"შტაბის უფროსთან ერთად მივედით მის ოჯახში; ბოდიში მოუხადა დედას, - მაპატიეთ, თქვენი შვილი ვერ მოგიყვანეთო... დღემდე მიკვირს, როგორ არ ჩავიკეცე" - კვირის პალიტრა

"შტაბის უფროსთან ერთად მივედით მის ოჯახში; ბოდიში მოუხადა დედას, - მაპატიეთ, თქვენი შვილი ვერ მოგიყვანეთო... დღემდე მიკვირს, როგორ არ ჩავიკეცე"

"დედა გულდაწყვეტილი სულ მეუბნებოდა, - გასწავლე, შენ კი ჯარისკაცის ჩექმა ჩაიცვიო..."

სერჟანტი ნანა მეგრელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მითების დასამსხვრევად და საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად წავიდა, რომ შეუძლებელი არაფერია... ყოფილი პედაგოგი რამდენიმე წელია, ქვეყნის სამსახურშია, ავღანეთში ორი სამშვიდობო მისიაც მოილია და ადგილობრივების ცხოვრებასაც უფრო ახლოს გაეცნო.

- მე-14 წელია, შეიარაღებულ ძალებში ვარ. 2008 წელს ჯარში სამსახური ძალზე პოპულარულად ითვლებოდა. მართალია, არცთუ ისე პატარა ვიყავი, 33 წლის, მაგრამ თვითრეალიზიციის შესაძლებლობა გამიჩნდა... ჯარში კონტრაქტით სამსახური ახალი დაწყებული იყო, ამიტომ მივედი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარში ნამდვილად შემეძლო მსახურობა, მომიწია სამხედრო "კარანტინის" გავლამ, თუმცა უკვე შემდგარ სამხედრო მოსამსახურეს ეს არ გამჭირვებია... ახლა ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ბაზაზე არსებულ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრ "ჯეიტეკში" ვმსახურობ. შტაბის შ-4-ის სერჟანტი ვარ, ლოჯისტიკის დეპარტამენტში. წლების განმავლობაში სპეციალობა არ შემიცვლია.

- სამშვიდობო მისიების შესახებ მოგვიყევით.

- ორჯერ ვიყავი "ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში". 2015 წლიდან ეს მისია ბაგრამის ბაზაზე იყო განთავსებული, სადაც პირველად 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად ვიმყოფებოდი. ავღანეთში მისია ყველა დროს რთული იყო, მუდმივად არსებობდა რისკები, არასოდეს ყოფილა მოვლენების განვითარება პროგნოზირებადი, თუმცა 2015 წლის შემდეგ ქართველი სამხედროების საბრძოლო ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, ადამიანების შემოსვლის და ტექნიკის კონტროლი იყო... ავღანეთში ყოფნისას ჩემი მისია ჩემი ზოგადი მოვალეობისგან განსხვავდებოდა.

- პირველ მისიაზე გვიამბეთ.

- 2015 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში "კორეელების ჰoსპიტალში" ვმსახურობდი და სხვა სამხედროებთან ერთად, მეც მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სოფლის მცხოვრებლებთან ურთიერთობა. მრავალპროფილური დაწესებულება იყო. ადგილობრივები იქ როგორც ანალიზებს, ასევე ქირურგიულ ოპერაციებს იკეთებდნენ. სამედიცინო პერსონალი კორეელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ პაციენტებს, ვინც ჰოსპიტალში შემოდიოდა, პირველად ჩვენ ვხვდებოდით, ანუ მისაღებში ვისხედით ქართველები და ისიც ვიცოდით, ვის რა სამედიცინო საჭიროება ჰქონდა. ძირითადად ქალები და ბავშვები შემოდიოდნენ... კოშკურაში მე, ქართველ სნაიპერთან ერთად, სკანერის აპარატთან ვიჯექი და ჰოსპიტალში ყველა შემომსვლელს ვატარებდი, რათა ვინმეს ასაფეთქებელი ნივთიერება არ შემოეტანა... შემდეგ მისაღებში ვიყავი, დანარჩენ ქართველებთან ერთად, სადაც პირდაპირი კონტაქტი გვქონდა ავღანელებთან.

პირველ მისიაში წიგნები არ მქონდა წაღებული, ძალიან განვიცდიდი, კითხვა მიყვარს. რამდენჯერმე ვთქვი მთავარ სერჟანტთან, - რა კარგი იქნება, ქართული წიგნების ბიბლიოთეკა რომ გვქონდეს-მეთქი. შემდეგ, როდესაც როტაცია მოხდა, გიორგი კეკელიძის თაოსნობით, ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა.

- რა სახის ჯანმრთელობის პრობლემებით შემოდიოდნენ ადგილობრივები?

- მე არ მინახავს ნაღმზე აფეთქებით დაზიანებული ადამიანები, რადგან იქაური ქალების უმეტესობა მაინც ჰიჯაბსა და ნიქაბს ატარებდა, თვალებზეც კი ბადე ჰქონდათ ჩამოფარებული, ამიტომ თვალების დანახვაც კი ჭირდა. კორეელ სამედიცინო პერსონალს მეტი ინფორმაცია ექნებოდა. თუმცა, მახსოვს ერთი გოგონა, რომელმაც თარჯიმნის დახმარებით გვითხრა, რომ სოფელში გიჟს ეძახდნენ... ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ქცევებზე ეტყობოდა, მაგრამ გიჟი არ იყო. სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის უფლება არ ჰქონდა. სოფლის თავი, მალიქი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით საზღვრავდა, ჰოსპიტალში ვინ უნდა შესულიყო. ვიცი, რომ სოფლის მოსახლეობიდან ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ვინც შემოდიოდა, ეტყობოდა, ძალიან უჭირდა, ცუდად ეცვათ, მაგრამ მოუვლელი, ჭუჭყიან ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვი არ მინახავს. არადა, სულ ვეკითხებოდით, ხომ არ შიოდა ან ხომ არ სციოდა ბავშვს? ვიცოდით, ქვეყანაში რაც ხდებოდა, გული არ გვითმენდა და პაციენტი ბავშვის მდგომარეობით გულწრფელად ვინტერესდებოდით. სამხედრო წესის გათვალისწინებით, ჩვენს დამოკიდებულებას დიდი აღფრთოვანებით არ ხვდებოდნენ, რადგან ჩარჩოში ვიყავით მოქცეული. პირველ მისიაში, ჩემთან ერთად იყო სამხედრო ექიმი - ნანა ცხადაძე, რომელმაც 2008 წლის ომი გამოიარა და ძალიან კარგად იცის ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ომისა და მშვიდობის ფასი. ერთხელ დედამ პატარა, რვა თვის ბიჭი დაგვიტოვა, თავად გამოკვლევებზე წავიდა. ბავშვს არც წინდა ეცვა და არც ფეხსაცმელი. რომ არ შესცივნოდა, "ხებე" გავიხადე და იმაში შევფუთე... ბავშვობაში დედა მიმღეროდა მეგრულ "ნანას", ტექსტი კარგად არ მახსოვდა, მაგრამ მე და ნანამ, როგორც გვახსოვდა, ისე ვუმღერეთ და დავაძინეთ. როდესაც ქალი კვლევებიდან დაბრუნდა, ძალიან გაუკვირდა ტკბილად ჩაძინებული ჩვილის ნახვა. ხშირად ვატანდით ბავშვებს ტკბილეულს, ნამცხვარს, შოკოლადებს, ქალებს ჰიგიენურ საშუალებებს ვჩუქნიდით. არასდროს დამავიწყდება მათი მადლიერი თვალები. ამას არავინ გვავალებდა, უბრალოდ ასე გვესმოდა ქალური სოლიდარობა.

serjanti1-1638786982.jpg

არ ვიცი, კოალიციური ჯარების გამოსვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა ჰოსპიტლის მუშაობა, რადგან ჩვენი პირველი მისიიდან ოთხი თვის შემდეგ ჰოსპიტალი ადგილობრივებს, ავღანურ ჯარს გადაეცა. ჩვენ შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადავინაცვლეთ და ავღანელ პოლიციელ ქალებთან გვქონდა კომუნიკაცია. ისინი ქალებს ჩხრეკდნენ, ჩვენ კი - თავად ავღანელ პოლიციელ ქალებს. ქართველი სამხედროები გაფაციცებული ვიყავით, რომ მათი რელიგიური ტრადიციები, ცხოვრების წესი და შეხედულებები მცირედითაც არ შელახულიყო.

ამას ვიცავდით სკანერთანაც კი, როდესაც ავღანელი ქალი და მამაკაცი შემოწმებაზე იდგნენ. სამხედრო მამაკაცის ყოფნა ავღანელს დისკომფორტს უქმნიდა, ამიტომ დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით, რათა ეჭვი არ გასჩენოდათ, რომ ვიღაც მათ რელიგიურ მრწამს შელახავდა.

- მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოუხატავს?

- პირველად უფრო გვქონდა ადგილობრივებთან ურთიერთობა. "ჩვენი წილი ავღანეთი" ჩვენც დავკარგეთ: იმდენ ხანს ვცხოვრობდით იქ, რომ ჩვენი ნავსაყუდელი გვქონდა მოწყობილი. 2015 წელს ბაზიდან და საერთოდ ავღანეთიდან გამოსვლაზე საუბარიც კი არ იყო და შესაბამისად, არც იმ თვალით შემიხედავს იქაურობისთვის - რა იქნება აქ ამერიკელების წასვლის შემდეგ-მეთქი?.. 2020 წელს, ანუ მეორე მისიის დროს, ისედაც ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდა. ვინც ადრე ყოფილა, აუცილებლად შეამჩნევდა, ბაზა შემცირებული იყო, ბაზრები - აღებული და მაღაზიები შეცოტავებული. არადა, ადრე ავღანელი მოსახლეობა იყო ბაზაზე დასაქმებული, ვაჭრობდნენ, შემოსავალი ჰქონდათ. იმ საქმეს, რასაც ადრე ადგილობრივები აკეთებდნენ, ჩვენი მეორე მისიისას ინდოელები ითავსებდნენ. შესაძლოა, ეს ზედამხედველობისთვისაც კეთდებოდა ან ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილი იყო მოახლოებული გამოსვლის შესახებ, მაგრამ სამხედროებმა, მათ შორის ამერიკელებმაც, დარწმუნებული ვარ, ეს არ იცოდნენ. ვერ ვიტყვი, როგორც ქართველს, ავღანეთის მშვიდობა და სტაბილურობა მენანება-მეთქი, მაგრამ ძალიან მტკივა ჩვენი ბიჭების სიცოცხლე - 30-ზე მეტი ახალგაზრდა დავკარგეთ, უამრავს ჯანმრთელობა დაუზიანდა... 2015 წელს ავღანეთში 21 წლის ქართველი დაგვეღუპა. რამდენიმე თვის შემდეგ, შტაბის უფროსთან ერთად მივედით მის ოჯახში; ბოდიში მოუხადა მან დედას, - მაპატიეთ, თქვენი შვილი ვერ მოგიყვანეთო... დღემდე მიკვირს, როგორ არ ჩავიკეცე. ყველას თავისი ბედისწერა აქვს, მაგრამ მაინც მრცხვენოდა, რომ მე, 45 წლის ადამიანი, ცოცხალი ვიყავი და 21 წლის ბიჭი მოგვიკვდა... საქართველო ყველაზე მასშტაბურად იყო წარმოდგენილი, ძალიან რთულ მისიას ვასრულებდით - ბაზის უსაფრთხოება ის მისია იყო, რომელზეც იდგა მთლიანად ბაზა, ადამიანური რესურსით, ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით.

მე სამხედრო ანალიტიკოსი არა ვარ და შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ორივე მისიის დროს ვხედავდი, ავღანელები როგორი დაუმორჩილებელი, უბატონო ხალხია. მათ არაფერი აშინებთ, არც უიარაღობა, არც უექიმობა, არც სიცივე და ზამთარი. სიკვდილზე დაუფიქრებლად, დაუნანებლად მიდიან. თითქოს არ უნდა გამკვირვებოდა, რადგან მეც იმ პატარა ქვეყნიდან ვარ, რომელსაც დღენიადაგ ებრძოდნენ, მაგრამ ამ ერთი მუჭა ხალხმა უამრავ განსაცდელს გაუძლო და აქამდე მოვიდა... თუმცა, ჩვენ იმიტომ მოვედით აქამდე, რომ ხმალთან ერთად, ქართველს წიგნიც ეჭირა ხელში, განათლებას იღებდა, თავადაც სწავლობდა და დამპყრობლისგანაც იღებდა რაღაცებს. ავღანელები კი ცდილობენ, სინათლე არ შეუშვან, წყვდიადში დარჩნენ. ამ ოცი წლის განმავლობაში, ამერიკელებთან ერთად, სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან ჰქონდათ ურთიერთობა. მაზარი-შარიფში გერმანული კონტინგენტი იყო განლაგებული. მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ეხმარებოდა და შესაძლებლობა ჰქონდათ, განვითარებულიყვნენ. არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, უნივერსიტეტი გაიხსნა, მაგრამ ვფიქრობ, იმ გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ვერ გამოიყენა ის შესაძლებლობა, რაც ამერიკამ და მსოფლიომ მისცა. დარწმუნებული ვარ, განათლებული ავღანელების წინაშე "თალიბანი" უძლური იქნებოდა. სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ფიქრობდნენ კიდეც, რომ ცივილიზაცია, განათლება საჭირო იყო, ხანდახან ადგილობრივი პარლამენტის მუშაობას ვადევნებდით თვალს და ვხედავდით - როგორ აქტიურობდნენ ქალები, ოღონდ ეს მხოლოდ ქაბულში ხდებოდა. სულ ვამბობდი, ავღანეთის გადარჩენას მხოლოდ ქალები თუ შეძლებენ-მეთქი, მაგრამ აშკარაა, მათი ბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა...

serjanti2-1638787008.jpg

- ვიცი, რომ ქართველების მიმართ მათაც შედარებით ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ.

- კი, რასაც შევსწრებივარ, სხვაგვარი დამოკიდებულება იყო. როდესაც ბაგრამის გარშემო სოფლებში გვიწევდა გასვლა, ზიზღი და სიძულვილი არ გვიგრძნია, ქართველი ჯარისკაცი მათთვის არ იყო მტერი. ავღანელ თარჯიმნებთანაც ხშირი ურთიერთობა გვქონდა. გვეუბნებოდნენ, - თქვენ მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთო. ამჟამად ისინი ემიგრაციაში არიან. სხვათა შორის, მეორე მისიის დროს მენიშნა, რომ თუ ვინმე განათლებული, რეალიზებული ადამიანი იყო, ყოველთვის ცდილობდა, ოჯახი ქვეყნის გარეთ ჰყოლოდა... იქნებ ამანაც გამოიწვია ის, რაც მოხდა. ის კადრები, რაც ვნახეთ, აეროპორტის ან ქალაქიდან ხალხის გასვლის ამსახველი, ასევე იქ ჩარჩენილი ჩვენი ქართველების, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არ მსახურობდნენ, მაგრამ ავღანეთში იყვნენ და საკუთარი თვალით ნახეს ეს ყველაფერი, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ავღანეთის ასე სწრაფად დაკარგვას არავინ ელოდა. არადა, გარკვეული ნაწილი, ასე ვთქვათ - ელიტური ნაწილი, დროულად გაიხიზნა...

- ქართველების მიერ აშენებული სალოცავი ბაზა ბაგრამზე იყო, არა?

- დიახ, ულამაზესი ტაძარი იყო. 2020 წლის მისიის დროს ჯვარცმა დავაწერინეთ და ჩამოგვიტანეს. სამშობლოსავით ძვირფასი იყო ის ადგილი ჩვენთვის... ბატალიონი, რომელმაც ავღანეთი სულ ბოლოს დატოვა, სწრაფ რეჟიმში არ გამოსულა და მჯერა, რომ არაფერს დატოვებდა. ეკლესიაში არსებული ხატები და სხვა ნივთები თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში იყო და მათ ჩამობრძანებაზე იზრუნებდნენ.

- ოჯახი როგორ უყურებს თქვენს სამხედრო საქმიანობას?

- წლების წინ, დედას ჯერ ჯარში, შემდეგ კი ავღანეთში ჩემი გაშვება ძალიან გაუჭირდა. თუმცა, მაინც მხარში მედგა. მან გამიზარდა უმცროსი შვილი. ახლა დედა აღარ მყავს, მაგრამ სულ ვამბობ: დედა ჩემ გვერდით რომ იყოს, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, - დედა, მე ვიბრძოლე და გამომივიდა, ფეხზე მყარად ვდგავარ და ჩემს ქვეყანას ღირსეულად ვემსახურები-მეთქი!.. ძალიან ძლიერი და გონიერი მეგრელი ქალი იყო. გულდაწყვეტილი სულ მეუბნებოდა, - გასწავლე, შენ კი ჯარისკაცის ჩექმა ჩაიცვიო... ყოფილი მასწავლებელი ვარ და ახლაც ვცდილობ, ჩემს პირველკლასელი შვილიშვილს ყურადღება არ მოვაკლო... შვილებმა და მეუღლემაც გამიგეს - როცა ავღანეთში წავედი, ჩემი მეუღლე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ავსტრიაში იმყოფებოდა, ჩემს უფროს ვაჟს კი ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. მას და დედას დავუტოვე ათი წლის შვილი და ისე წავედი. ახლა ვიტყვი, რომ ვიწვალე და გამომივიდა...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"