"2003 წლიდან მიხეილ სააკაშვილის სახესთან ვასოცირდები და ჩემზე მეტად ვის სურდა მისი კაიკაცობა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"2003 წლიდან მიხეილ სააკაშვილის სახესთან ვასოცირდები და ჩემზე მეტად ვის სურდა მისი კაიკაცობა, მაგრამ..."

"ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო, რომ როგორ მიიყვანეთ საქმე იქამდე, "ნაცებს" ეჯობნათ?!"

პაროდიის თეატრის მსახიობი, რეჟისორი - მამუკა ლომაშვილი ყველას კარგად ახსოვს, როგორც მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო იმიტატორი. ამჯერად მსახიობი ამერიკაში იმყოფება. მან საქართველოში შექმნილ რთულ ვითარებაზე თავის მოსაზრება თამამად და გულღიად გაგვიზიარა და არც მწვავე კრიტიკას მორიდებია წინა თუ ახლანდელი ხელისუფლების მიმართ...

- როგორც ვიცით, პანდემიის პირობებში ამერიკაში წასვლა გადაწყვიტეთ...

- დიახ, ექვსი თვეა, რაც ამერიკაში ვიმყოფები... არ შეიძლებოდა, არ წამოვსულიყავი, რადგან ფუნქციის გარეშე დავრჩით. მე, მაგალითად, სხვადასხვა მიმართულებით ვიყავი დაკავებული და ვეღარაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ ესტრადის მსახიობების მიმართ კი არა, ზოგადად, ხალხის მიმართ იყო არასწორი დამოკიდებულება და მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც ვაპროტესტებდი იმ ვითომ დახმარებას. არარეალური და "სიაფანდი" იყო ის დახმარება... როდესაც მსახიობი ხელოვანი ხარ, პასუხისმგებლობა მხოლოდ შენს თავზე კი არა, ზოგადად გაქვს. მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქრო, ხალხის პროტესტიც უნდა გამოხატო... ვინაიდან ძალიან დამამცირებელი დამოკიდებულება იყო, ამან გადამაწყვეტინა წამოსვლა და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი: ჩემი შვილი - ნიკოლოზი მაშინ 7 წლის იყო და არ მინდოდა ენახა, მამამისი უფუნქციოდ რომ იყო.

- სოციალურ ქსელში თქვენს მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებიდან ჩანს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებთ...

- არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო, ჩემი ქვეყანა არ მაინტერესებდეს... ეს გოიმობა მგონია! მაინტერესებს კი არა, ძალიანაც მაინტერესებს და მაგაზე მეტად არაფერი მინდა, ჩემი ქვეყანა ღირსეული და ბედნიერი იყოს!

- მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებაზე და შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე რას იტყოდით?

- ეს მისი უფლება იყო, დაბრუნებულიყო... ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დანაშაული ჩაიდინოს, კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, მაგრამ კანონმდებლობა გეუბნება, თუ გააკეთებ ამას და ამას, მერე პასუხს აგებ!

ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის, წინა ხელისუფლების მიმართ თუ რამე კრიტიკულს ვიტყვი, მერე იწყება ბრალდებები, რომ აუცილებლად ამ ხელისუფლების მომხრე ვარ... ეს იმას მოასწავებს, რომ ქვეყანაში განათლების დეფიციტი გვაქვს! საერთოდ, შედარება რატომ ხდება!? წინა ხელისუფლებამ თუ დააშავა, ამათი უსაქციელობით მართლდება ყველაფერი?! თუ გნებავთ, ვისაუბროთ ამ ხელისუფლების დანაშაულებზეც და მარტო საყდრისის აფეთქება ეყოფათ, შემდეგში რომ მოეკითხოთ! აქედან გამომდინარე, თუ წინა ხელისუფლებას პასუხი არ მოეთხოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ამათ მოეთხოვებათ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი! კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს! სანამ სამართალი არ იქნება ქვეყანაში, მანამდე არაფერი გამოსწორდება. მაშინ ყველა გამოვუშვათ ციხიდან, კანონი თუ აღარაფერს ნიშნავს! ორმაგი და ათმაგი სტანდარტები არ შეიძლება!

მოდი, ასე ვთქვათ: ჩემზე მეტად ვის უნდოდა მიხეილ სააკაშვილის კარგი კაცობა და კარგი პრეზიდენტობა?! 2003 წლიდან მაგის სახელთან ვასოცირდები, მაგრამ მე ყოველთვის ობიექტური და სიმართლის მხარეს ვარ! ვის უნდოდა ჩემზე მეტად, რომ მაგარი კაცის და პრეზიდენტის სახელთან ვასოცირებულიყავი?! გული ძალიან მწყდება, ამას სიხარულით არ ვამბობ. ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანი მახსოვს, პირადად ჩემთან მოდიოდნენ და ჩიოდნენ, რადგან მის სახესთან ვასოცირდებოდი. ეგონათ, რაღაცას ვეტყოდი, რაღაცას ვუშველიდი და ამ დროს მეც დაზარალებული ვიყავი. მეც შემეხო ის რეჟიმი!

- თქვენ რა ფორმით შეგეხოთ?

- ამაზე არ ვლაპარაკობდი, ერთი-ორჯერ თუ მაქვს გაკვრით ნათქვამი... იმდენად დიდი პრობლემები ჰქონდა ხალხს, ჩემს პრობლემებზე საუბარი უხერხულად მეჩვენებოდა... როდესაც ჩვენ ნოემბრის აქციებზე გამოვედით, მე უკვე მიუღებელი გავხდი ყველა ტელევიზიისთვის, ყველგან ჩამხსნეს. მანამდე თუ ძალიან აქტიურად ვიყავი დაკავებული, ყველა ტელევიზიის გადაცემებში ვიყავი, აღმოჩნდა, რომ საერთოდ ხაზი გადამესვა... დამირეკავდნენ, მიმიწვევდნენ და მერე ისევ რეკავდნენ, გეგმები შეგვეცვალაო... მერე მითხრეს, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, ძალიან გვინდა, მაგრამ ვერაო... მერე პირდაპირ მითხრეს, კარგი იყო ნოემბრის აქციაზე რომ გამოხვედიო?

ნოემბრის აქციების დროს ჩვენი კონცერტები ფილარმონიაში მიმდინარეობდა. მაყურებელი კონცერტის შემდეგ მიტინგზე მიდიოდა და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ხალხთან უნდა ვყოფილიყავით. როდესაც წავედით, რაღაცნაირად დავიფანტეთ, შემდეგ მეგობრებმა შემომითვალეს, ტრიბუნასთან, გამომსვლელებთან ახლოს ვართო და მეც იქ მივედი. მაშინდელი ვითომ ოპოზიციონერები მეუბნებოდნენ, სიტყვით გამოდიო, მაგრამ მე არ მსურდა სიტყვით გამოსვლა, ჩემი იქ მისვლა უკვე ჩემი აზრის გამოხატვას ნიშნავდა... გია თორთლაძემ სულ ძალით გამომიყვანა, მიკროფონში გამომაცხადა და სხვა გზა აღარ მქონდა... საუბარი რომ დავიწყე, ეგრე არა, მიშას ხმით დაგველაპარაკეო. მიშას ხმით იქ ასეთი სიტყვები ვთქვი: - მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, მე ყოველთვის თქვენს გვერდში ვიქნები და ყველა თქვენს მოთხოვნას დავაკმაყოფილებ-მეთქი... დედას გეფიცებით, დარბაზშიც არ მახსოვს ისეთი სიჩუმე, როგორიც ათი ათასკაციან მიტინგზე იყო, ხალხი ისე მისმენდა.

ახლა ელემენტარული გულწრფელობა უნდოდა ამ ხალხს. ადამიანებს, მოქალაქეებს იმდენად უნდოდათ მიშა ჩამოსულიყო და მიშასგან გაეგონათ სიმართლე, რაც იყო. 7 ნოემბერს იქ შეკრებილ ადამიანებს გადატრიალება უნდოდათო და ყველამ ვიცით, რომ ეს სიცრუეა! ნამდვილად აღარ ველოდებოდი, მიშა თუ გულწრფელი არ იქნებოდა. მიშა არ არის გულწრფელი და არც მისი გარემოცვა! ხალხი იქ უსამართლობას აპროტესტებდა. ადამიანები ერთმანეთთან რომ ვსაუბრობდით, ტელეფონებს ბატარეას ვაცლიდით რომ არ მოესმინათ, ტოტალური მოსმენები იყო! ბიზნესის შანტაჟი იმ დონეზე, ერთ და ორ დოლარად მილიონების ქონებას ართმევდნენ. აი, ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად იყო იქ ხალხი მისული და არა - სახელმწიფო გადატრიალებისთვის, ახლა რომ ასე იტყუებიან! ეს არის უტიფრობა და უსინდისობა! ბოდიში არავის უნდა, ყველამ ჩვენს საქციელზე პასუხი უნდა ვაგოთ! ბოდიში არ არის სამართლებრივი აქტი და კარგად ვიცით ქართველებმა განმარტება - ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდაო... გულწრფელობაც არ ჩანს მიშასგან, მას შეეძლო ეთქვა, სხვა გამოსავალი არ იყოო და კიდევ გავუგებდით. ყველანაირად აიცილა პასუხისმგებლობა და თქვა, ახლადშექმნილი პოლიცია იყოო, ხელები პოლიციას შეაწმინდა. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ მიშა არ შეცვლილა! მიშა არის იგივე, რაც იყო და არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია! მას ჰქონდა შანსი, ყველაფერი გამოესწორებინა!

ამ მთავრობამ რაც გააკეთა და რასაც აკეთებს, ეს ყოვლად მიუღებელია, ამაზრზენი და საზიზღრობა, ეს ცალკე საუბრის თემაა, ქვეყანა რომ მოკლეს! ძალიან ბევრი ადამიანია, მიშას დროს რომ დაზარალებული იყო და იმდენად გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდეს, ისევ მიშას ამჯობინებენ... ყველაზე მეტად იმ ადამიანების დამოკიდებულება მაწუხებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უაპელაციოდ ამართლებენ. ასეთი ადამიანების სიმრავლის გამო ხდება ყველა არასწორი რამ! ზოგი პირადი გამორჩენით, ზოგიც - მონური მენტალიტეტით, ბევრს ცოდავს. ამან დაგვღუპა!

ეს მაფიქრებინებს, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც თავზე ხელის გადასმა კი არა, მუჭი უნდა დაურტყა, მკაცრად მოექცე, მაგრამ - სამართლიანად! ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომლებმაც წინა ან ეს ხელისუფლება დავიმსახურეთ, მაგრამ თუ ამ ხალხს მოსწონს მიშა და აირჩევენ, ღმერთმა მოახმაროთ... ამ ხელისუფლებას კი მინდა მივმართო, რომ როგორ მიიყვანეთ საქმე იქამდე, "ნაცებს" ეჯობნათ?! მე ნიკა მელიას არ ვერჩი, პირიქით, დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი, მაგრამ რომ არ გაეყალბებინათ, კალაძე ვერ გაიმარჯვებდა. "ნაცები" რომ მეტ ხმას აიღებენ და გაგიჭირდება, ამაზე ვგიჟდები.. ვიმეორებ, ნიკა მელიას არ ვერჩი, და, საერთოდ, მიშას გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" უფრო საინტერესო იქნებოდა.

ქართველი ხალხი არ ვართ ცუდი და მე იმ აგრესიისაც მესმის, სოციალურ ქსელში რომ რამეს დავწერ, შემომივარდებიან და მწყევლიან. ხალხი იმეგაცრუებულია, აღარ იციან, სად წაიღონ ამდენი ნეგატივი! მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვთვლი, რომ სიმართლეა და ამიტომ მუდამ თავაწეული დავდივარ!

იძულებულს რომ მხდი, ჩემი აშენებული და გაკეთებული თეატრიდან წამოვიდე, რადგან დავესწარი სპექტაკლს, სადაც ჩემგან 15 სკამის იქით ბიძინა ივანიშვილი იჯდა, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს! ესეც გავატარე, რადგან ჩემი პირადი ტრაგედია იყო... ადამიანებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ ყველაფერი.

ახლანდელი ტელევიზიები და ჟურნალისტები ძალიან ცოდავენ, იმხელა აგრესია მოდის მათგან. ყველა შეიძლება გავაკრიტიკოთ, მაგრამ პიროვნული შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენო! ძალიან ცუდი შემოთავაზებები მქონია მიშას დროსაც და ახლაც, მაგრამ არასოდეს დამიშვია მეკადრებინა! სად არიან დღეს ჩვენი კოლორიტები, საუკეთესო ინტელიგენცია?! - ოცნებამ გაანადგურა, აღარ არის ეს ხალხი! ზოგიერთი იმისთვის დაისაჯა, წინა ხელისუფლებას მხარს უჭერდაო და ეგრე არის. კალაძე 7 ნოემბრის მოვლენებს ამართლებდა, მერეც მიშას მხარდამჭერი იყო და ბიძინა - საერთოდ დამფინანსებელი...ჩემი კრიტიკა ორივეს ერთნაირად ეხება! არ მავიწყდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები - ხალხი ევროპაში რომ წავიდა, იქ ცხოვრება ნახა და მეტი მოთხოვნილებები გაუჩნდაო... ამაზე მეტი დამამცირებელი სიტყვები არ მეგულება და როგორ გავიგო იმ ხალხის მორალის, ვინც მას მხარს უჭერს! ამის მერე ყველაფერს ვიმსახურებთ! აგერ გამოვიდა მეუფე და დავით აღმაშენებელს შეადარა, კარგით რაა... ერთი რამ კარგია: თვითლუსტრაცია ხდება ყველასი და არავინ იფიქროს, რომ რამე იკარგება, ყველას უკან უბრუნდება ყველაფერი! რეზიუმესავით რომ გავაკეთო, ვიტყოდი: თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ვინც უნდა იყოს, პასუხი უნდა აგოს!

(სპეციალურად საიტისთვის)