რას აცხადებს გიგა ბოკერია ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოზე?
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ წიგნში აღმაშფოთებელია არც თუ ისე ფარული დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რა ხდებოდა 2008 წელს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რასაც წიგნებში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ვხედავთ, რეჟიმის მიერ შექმნილი მორალური კლიმატის შედეგია.
"მე საერთოდ ძალიან ფრთხილად ვუყურებ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სახელმძღვანელოებში მიმდინარე პოლიტიკური ამბების სწავლებას, იმ ტიპის უახლესი ისტორიის მონაკვეთის, რომელიც დღესაც პოლიტიკური მწვავე დაპირისპირების ან განსჯის საგანია. ასეთ რაღაცებს მგონია, რომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ძალიან. იმიტომ რომ თუ ამას ვაკეთებთ, ნებისმიერი ამ ტიპის საკითხი, როცა დროც არ გასულა, ფართო კონსესუსი არ არის, ინტერპრეტაციების საკითხი ხდება ფაქტების მოწოდებაც კი და პრობლემა არის არასრულწლოვანი ადამიანისთვის სკოლაში ამის სწავლება, ჩემი აზრით. ზოგადად რაც ვნახე და მოვისმინე ამ წიგნთან დაკავშირებით, იქ უფრო აღმაშფოთებელი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არის არც თუ ისე ფარული დამოკიდებულება იმის მიმართ თუ რა ხდებოდა 2008 წელს რუსეთის აგრესიის მხრიდან, რა ტიპის ტერმინებია გამოყენებული. მაგალითად "სარკოზი-მედვედევის“ შეთანხმება უფრო რუსული პროპაგანდის ტერმინებია, მაგრამ ჯამში ჩემი აზრით, ამ საკითხებში ჩვენ გვჭირდება მშობლებისთვის მეტი წონის მიცემა სკოლის დონეზე და ზოგადად საზოგადოებრივი კლიმატის გამოცვლა. ამ საზოგადოებრივი კლიმატის და ამ რეჟიმის მიერ შექმნილი მორალური კლიმატის შედეგი მგონია ამ ტიპის მოვლენები, რასაც ახლა ვხედავთ ამ წიგნში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოკერიამ.
"ინტერპრესნიუსი"