"სოფლის მეურნეობა ძალიან აზარტულია“
"კოოპერატივისთვის დახმარება მეტია - სახელმწიფო გიფინანსებს ნერგების 80%-სა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 60%-ს“
კოოპერატივი "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირია, რომელიც წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას წარმოადგენს, მისი მიზანი კი მეურნეობის განვითარება და შემოსავლის გაზრდაა. გოგი სესიაშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დირექტორია, რომელიც მეგობრების ჯგუფმა შექმნა. ბატონი გოგი, რომელიც პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, თავის გამოცდილებაზე გვესაუბრება.
- 90-იან წლებში ღვინის ბიზნესში ვიყავი ჩართული. მე და გია მაისაშვილმა ღვინის ბირჟა შევქმენით, ამისთვის უცხოეთში შესაბამისი ცოდნა მივიღეთ. მერე ყველაფერი დაიშალა და ისევ ჩემს პირველ, მშენებელი ინჟინრის პროფესიას დავუბრუნდი... შარშან კი მე და ჩემმა მეგობარმა დამატებითი საქმიანობისთვის ალტერნატიული გზების ძიება დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან კარგი პროგრამები ჰქონია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ, "დანერგე მომავლის" ფარგლებში. ისიც გავარკვიეთ, რომ ევროპულ ბაზარზე ნუშის კულტურაზე დიდი მოთხოვნაა. ის ჩვენთან, აღმოსავლეთ საქართველოში, კარგად ხარობს.

- მოკლედ, გაჩნდა იდეა და მისი ხორცშესხმაც შესაძლებლად მიიჩნიეთ.
- დიახ, გადავწყვიტეთ შექმნა და დავიწყეთ კიდეც. იმ პერიოდში აუქციონზე გარდაბნის რაიონში, რუსთავიდან 10 კილომეტრში, 27 ჰექტარი მიწის ფართობი გამოჩნდა. ხუთი მეგობარი შევიკრიბეთ და მისი შეძენა გადაწყდა. მანამდე მიწის ნიმუშები ავიღეთ იმის დასადგენად, ღირდა თუ არა ყიდვა. მოგვიანებით დასტურიც მივიღეთ, რომ ამ ნიადაგზე ნუშის გახარება შესაძლებელი იყო. მოკლედ, ჩავერთეთ "დანერგე მომავლის" პროგრამაში და კოოპერატივი შევქმენით.
- მაინცდამაინც კოოპერატივი რატომ გადაწყვიტეთ?
- კოოპერატივისთვის დახმარება მეტია - სახელმწიფო გიფინანსებს ნერგების 80%-სა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 60%-ს. ამიტომ მეგობრებმა შვილებიც დავიმატეთ (ცხრა კაცია საჭირო დასაფუძნებლად) და კოოპერატივი შევქმენით.

- ასე დაფუძნდა თქვენი კოოპერატივი...
- კი. შემდეგ გვირჩიეს გორის რაიონის სოფელ სკრაში არსებული სანერგე, რომელიც კაკაშვილებს ეკუთვნით, და ნუშის ნერგები იქ შევიძინეთ. ვანო კაკაშვილი გაშენების დროს გვერდში გვედგა. ნუშის ნერგები უმეტესად უცხოეთიდან ჩამოაქვთ, მაგრამ ჩვენ ადგილობრივი ნერგები ავირჩიეთ. 27 ჰექტარზე 12 000 ძირი დავრგეთ. დაშვებულია, რომ უცხოეთიდან შემოტანილი ნერგების 10% დარგვის შემდეგ ფუჭდება. სასიხარულოა, რომ თითქმის ყველა ნერგმა გაიხარა. მხოლოდ 150 ძირამდე გაფუჭდა, სათანადოდ არ განვითარდა. ეს ძალიან მცირე პროცენტია. დარგვის პროცესს აგრონომი, პროფესიონალი აკვირდებოდა, ლაბორატორიაშიც სინჯავდა ნერგებს და ისინი საუკეთესოდ შეფასდა.
ვიყიდეთ დიდი ტრაქტორიც, დავამონტაჟეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა 600-კუბიანი აუზით... უნდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან აზარტულია, გსიამოვნებს, გახარებულ ნერგებს რომ უყურებ. სოფლის მეურნეობასთან მანამდე არ გვქონია შეხება, ახლა ამ დარგში აღმოვჩნდით და ძალიან გაგვიტაცა.

- გაფართოებას თუ აპირებთ?
- რა თქმა უნდა... ამის გარდა, ჩვენი ნაკვეთის მოსაზღვრედ მიწებს ირანელები ყიდდნენ და მათგანაც შევიძინეთ.
- ანუ ამ ფართობზეც ნუშს გააშენებთ?
- ნუშს, კაკალს - ძირითადად, კაკლოვან კულტურებს. სხვა ნერგებიც შეიძლება, თუმცა ვნახოთ. ნუში იმითაც არის ხელსაყრელი, რომ კარგად ინახება. ერთია მოყვანა, მაგრამ უნდა გქონდეს გასაღების ბაზარიც. შინდისში ერთ ფერმერთან ვართ დამეგობრებული, რომელთანაც ამერიკელების დაფინანსებით 1200 ჰექტარზეა ნუში გაშენებული. მოკლედ, ამ კულტურის წარმოება საქართველოში აქტიურად არის დაწყებული და პროდუქტი ევროპის ბაზარზე გავა.
- ნერგების გაზრდა ადვილია? რა აჩვენა ამ ერთმა წელმა და რით განსხვავდება, ის ვთქვათ, ქლიავის ან ვაშლისგან?
- ქლიავი და ვაშლი მალფუჭებადი პროდუქტებია, ნუში კი კაკლოვანი კულტურაა, არ ფუჭდება. მას ოქროსაც ადარებენ და საქართველოს სამომავლოდ კარგ შედეგს მოუტანს. იყენებენ პარფიუმერიაში, ფარმაკოლოგიაში, კულინარიაში. ვფიქრობ, ჩვენთან მოწეული უცხოეთში რაც გაიყიდება, გაიყიდება და დარჩენილი, ვთქვათ, წვრილი ნუში, უნდა გადავამუშაოთ. ამიტომ ამ მიმართულებითაც ვაქტიურობთ, ვაპირებთ "იუესაიდის" დაფინანსებით გადამმუშავებელი საწარმო შევქმნათ. ნუშისგან მზადდება რძე, ფქვილი... ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო კულტურაა და ძალიან გამძლეც. კლიმატურ პირობებსაც უკეთ უმკლავდება. თუმცა პატარ-პატარა პრობლემებიც არის.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენს ნაკვეთთან სარწყავი არხი ჩამოდის. მაშინვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ირიგაციის დეპარტამენტთან და მთელი წლის ფული გადავიხადეთ. მინდორი ბევრია და ზაფხულში გვალვებისას წყალზე მოსწრებაა, ამიტომ მორწყვის პრობლემა ჩნდება. ამის გამო ჩვენი ჭაბურღილის გაკეთება გადავწყვიტეთ. მეორე პრობლემა ის არის, რომ წვეთოვანი სისტემა დიზელზე მუშაობს, საწვავი კი ძალიან ძვირი ღირს. დენის გაყვანა შეიძლება, მაგრამ 4 კილომეტრშია. მოვიძიეთ ჰელიოსისტემები და ვნახოთ, გაისად იქნებ ჩვენი ჰელიოსისტემა გვექნეს. ეს ბევრად იაფი დაგვიჯდება.
- გაამართლა კოოპერატივმა?
- კი, არანაირი პრობლემა არ არის. ახლო მეგობრები ვართ, შვილებიც ამ კოოპერატივის წევრები არიან და საქმეში წილობრივი მონაწილეობა აქვს ყველას - ვის რამდენი პროცენტი აქვს ხარჯი, იმის მიხედვით. როდესაც 27 ჰექტარი ვიყიდეთ, ვიღაცამ 7 ჰექტრის ფული დადო, ვიღაცამ 6-ის, 3-ის - ასე გვაქვს გადანაწილებული. პირველ წელს ხარჯი მეტი გვქონდა, ტექნიკაც ხომ შევიძინეთ, ბევრი რამ იყო საჭირო...
სამაგიეროდ, პროექტი ამუშავდა და ახლა ხელის შეწყობა უნდა, რომ განვითარდეს. მნიშვნელოვანია ასევე ნერგების შეწამვლის სხვადასხვა პროცედურა, რათა დაავადებებისგან დავიცვათ. ნერგებს სასუქს ვაწვდით და ეს წვეთოვანი სისტემით ხდება.
- დიდი ფართობია და, ალბათ, მუშახელსაც ქირაობთ?
- გვერდით არის აზერბაიჯანელების ოჯახი, მესაქონლეობას ეწევიან. საცხოვრებელ კონტეინერებში ოთახი მოვუწყვეთ, ხელფასს ვუხდით დარაჯს, რომელიც იქაურობას ყარაულობს. ამასთან, ბრიგადირადაც დავნიშნეთ, თვითონ მოჰყავს სოფლიდან მუშახელი. მათი შრომით უკმაყოფილო არა ვართ.
- ჩვენს მკითხველს რა რეკომენდაციას გაუწევთ?
- ნაყოფიერი მიწები გვაქვს. თუ არ დაიზარებენ, შედეგი ექნებათ. შესაძლოა ბაღი 27 ჰექტარზე ვერ გააშენონ, 3 ჰექტარი აიღონ. პროდუქტი ისეთი მოდის, ბაზარს აუცილებლად მონახავს. ცხადია, შრომა უნდა და დოვლათიც მეტი შეიქმნება. რჩევას ხშირად მეკითხებიან. ყველას ვაკვალიანებ და რეკომენდაციას ვუწევთ. მივხედოთ მიწას, ამაზე კარგი რა უნდა იყოს.