"ევროსალათი“ რუკოლა წყალტუბოში
"რუკოლას, ოხრახუშსა და ცერეცოსთან ერთად, ექსპორტზე დიდი მოთხოვნაა როზმარინსა და ისრაელის პიტნაზე“
რამდენიმე წლის წინ რუკოლა რომ გეხსენებინათ, ყველა გაოცებული შემოგხედავდათ, რადგან სიტყვის მნიშვნელობა არავინ იცოდა. დღეს კი ეს მოცხარო-მომჟავო ბოსტნეული ჩვენში ნელ-ნელა საპატიო ადგილს ისევე იმკვიდრებს, როგორც უცხოეთში, სადაც რუკოლა სუფრის "საპატიო წევრია", განსაკუთრებით სალათებში. ჩვენში რუკოლა ძალიან იშვიათად მოჰყავთ გრუნტში, მწვანილეულის სათბურებში კი ის ნამდვილად ლიდერია. ყველაზე მეტად წყალტუბოში, რომელსაც მებოსტნეობის ტრადიციის გამო "ბოსტნეულის მექასაც" უწოდებენ. წყალტუბოში რუკოლა, და თანაც, დიდი რაოდენობით, როლანდ კილაძეს მოჰყავს. მის სათბურებში ეს ბოსტნეული ლიდერია და არა მარტო მწვანილეულში, არამედ ექსპორტშიც ჭარბობს.
როლანდ კილაძე:
- წყალტუბოელ ფერმერებს ხშირად გვეკითხებიან, რა ამბავია, ამდენი მწვანილი რომ მოგყავთ, ლამის მთელი წყალტუბო ბოსტნად იქცაო. ჩვენ ამ ტრადიციულ შეკითხვაზე პასუხიც შესაბამისი გვაქვს - მწვანილი სასარგებლოა, მის გარეშე ჯანმრთელი ვერ ვიქნებით. გარდა ამისა, ჩვენს მიწაზე მწვანილი ტრადიციულად მოდიოდა და ჩვენი შემოსავლის თითქმის ერთადერთ წყაროდ იქცა, მაგრამ როდესაც მწვანილი შემოსავლის წყაროა, მეწარმე ყურადღებით უნდა იყოს და გაითვალისწინოს ახალი კულტურები, რომლებზეც მოთხოვნა ბაზარზე სწრაფად იზრდება, შემდგომ კი თავადაც უნდა შეუდგეს ამ კულტურის გაშენებას.
რუკოლა მომჟავო-მოცხარო ბოსტნეულია, რომელიც გემოთი ოდნავ წიწმატსაც ჰგავს. მისი მომჟავო გემო ბევრს მოსწონს, განსაკუთრებით უცხოელებს. მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში, სადაც ექსპორტზე გაგვაქვს, რუკოლაზე დიდი მოთხოვნაა. მას სალათებში ინტენსიურად მოიხმარენ. სათბურში რუკოლას თესვა სექტემბერში დავიწყეთ, მოსავალს კი უკვე ნოემბრიდან ვიღებთ. საერთოდ, ამ მცენარეს სულ 40 დღე სჭირდება, საკვებად ვარგისი რომ გახდეს. ამ ახალი კულტურის თესლი დღეს ჩვენს მემცენარეობის მაღაზიებში ყველგან არის. მე ჰოლანდიურ თესლს ვთესავ.
სათბურებში კიდევ უამრავი სახის ბოსტნეული და ბაღჩეული მაქვს. ყველაფერი ექსპორტით გადის.
- მოვლა-მოყვანა, ცხადია, შრომატევადი საქმეა.
- რა თქმა უნდა. რუკოლას გრილი სეზონის ბოსტნეულს ეძახიან და შემოდგომით და გაზაფხულზე თესავენ. ჩემი რვა სათბურიდან რუკოლა ორში დავთესე, სექტემბერში. აქ ის უპრობლემოდ ხარობს, დათესვიდან მეოთხე-მეხუთე დღეს ამოდის. ჩვენში ამ დროს არც ისე დიდი სიცივეა, მაგრამ თუკი მაინც დაიჭირა, მცირე გათბობაც ჰყოფნის, სათბურში კი უპრობლემოდ მოდის. რა თქმა უნდა, კარგად დამუშავებულ ნიადაგზე მომყავს, რომელსაც მცირე ტრაქტორით ვხნავ. გარდა ამისა, კულტურას მორწყვა და სარეველებისგან გათავისუფლება სჭირდება. მორწყვისთვის წვეთოვანის ნაცვლად, ზემოდან მორწყვის მეთოდს მივმართავ - სათბურში დახვრეტილი შლანგების სისტემა მაქვს, საიდანაც მცენარეს წყალი ზემოდან წვეთობით დაედინება. ამ ბოსტნეულის მოვლა ძალიან არ განსხვავდება სხვა ბოსტნეულის მოვლისგან. ეს ახალი კულტურა სხვა ბოსტნეულივით ძალიან სასარგებლოა. თუმცა რუკოლას იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ შეიძლება ექიმის გამოწერილ ვიტამინების კრებულსაც შევადაროთ. გარდა ამისა, თმისა და ფრჩხილებისთვისაც სასარგებლო. უცხოეთში ამ მწვანილს უმეტესად სალათებში იყენებენ, რუსეთში კი თევზთან ერთად, რასაც თავადაც სიამოვნებით გეახლებით.
- როგორ ფუთავთ მწვანილს ექსპორტისთვის?
- უკვე გაწაფული ვართ. როგორც სხვა მწვანილეულს, რუკოლასაც ფესვთან ახლოს ვჭრით. მით უფრო, რომ სარეველებისგან უკვე გაწმენდილია. შემდეგ დიდ კონებად ვკრავთ, სპეციალურ, დახურულ ყუთებში ვათავსებთ და ტრაილერში ვალაგებთ, სადაც ტემპერატურა -2°-ია. ამ ტემპერატურაზე რუკოლაცა და სხვა ბოსტნეულიც ერთი თვის განმავლობაში ძლებს დაუზიანებლად.
- წყალტუბოდან ბოსტნეული საექსპორტოდ თვითმფრინავითაც გადიოდა. ახლა ასე აღარ არის?
- ის დრო წარსულს ჩაჰბარდა. ბოსტნეული ტრაილერებით გაგვაქვს ექსპორტზე. სხვათა შორის, რუკოლას, ოხრახუშსა და ცერეცოსთან ერთად, ექსპორტზე დიდი მოთხოვნაა როზმარინსა და ისრაელის პიტნაზე. ამ უკანასკნელს გემოთი ჩვენი პიტნა სჯობს, მაგრამ ექსპორტით ისრაელის პიტნა უფრო მეტად გადის. ამიტომ ეს ბოსტნეული რუკოლასთან ერთად მომყავს სათბურში.
- ქება გეკუთვნით, პროდუქციაზე მოთხოვნის ცვლილებას ალღოს უღებთ. თუმცა საექსპორტოდ ტრანსპორტირების ხარჯი, ალბათ, დიდი იქნება.
- ძალიან დიდია, თუმცა ვამხანაგდებით. ერთი ტრაილერით დაახლოებით 13 ტონამდე ბოსტნეული გადის და, რა თქმა უნდა, ერთი მეწარმე თავისი პროდუქციით ტრაილერს ვერ შეავსებს. ამიტომ ტრაილერის მძღოლისთვის ხელფასის გადასახდელად 5-6 მეწარმე შევამხანაგდით. საბედნიეროდ, უკვე გამოჩნდნენ პროფესიონალი მძღოლებიც, რომელთაც ვენდობით. მათ პროდუქცია ადგილზე მშვიდობიანად ჩააქვთ, სადაც ამ საქმით დაკავებული ხალხი ხვდება და ბოსტნეულს ყიდის. ეს ერთი სანდო წრეა, სადაც ყველა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ერთმანეთს ვუწყობთ ხელს. თესლი რომ თესლია, მის შესახებაც გამოცდილებას ერთმანეთს ვუზიარებთ. სამაგიეროდ, ნდობა ცოტა სახელმწიფოსთან მოიკოჭლებს. მოგეხსენებათ, ჩვენს ტვირთს რამხელა გზა აქვს გასასვლელი და სწორედ ეს გზაა ჩვენთვის რისკის შემცველი - ლარსის უღელტეხილამდე გზა ხშირად დაკეტილია. ჩვენი ტრაილერები ასეთ ვითარებაში დროს კარგავენ და პროდუქცია გვიზიანდება. ის მონაკვეთი ნოემბრის ბოლო რიცხვებში რამდენჯერმე დაიკეტა და ფასანაურში ტრაილერების რიგი დადგა. ასე რომ, ცალკე ჩვენ ვიტანჯებით და ცალკე ტრაილერის მძღოლები. სამაგიეროდ, უკვე ყაზბეგიდან რუსეთამდე გამართული, მოწესრიგებული გზაა. აბა, ისინი როგორ აღწევენ ასეთ წესრიგს?
- ნამდვილად არ შეიძლება, რადგან სწორედ თქვენისთანა ხალხი უზრუნველყოფს სახელმწიფოს არსებობას.
- ჩვენც ასე ვფიქრობთ. დღეს მთელი წყალტუბო "გადახურულია". ასე ვუწოდებთ იმ უამრავი სათბურის სურათს, რომელიც ჩვენს პატარა რაიონს ფარავს. მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალური სურათი კი არა, შრომაა, რომელსაც მხარდაჭერა იმ მხრივაც სჭირდება, რომ უკვე მოყვანილი პროდუქცია არ გაფუჭდეს და ხალხს ზარალი არ მიადგეს. ეს ხომ მხოლოდ ჩვენი კი არა, სახელმწიფოს ზარალიც იქნება.