჩუნებს:

- ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. არ არის დენი, წყალი, გაზი, არ ცხვება პური, მაღაზიები თითქმის არ მუშაობს, რადგან ყველა გაძარცვეს. დაკეტილია აფთიაქები და სამედიცინო დაწესებულებები. ხალხს ბავშვებისთვის საკვები არა აქვთ. ქალები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ, სახლიდან ვეღარ გამოდიან, ისევე როგორც ის კაცები, რომელთა ცოლები და შვილები დასაქმებული იყვნენ. ერთმა ჩემმა თანამშრომელმა თავისი ახლობლის ძმას, რომელიც თალიბებთან მეგობრობდა, ჰკითხა, რატომ გვებრძვით ქალებს, რატომ აღარ გინდათ ვარსებობდეთო. მას უპასუხია, იარსებეთ, ოღონდ არ უნდა ჩანდეთ, შეასრულეთ ის ფუნქცია, რაც ალაჰმა დაგაკისრათ, გაუჩინეთ და გაუზარდეთ ბიჭები კაცებს ღირსეულ მეომრებად, მოუარეთ მათ, მოამზადეთ საჭმელი, იარეთ უჩინრად ქუჩებში და ფეხებში ნუ გვედებით, თორემ ვეღარ იარსებებთო.

გოგოებს თალიბები შვილებად არ თვლიან. თუ შარიათის კანონის მიმდევარს ჰკითხავთ, რამდენი შვილი გყავსო, მხოლოდ ბიჭებს დაგისახელებთ, რადგან გოგოს შვილად არ თვლიან. ბოლო დროს დასავლური მედია წერს, რომ ჩვენი ქალები უმძიმეს დღეში არიან, არადა, ვერ ვიტყოდი ასე - ქაბულსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში დარჩენილი ქალები არიან ცუდ დღეში, რადგან ისინი "თალიბანის" ტერორისტულ რეჟიმს აპროტესტებდნენ, თორემ დანარჩენი ქალები თალიბებს მებრძოლებს უზრდიდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ, 7-8 წლის გოგონებს საქონელზე ყიდდნენ. ამ ოცი წლის განმავლობაში მათთვის არაფერი შეცვლილა, არც ახლა შეიცვლება. 8-9 წლის გოგონებს ისევ მამის და ბაბუის ასაკის კაცებზე ათხოვებენ. ვინც გააპროტესტებს, ჩაქოლავენ ან საჯაროდ ჰკვეთენ თავს. ამერიკელების გასვლის შემდეგ აეროპორტსაც კი თალიბები აკონტროლებენ და ვერავინ გაიგებს, რა ხდება ქვეყანაში.

avganeti2-1638735273.jpg

- ქვეყანაში დარჩენილები ინტერნეტში ავრცელებენ ვიდეოჩანაწერებს...

- მალე ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებსაც აკრძალავენ, ან ყველასთვის ვერ იქნება ხელმისაწვდომი, რადგან დენი ძალიან ხშირად არ არის...

უკვე აღარ ვიცი, რას მოუტანს ჩვენი აქტიურობა ავღანეთს, მაგრამ მაინც მზად ვართ, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ხმა ყველას მივაწვდინოთ და ვუამბოთ, რა ხდება აქ და რა შეიძლება მოხდეს.

ჩვენ კიდევ ერთი შანსი გავუშვით, რომ ავღანეთი ქვეყანას დამსგავსებოდა. ღამეებს ვათენებდი, რომ მესწავლა სკოლაში, პარალელურად კი ინგლისური. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ისტორია-ხელოვნება ავირჩიე. სამსახური მქონდა, საკმარისი ხელფასით.

მე და ჩემს თანატოლებს ჩვენი ცხოვრება გვქონდა, ასე თუ ისე ბედნიერი. პიჯაკით და მუხლებამდე ქვედაკაბით ქუჩაში გამოსულს არაერთხელ მესროლეს ქვა, მათ შორის ქალებმა და მომაძახეს, რომ ალაჰის ნების წინააღმდეგ წასულს აუცილებლად მომთხოვდნენ პასუხს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცოტაც და, მათი მენტალობაც შეიცვლებოდა, შვილები დაანახებდნენ, რომ განათლებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ მაინც სიბნელემ გაიმარჯვა.

ერთხანს სამედიცინო პროექტში ვიყავი ჩართული, რომელიც ქალებს ჯანდაცვის მნიშვნელობას ასწავლიდა, მაგრამ ბევრი ქალი არც თავად მოვიდა და არც ქალიშვილი გამოუშვა ტრენინგზე მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მამაკაცებიც მონაწილეობდნენ. ქალები და ბავშვები მანქანით მიგვყავდა და მოგვყავდა, მძღოლად კი კაცები მუშაობდნენ. რამდენიმეჯერ ქვები დაგვიშინეს ქალებმა. ერთხელ ჩემმა კოლეგამ ერთ ჩადრიან ქალს ჰკითხა, უზღუდავდა თუ არა სამოსი მხედველობას და მოძრაობას, მან კი ზიზღით უპასუხა, რომ ასე ნაკლებ ცოდვას ხედავდა გარშემო და თავადაც ნაკლები ცოდვის მიზეზი ხდებოდა. ამაზე მაშინ გაგვეღიმა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მე და დედას საფრთხე შეგვექმნას. ასეთ რამეებს რომ ვიხსენებ, არ მიკვირს, რომ ოცი წლის შრომა წყალში ჩაგვეყარა.

- თქვენზეც გვიამბეთ.

- ჩემზე ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. მამა, უფროსი ძმა და ბიძა, რომელსაც ჯერ ოჯახი არ ჰყავდა, "თალიბანს" შეეწირნენ. დასავლეთ ქაბულში კაკაოსა და ჩაის პატარა საოჯახო მაღაზია გვქონდა. ოთხი წლის წინ ისინი "თალიბანისთვის" ფულადი დახმარებისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის მანქანაში ჩაცხრილეს. მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ. დედასა და დეიდებს თანამედროვე ცხოვრების წესის, ქუჩაში ჩადრის გარშე მარტო გამოსვლის, სიარულის, მანქანის ტარებისა და სამსახურის გამო მუდმივად ემუქრებოდნენ. დედამ წერა-კითხვა მას შემდეგ ისწავლა, რაც 2000-იან წლებში ამერიკამ ქვეყნიდან "თალიბანი" განდევნა. მერე ჩააბარა უნივერსიტეტში და დიპლომიც აიღო. ასევე მოიქცნენ მისი დებიც და მათი თაობის უამრავი ქალი. ამის გამო უფროსი თაობის ქალების რისხვა დაიმსახურეს. პატარა რომ ვიყავი, დედას ოფიციალურ შეხვედრებზე დავყავდი, სადაც უცხოელ ქალებს საქმიანი სამოსი ეცვათ, ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდათ და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. მაშინ ვნატრობდი, დედაც ასეთი ჩაცმული მენახა და როდესაც გავიზრდებოდი, მეც ასე ჩამეცვა. თითქოს ეს ოცნება ავიხდინე, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. ახლა ისევ ჩადრებს დავუბრუნდით, ალბათ, სამუდამოდ. უკვე გაროზგეს ათობით ქალი, უამრავს სიკვდილით ემუქრებიან, თუ ქვეყანას სამუდამოდ არ დატოვებს. გაგვიმართლა, რომ ჩემი უფროსი დები ქმრებსა და შვილებთან ერთად დიპლომატიურ სამსახურებში იყვნენ დასაქმებული და როგორც კი "თალიბანი" გააქტიურდა, სხვადასხვა ქვეყანამ თავშესაფარი მისცა. ისინი ავღანეთის პროვინციებში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებდნენ, ქალებსა და ბავშვებს განათლების მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას უხსნიდნენ. გვეგონა, ჩვენს შრომას შედეგი ჰქონდა, ხალხს განათლება აინტერესებდა და ნორმალური ცხოვრება სურდა.

როდესაც ქაბულს ვტოვებდით, დედამ მითხრა, მე საბუთებს ჩავალაგებ, შენ ტანსაცმელს მოუყარე თავი, რამდენიმეს გარდა ყველა უნდა გადავყაროთო. ვიცოდით, რომ ევროპული სამოსის, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისთვის არაერთი ქალი გაროზგეს.

ნაგვის ურნაში ვყრიდი ჩემს ფერად და ლამაზ სამოსს და ვტიროდი. ვიცოდი, რომ ის ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდებოდა. ბევრი ამბობს, რომ "თალიბანი" დიდხანს ვეღარ გააკონტროლებს ვითარებას და მალე დაპირისპირება დაიწყება, მაგრამ ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება.

დედა ამბობს, რომ აქედან არსად წავა და მზად არის სიკვდილისთვის. ცდილობს მე გამიშვას ჩემს მეგობრებთან, რომლებიც ახლა პარიზს აფარებენ თავს, მაგრამ დედის დატოვება არ მინდა. ძალიან პრინციპული ადამიანია. კარგად იცის ინგლისური, ფრანგული და არაბული ენები. მასაც სთავაზობდნენ დიპლომატიურ თავშესაფარს, მაგრამ არ წავიდა. განადგურებული იყო, როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. მის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას მაინც არ ელოდა, ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი.