"წლების განმავლობაში სუს-ს არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია, სამაგიეროდ წარმატებით დასდევს ოპოზიციის ლიდერებს"
"თვლა აგვერია უკვე ყველას, 2012 წლის შემდეგ რამდენჯერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით - მგონი სასკოლო სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ დღევანდელი სუს- ის მდგომარეობა როგორც პოლიტიკური პოლიციის საუკეთესო მაგალითი", - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზაალ უდუმაშვილი სუს-ში ნიკა მელიას დაბარებას.
როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელია დააკავონ კიდეც.
„სიტყვების გარდა ჩვენ არაფერი გვინახავს, რამდენიმე ადამიანს დაიბარებენ სუს-ში და მერე მთავრდება ამით. მგონი სასკოლო სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ დღევანდელი სუს-ის მდგომარეობა როგორც პოლიტიკური პოლიციის საუკეთესო მაგალითი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, სუს-ს არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია, სამაგიეროდ წარმატებით დასდევს ოპოზიციის ლიდერებს. ნიკა მელია უარს ამბობს სუს-ში როგორც მისვლაზე, ასევე სასამართლოში დაკითხვაზე, რადგან მისი დაბარება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ბუნებრივია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პასუხი სჭირდება. ნიკა მელია ჩვენ დაკავებულიც გვყავს ნანახი და შემდეგ გათავისუფლებულიც, ასე რომ, ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული, უბრალოდ, ახლა საკითხავია, სადამდე შეტოპავენ,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.