"პუტინს ეშინია, რომ ამერიკის ძალისხმევით, საქართველო და უკრაინა საბოლოოდ ნატოს წევრები გახდებიან, რაც რუსეთისათვის "წითელ ხაზს" წარმოადგენს" - კვირის პალიტრა

"პუტინს ეშინია, რომ ამერიკის ძალისხმევით, საქართველო და უკრაინა საბოლოოდ ნატოს წევრები გახდებიან, რაც რუსეთისათვის "წითელ ხაზს" წარმოადგენს"

გერმანულმა გაზეთმა "ჰანდელსბლატმა" (Handelsblatt) გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ გერმანელ ექსპერტთან და დიპლომატთან - ვოლფგანგ იშინგერთან, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელთან. ინტერვიუში იგი ეხება გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს, რუსეთის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, გერმანიის სამომავლო პოლიტიკას ჩინეთთან და სხვა საკითხებს. საინტერესოა, რომ სტატიაში გერმანელი ექსპერტი საქართველოსა და უკრაინას ნატოსთან მიმართებით ფინეთის მაგალითის გაზიარებას ურჩევს.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომელიც გაზეთის კორესპონდენტმა ტორსტენ რიკემ ვოლფგანგ იშინგერს ჩამოართვა:

- იქნება თუ არა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის?

- ჯერჯერობით არ ვენდობი იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას წინასწარმეტყველებენ. მოსკოვმა ძალიან კარგად უწყის, რომ თავდასხმის ფასი ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე - სარგებელი. ნატო რუსეთს სწორედ ამით აფრთხილებს.

- და თქვენ ვლადიმერ პუტინის მუქარები არ გაშფოთებთ?

- პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, ასეთი მოქმედებით წინასწარ თავს იცავს. მას ეშინია იმისა, რომ, ამერიკის ძალისხმევით, საქართველო და უკრაინა საბოლოოდ ნატოს წევრები გახდებიან, რაც რუსეთისათვის "წითელ ხაზს" წარმოადგენს. ჩვენ ამჟამად არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ორივე ქვეყანა ალიანსში ვერასოდეს გაერთიანდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ ვუთხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორიენტაცია ფინეთზე გააკეთონ. ფინეთი ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატოს წევრი.

- როგორ უნდა ააწყოს გერმანიის ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა?

- რუსეთი ატარებს არა იმდენად სტრატეგიულ, რამდენადაც - ოპორტუნისტულ პოლიტიკას. ამიტომაც არის საჭირო, რომ დასავლეთი მოსკოვს ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ევროკავშირთან და ნატოსთანაც უნდა ითანამშრომლოს და - რუსეთთანაც. მოსკოვთან დიალოგი არასწორი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ რუსეთი დასავლეთის [კომპრომისულ] ნაბიჯს მისი სისუსტის გამოვლენად ჩათვლიდა.

- ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთთან მიმართებით გერმანია უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებს. თქვენი აზრით, სამომავლოდ ბერლინი პეკინთან ურთიერთობაში ეკონომიკას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს?

- ვფიქრობ, გერმანიის კოალიციური მთავრობა ჩინეთის მიმართ თავის სტრატეგიულ გეგმას შეადგენს და შემდეგ ევროკავშირსაც წარუდგენს. ამასთან, როცა ოლაფ შოლცი ტაივანისა და ჰონკონგის შესახებ თავის პოზიციას ჩინეთის ხელმძღვანელს გააცნობს, სი ძინპინს შეუძლია თქვას - "დიდი მადლობა, მაგრამ მე ამ საკითხებს სხვაგვარად ვუყურებ". საერთოდ კი, არ მიმაჩნია, რომ კოალიციურ შეთანხმებაში მოცემული დებულებები ჩინეთის მიმართ "ომის გამოცხადებას" ნიშნავს. ვფიქრობ, რომ კანცლერს ჩინეთთან კავშირების გაწყვეტა არ სურს. ჩვენ ადრე ჩინეთს, ძირითადად, მხოლოდ საექსპორტო ბაზრად მივიჩნევდით, ახლა დროა, სტრატეგიულად ვიაზროვნოთ. ევროკავშირის სტრატეგიას ჩინეთთან გერმანიამ უნდა უხელმძღვანელოს. ჩვენ, ევროპელები, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკურ რადარებზე უფრო აქტიურად უნდა გამოვჩნდეთ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ