"ნეიტრალური ტექსტი უბრალოდ ვერ დაიწერება... აქ მთავარი ის კი არაა ბიძინა როგორაა მოხსენიებული და მიშაზე რა წერია, არამედ ის, რომ..." - კვირის პალიტრა

"ნეიტრალური ტექსტი უბრალოდ ვერ დაიწერება... აქ მთავარი ის კი არაა ბიძინა როგორაა მოხსენიებული და მიშაზე რა წერია, არამედ ის, რომ..."

მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, მთავარი ის კი არაა ბიძინა როგორაა მოხსენიებული და მიშაზე რა წერია, არამედ ის, რომ პრინციპულად დაუშვებელია სკოლის სახელმძღვანელოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და მისი მონაწილე აქტორების შეფასება.

"ერთსაც ვიტყვი იმ ყბადაღებულ სახელმძღვანელოზე და მეტს აღარ ვიზამ. აქ მთავარი ის კი არაა ბიძინა როგორაა მოხსენიებული და მიშაზე რა წერია, არამედ ის, რომ პრინციპულად დაუშვებელია სკოლის სახელმძღვანელოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და მისი მონაწილე აქტორების შეფასება. დაუშვებელია იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესში ყოველთვის არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა, არამედ ძალიან მწვავე დაპირისპირებები და დაპირისპირებული მხარეები ლამის თავ-ყბას ალეწავენ ერთმანეთს. ამ ვითარებაში ნეიტრალური ტექსტი უბრალოდ ვერ დაიწერება და ყველა შეფასება იქნება ინდოქტრინაცია და ბავშვებისთვის რომელიმე მხარის თვალსაზრისის თავსმოხვევა.

ახლა ისიც გავითვალისწინოთ, რომ რომელიღაც მასწავლებელი "ნაცი" იქნება, რომელიღაც "ქოცი" და ვინ რა ინტერპრეტაციით მიაწვდის სასკოლო მასალას ბავშვებს, ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ, სასკოლო სახელმძღვანელოში პრინციპულად არ უნდა ფიგურირებდეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შემადგენელი მოვლენებისა და პერსონების შეფასებები, ან ტექსტი უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ მშრალი ფაქტების ჩამოთვლით, თუმცა მე პირადად ესეც საკამათოდ მეჩვენება მთელი რიგი ტექნიკური სირთულეების გამო.

ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნებოდა უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო მთავრდებოდეს ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რადგან დანარჩენ პერიოდს მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასებისთვის (მთლად ობიექტური ისტორია არასდროს არ არის) აუცილებლად ჭირდება მეტი დროითი დისტანცია. ამ პერიოდის მომსწრე-მონაწილეები დღესაც ცოცხლები არიან, ბევრი მათგანი მოქმედი პოლიტიკოსია და მათი საქმიანობის ინტერპრეტაციები დღემდე იწვევს ცხარე კამათს და ლამის კონფლიქტებს. ამიტომ დავუტოვოთ უახლესი ისტორია ახლო მომავალს. დრო ყველაზე ობიექტური ისტორიკოსია და ყველას თავის ადგილს მიუჩენს ისტორიაში, იმისდა მიუხედავად თუ დღეს ვინ ვინაა და ვინ ვისისტია", - წერს ზურაბიშვილი.