"კახა კალაძე გეგმავს თანამდებობაზე ის ადამიანები დაამტკიცოს, რომლებსაც 4 წელი არაფერი გაუკეთებიათ - დღევანდელ სხდომას დავესწრებით, რადგან ბატონ კალაძესთან ბევრი კითხვა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"კახა კალაძე გეგმავს თანამდებობაზე ის ადამიანები დაამტკიცოს, რომლებსაც 4 წელი არაფერი გაუკეთებიათ - დღევანდელ სხდომას დავესწრებით, რადგან ბატონ კალაძესთან ბევრი კითხვა გვაქვს"

საკრებულოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გეგმავს ის ადამიანები დაამტკიცოს თანამდებობაზე, რომლებსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებიათ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს სხდომას დაესწრებიან, რადგან კახა კალაძესთან ბევრი კითხვა აქვთ.

„დღეს სხდომას დავესწრებით, ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ბატონ კახა კალაძესთან. ის აპირებს წარადგინოს ქალაქის თითქმის იგივე შემადგენლობა, რაც დაუშვებელია იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურეთ უდიდეს კორუფციას და არა საქმის კეთებას, ადამიანების დახმარებას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა უშუალოდ ბატონ კახა კალაძესთან. დაუშვებელია ის, რომ მან პრაქტიკულად იგივე გუნდი უნდა წარადგინოს და გააგრძელოს გაუბედურებული, მშიერი ადამიანების ხარჯზე გამდიდრება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო დღეს დაამტკიცებს. სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება. თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ უკვე წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.