"ბაიდენმა პუტინს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს: რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ბაიდენმა პუტინს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს: რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ გაზეთ "თაიმსში" (The Times) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის - ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით - "ბაიდენმა პუტინს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს: რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს". პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება, რუსეთის მიზნები და აშშ-ის როლი არსებულ სიტუაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მიზნები მკაფიოდაა გამოხატული: მოსკოვი არ მალავს, რომ სურს ნატოს გაფართოების პროცესის შეწყვეტა და უკრაინის დანაწილება... მაგრამ ჭეშმარიტი მიზანი უფრო ფართოა: რუსეთს სურს, ბოლო მოუღოს ევროპული უსაფრთხოების იმ სისტემას, რომელიც 1991 წლიდან ჩამოყალიბდა. კრემლი უარს აცხადებს წარსულ დროში ნაკისრი ვალდებებულებების შესრულებაზე. დგება მსოფლიოს ახალი პერიოდი, სადაც მართალი ისაა, ვინც ძლიერია.

უკრაინა რუსეთისათვის უახლოეს მიზანს წარმოადგენს: საფრთხეს იმდენად სამხედრო ხასიათი არ აქვს, რამდენადაც - პოლიტიკური: თუ რუსეთის გვერდით განვითარებული პოსტსაბჭოთა სახელმწიფო იარსებებს, აყვავებული მართლმადიდებელი ქვეყანა, მასში რუსეთის მოსახლეობას გაუჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა ვითმინოთ ჩვენი კორუმპირებული და რეპრესირებული რეჟიმი? რუსი პროპაგანდისტები უკრაინას არშემდგარ სახელმწიფოდ და ფაშისტურ ჯოჯოხეთად თვლიან. მათი აზრით, უბრალოდ არ შეიძლება რუსეთის გვერდით მრავალეროვნული, მრავალპარტიული და ისეთი დემოკრატიული სახელმწიფო არსებობდეს, სადაც პრეზიდენტი რუსულენოვანი ებრაელია. ასეთი პერსპექტივა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ვლადიმერ პუტინი უკრაინას "ანტირუსეთს" უწოდებს. მას მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია, იგი თვლის, რომ უკრაინისა და რუსეთის კულტურას ერთი საფუძველი აქვს, მათი გაყოფა-დანაწილება მხოლოდ გარეშე ძალების მეშვეობით მოხდა და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ისინი ძალიან სცდებიან.

სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინი საკუთარი წარმოდგენებისა და პროპაგანდის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენთვის [დასავლეთელებისთვის], მისი მოქმედება აღმაშფოთებელი უნდა იყოს: უკრაინა ნამდვილი სახელმწიფოა, რომელსაც 1994 წლის ხელშეკრულებით რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის გარანტია მისცა (ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ). ბუდაპეშტის მემორანდუმში არ იყო ჩაწერილი ფრაზა - "თუ უკრაინის ხელისუფლება შეიცვლება და მე ის არ მომეწონება", ანუ დოკუმენტის დებულებების დაცვა სავალდებული იყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხელისუფლება იქნებოდა უკრაინაში. მაგრამ დღევანდელ რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმი ფარატინა ქაღალდად მიაჩნია.

ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. თუ იგი ჩვენ, დასავლეთს, უკრაინის მიმართ თავის პარანოიდულ შეხედულებებს თავს მოგვახვევს, უფრო შორს წავა და შემდეგ მეზობელი ქვეყნების დემილიტარიზაციას მოგვთხოვს, მაგალითად, გვეტყვის, რომ შეწყვიტეთ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო წრთვნები ან გაიყვანეთ თქვენი ჯარები პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდანო. კრემლი აქტიურად სარგებლობს ევროპის გაზით მომარაგების ინსტრუმენტითაც... და რადგანაც ევროკავშირი და ნატო მოსკოვის მიმართ არაეფექტიანობას იჩენს, რუსეთს აქვს შესაძლებლობა შავ ზღვაზე თავისი ყოფნა გააძლიეროს და ყოფილ იუგოსლავიაში თავისი გავლენა გააფართოვოს.

რუსეთი თავისი აგრესიული მოქმედებით ისე აკეთებს, რომ მის მეზობელ ქვეყნებს თავდაცვის ბუნებრივი გრძნობა უჩნდებათ. თვით ფინეთიც კი, რომელსაც ნატოს წევრობის სურვილი ოფიციალურად არასოდეს გამოუხატავს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ სიმპათიებს ამჟღავნებს. მართალია, ნომინალურად ჰელსინკი ნატოს წევრი არ არის, მაგრამ სინამდვილეში ფინეთი ზოგიერთ სხვა წევრზე უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ალიანსთან.

არავისთვის არ არის უცნობი ის ჭეშმარიტება, რომ ნატოს თავისი გაფართოება რაღაც საიდუმლო გეგმის მიხედვით ან რუსეთის განადგურების მიზნით არ დაუწყია. ყველაფერი პირიქითაა: ხედავენ რა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებს, ცდილობენ, კრემლისგან თავი შორს დაიჭირონ. რუსეთმა თავისი პოლიტიკით თვითონვე გამოიწვია ნატოში ცვლილებები. თავდაპირველად ნატო რუსეთს მეგობრულად ეპყრობოდა, სთავaზობდა კრემლს გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებას, 1997 წელს ბრიუსელმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს "ნატო-რუსეთის ურთიერთობის ფუნდამენტურს აქტს", შეიქმნა "ნატო-რუსეთის საბჭოც"... მოკლედ, ალიანსი ცდილობდა, რუსეთისათვის კარგი განწყობა ეჩვენებინა...

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი დამოკიდებულების შეცვლა რუსეთის მიმართ 2010 წელს დაიწყო, რაც დაგვიანებულიც კი აღმოჩნდა. ეს მოხდა უკვე ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის (2007 წელს), საქართველოსთან ომის (2008 წელს) და იმ სამხედრო სწავლებების შემდეგ (2009 წელს), რომლის სცენარი მიზნად ისახავდა ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოზე თავდასხმას და ვარშავის ატომურ დაბომბვას.

და ამ შემთხვევაშიც კი ნატოს საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთმა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ აშკარა აგრესია დაიწყო, ნატომ გარკვეული კონკრეტული მოქმედება დაიწყო - თავისი შეზღუდული სამხედრო კონტინგენტი ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში და პოლონეთში განალაგა.

ჩვენთვის, დასავლეთისათვის, ბალტიის ზღვის არეალში საშიში სურათი ყალიბდება. რუსეთს აქ ნატოზე მეტი ძალები ჰყავს. ნატოს საერთოდ არ აქვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, არ აქვს შემუშავებული სამხედრო-საზღვაო სტრატეგია... და ასეთ სიტუაციაში რუსეთის საჩივრები და განცხადებები, თითქოს მას ნატო ალყაში მოქცევით ემუქრება, აბსურდულია და სიცრუეს წარმოადგენს. თვითონ განსაჯეთ, რომელ ალყაზეა საუბარი, როცა ნატოს ქვეყნები რუსეთის ტერიტორიის მხოლოდ ერთ მეთექვსმეტედ ნაწილს ესაზღვრებიან?!

მოკლედ, ჩვენ ვლადიმერ პუტინს მტკიცედ უნდა ვუთხრათ, რომ მისი ჩივილები სისულელეს და მონაჩმახს წარმოადგენს. ამის ნაცვლად კი ერთმანეთში იმაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ დავამშვიდოთ რუსეთი და ამით კრემლი კიდევ უფრო წავაქეზოთ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ