ჭკვიანი "ჯეილები“ თბილისის ზოოპარკში - კვირის პალიტრა

ჭკვიანი "ჯეილები“ თბილისის ზოოპარკში

"სპილოები ძალიან ჭკვიანები არიან: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სარკეში თავიანთ თავსაც ცნობენ, რაც ცხოველებში იშვიათია... მეტისმეტად ჭკვიანი პრიმატები, ანუ მაიმუნები, აგრესიული არიან“

ზოოპარკი ცალკე სამყაროა, რომელიც პატარებსაც ახარებს და დიდებსაც. "15 წლის წინ, როცა აქ მუშაობა დავიწყე, ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენად რთული, საპასუხისმგებლო საქმე უნდა მეკეთებინა. ქუჩიდან შემოსული ადამიანისთვის ზოოპარკი მშვიდი, წყნარი ადგილია. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ აქ მცხოვრებ ყველა ცხოველს განსაკუთრებული ხასიათი ააქვს, ყველას თავისებური მოპყრობა სჭირდება", - გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილმა, რომელიც ჩვენი ზოოპარკის გამორჩეულ ბინადრებზე გვიამბობს.

- ამ წლების განმავლობაში თბილისის ზოოპარკს უამრავი ბინადარი ჰყავდა. პირველ რიგში უნდა გავიხსენო უსურიის ვეფხვი სალიმა, რომელიც ჩვენთან ძალიან პატარა მოიყვანეს საოცრად თბილი, კეთილი ცხოველი იყო, სულ თამაში უნდოდა. ჩვენც ვანებივრებდით და ხშირად ვეთამაშებოდით. სამწუხაროდ, 2015 წლის წყალდიდობას შეეწირა. ამ წყალდიდობამ ბევრი ცხოველი იმსხვერპლა... საბედნიეროდ, ჩვენს ზოოპარკში სასიხარულო ამბებიც ხდება.

- ამ 15 წელიწადში ყველაზე კარგად რომელი დღე გახსენდებათ?

- ალბათ, 2007 წლის 30 იანვარი, როცა ჩვენს ზოოპარკში პატარა, საყვარელი სპილო გაჩნდა. სახელის დასარქმევად კონკურსიც გავმართეთ და ბავშვებმა რატომღაც ბუნკა დაარქვეს. თავიდან ცოტა გვეხამუშა სახელი, მაგრამ მერე შევეჩვიეთ. ბუნკაც ჩვენ გავზარდეთ. მისი დაბადება თბილისის ზოოპარკის ისტორიაში საოცარი მოვლენა იყო: მისი არსებობის 90 წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა პატარა სპილო. ამას ვერც წარმოვიდგენდით. ბევრი ზოოპარკი ოცნებობს ამაზე, ბევრგან ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ, რათა სპილომ შთამომავლობა დატოვოს, ჩვენი ბუნკა კი ბუნებრივად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოევლინა ქვეყანას. ახალი წლის წინადღე იყო და ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ძვირფასი საახალწლო საჩუქარი მივიღეთ. ბუნკაც ძალიან მშვიდი და ხალისიანი არსება გახლდათ: ვოლიერიდან თავისუფლად გამოდიოდა, ყველას გვეთამაშებოდა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ბუნკა შუა ზამთარში დაიბადა და მის გაზრდაში ყველა ვმონაწილეობდით. ასეთი ჭკვიანი და დამჯერი შვილი ცხოველებში კი არა, ადამიანებშიც იშვიათია: ხორთუმის ერთი აქნევა და... მაშინვე დედასთან მირბოდა, ყველაფერს უჯერებდა.

- ახლა სად არის ბუნკა?

- ამჟამად ერევნის ზოოპარკში ცხოვრობს. ჩვენთან მის ნაცვლად გადმოვიდა გრანდი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია გავუკეთეთ, კერძოდ, ეშვების ამოჭრა სჭირდებოდა. როგორც გვითხრეს, ეშვები პატარაობაში დაიზიანა და ის ადგილები სულ უჩირქდებოდა. რადგან ერევნის ზოოპარკში, დახურულ სივრცეში ამ ოპერაციას ვერ გაუკეთებდნენ, გადავწყვიტეთ ბუნკაში გაგვეცვალა. ორი ოპერაცია გავუკეთეთ და ჩვენს გრანდს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. პირველი ოპერაცია ინგლისელმა ვეტექიმებმა გაუკეთეს, ხოლო მეორე - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გამოცდილმა ვეტექიმებმა. ორივე წარმატებით ჩატარდა და ახლა ველოდებით, იქნებ ჩვენს ზოოპარკში კიდევ ერთი საოცრება მოხდეს და პატარა სპილო დაიბადოს.

zoo2-1638736684.jpg

- ბატონო დათო, ყოველთვის სევდიანად იხსენებთ 2015 წლის წყალდიდობას, რომელმაც არაერთი ცხოველი შეიწირა. დარჩენილებმა თავი როგორ გადაირჩინეს?

- თითქმის ყველა ცხოველი ექსტრემალურ სიტუაციაში ინსტინქტების კარნახით მოქმედებს თავის გადასარჩენად. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი მარტორქა ბეგლარი, იგივე ბეგი, რომელიც 2015 წელს მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მისი ვოლიერი სანახევროდ წყალმა დაფარა, ის ვოლიერის ზედა ნაწილს შეეფარა და გადარჩა. ბეგის ვოლიერი, საბედნიეროდ, გადახურული არ იყო, ამიტომ ჩვენი ბეგი წყალს გამოჰყვა და თავი გმირთა მოედანზე ამოყო. ალბათ, გახსოვთ, ამ კადრებმა მსოფლიოს პრესა მოიარა. ის ცხოველები კი, რომლებიც დაიღუპნენ, გადახურულ ვოლიერებში ცხოვრობდნენ და ამიტომ ვერ გამოაღწიეს.

- განსაკუთრებით ჭკვიანი ცხოველები თუ გყავთ?

- ძალიან ჭკვიანები არიან სპილოები: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სარკეში თავიანთ თავსაც ცნობენ, რაც ცხოველებში იშვიათია. მეტისმეტად ჭკვიანები არიან ფრინველები: ბეღურასნაირები, ყორანი, ყვავი, ჩხიკვი, კაჭკაჭი... ეს ფრინველები სხვადასხვა ვითარებაში საოცარ მოქნილობას იჩენენ. სხვათა შორის, ჩვენც გვყავდა ერთი უჭკვიანესი ყორანი, რომელსაც მერლინი დავარქვით. მერლინი ბრჭყვიალა ნივთებს აგროვებდა და თვალისჩინივით უვლიდა: ყოველ დილას გაამზეურებდა და ისევ უკან შეჰქონდა. ეს მისი ყოველდღიური საქმე იყო, სამწუხაროდ, ჩვენი მერლინიც დაიღუპა. მეტისმეტად ჭკვიანი პრიმატები, ანუ მაიმუნები, აგრესიული არიან. ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ და უმკაცრეს იერარქიას ემორჩილებიან: ყველა ერთ ბელადს ემორჩილება. ჯგუფში შეიძლება რამდენიმე ათეული პრიმატი იყოს და ამხელა გუნდის მართვა იოლი როდია. თუ სადმე კონფლიქტი წარმოიქმნება, მეთაური მაშინვე იქ ჩნდება და მოჩხუბარ მხარეებს აშოშმინებს. ამ ცხოველებზე დაკვირვება უაღრესად საინტერესოა, ამიტომ მათ ვოლიერებთან ხშირად ვდგავარ და ვაკვირდები, როგორ უვლიან, ეფერებიან და უფრთხილდებიან ერთმანეთს, ზოგჯერ ჩხუბობენ. ამას წინათ დედა პავიანს შვილი მოუკვდა. ვოლიერიდან დაღუპული პატარას გამოყვანა გვინდოდა, მაგრამ დედა ცოცხალი თავით არ ტოვებდა, ამიტომ მისმა დაძინებამ მოგვიწია. როდესაც ცხოველი შვილს იცავს, ამ დროს ვოლიერში შესვლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან სახიფათო ხდება - იმდენად, რომ შესაძლოა მომვლელს მძიმე ტრავმებიც მიაყენოს. ცხოველების უმრავლესობა საოცარ მზრუნველობას იჩენს - ერთ ნახვად ღირს, როგორ უვლიან ნაშიერს, როგორი სიყვარულით და სინაზით ეპყრობიან... მრისხანე მტაცებლები, ლომები, ვეფხვებიც კი სიყვარულით ექცევიან შვილებს, უვლიან, აჭმევენ, ლოკავენ და ასუფთავებენ. ზოგჯერ პატარების თამაში მოსაბეზრებელი ხდება და დედა წაუთაქებს, თითქოს ეუბნება, თავი დამანებეთო.

zoo3-1638736684.jpg

- ცხოველებმა მეტოქეობაც იციან და სასტიკ ორთაბრძოლებსაც მართავენ...

- გეთანხმებით, მაგრამ დაუწერელ კანონებს არ ღალატობენ. ამაში კეთილშობილმა ირმებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ახლა ირმის მყვირალობის დროა. ამ დროს ხარირემი აგრესიული ქცევითა და ბღავილით იწვევს მეტოქეს, მერე კი მასთან ბრძოლას იწყებს, რათა ფურირმის ყურადღება მიიქციოს. ამ სეზონზე ბათუმიდან ჩამოვიყვანეთ კეთილშობილი ირმები. მათ შორის ერთ-ერთი ხარირემია. სექტემბრის ბოლოდან მყვირალობა დაიწყო და ძალიან ვნერვიულობდით, რომ ერთმანეთისთვის ზიანი არ მიეყენებინათ, მაგრამ მოლოდინი გაგვიცრუვდა. ჩვენი ზოოპარკის ირემი ასაკითა და ტანით უფრო დიდია და ზედაც არ უყურებს ბათუმიდან ჩამოყვანილ ხარირემს, არც კი ცდილობს შებრძოლებას და თავის საკადრის მეტოქეს დაეძებს. ცხოველები ხშირად მოქმედებენ ასეთი კანონებით, მაგალითად, ორთაბრძოლისას თუ ერთი ცხოველი დამარცხდება და გარიდებას ცდილობს, მეტოქე ამის საშუალებას აძლევს. არის შემთხვევები, როცა არც ერთი არ თმობს და ბრძოლა ერთ-ერთის დაღუპვამდე გრძელდება, მაგრამ ეს ძალზე იშვიათია. უფრო ხშირად გამარჯვებული დამარცხებულს ცოცხალს უშვებს.

- ცნობილია, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ადგილას გადადის, როგორ ემზადებით ამ დიდი ცვლილებისთვის?

- საგულდაგულოდ, რადგან ეს ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. სახელმწიფომ თბილისის ზღვასთან დიდი ტერიტორია გამოგვიყო, რომელიც მერიამ მაღალი რკინის ღობით შემოსაზღვრა. ახლა იმ ტერიტორიის ათვისებას ვიწყებთ. ვოლიერების ერთი ნაწილი უკვე მოწყობილია. ახალ ზოოპარკში უზარმაზარი ვოლიერები იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ბინადრებს თითქმის ბუნებრივი პირობები შევუქმნათ. მოკლედ, თბილისის ზოოპარკის ახალი სიცოცხლე იწყება და იმედია, ახალ ადგილას უფრო კომფორტულად და უფრო ლამაზად მოვეწყობით.

ხათუნა ჩიგოგიძე