"საქართველოში დაბრუნებულმა ბევრი რამე გადავაფასე. გადავწყვიტე, სხვისი ცხოვრებით, სხვის მოსაწონად აღარ მეცხოვრა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დაბრუნებულმა ბევრი რამე გადავაფასე. გადავწყვიტე, სხვისი ცხოვრებით, სხვის მოსაწონად აღარ მეცხოვრა"

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შვილები სასტიკად მომენატრებოდა, მაინც ერთი სული მქონდა, იქაურობას როდის გავეცლებოდი"

"ფაქტობრივად, კულინარიამ გადამარჩინა. თავდაპირველად აზრადაც არ მომსვლია, რომ ამით ფინანსური სარგებლის ნახვა შეიძლებოდა. უბრალოდ, ახალი კერძების მომზადება და სხვებისთვის გაზიარება მომწონდა", - გვითხრა დონა გიორგაძემ, რომელიც ამჟამად, ამერიკაში ცხოვრობს. საქართველოდან წლების წინ გაემგზავრა... თუ რა გზა გაიარა, რა სირთულეებს გაუმკლავდა და დღეს რას საქმიანობს, ამის შესახებ დონა თავად გვიამბობს...

"პოლიციელის დანახვაზე ორივე დავიზაფრეთ"

- ამერიკაში პირველად 2004 წელს, რამდენიმე თვით ჩამოვედი. მიზეზი ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი იყო. მიმაჩნია, რომ ბევრ რამეში გამიმართლა: ვიზა ადვილად მომცეს. ფაქტობრივად, არანაირი საბუთის გაკეთება არ დამჭირვებია... ამერიკაში გამგზავრებამდე, 29 წლის გათხოვილი ქალი გახლდით. საქართველოში 2 შვილით, 2-ოთახიან ბინაში ქირით ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შვილები სასტიკად მომენატრებოდა, მაინც ერთი სული მქონდა, იქაურობას როდის გავეცლებოდი. გამიმართლა, რომ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით, ბავშვობის მეგობართან ჩამოვედი, რომელიც დაახლოებით 6 წელი ნანახი არ მყავდა. მაშინ ეს პერიოდი უსასრულოდ მეჩვენებოდა. აეროპორტში ჩვენი შეხვედრა იმდენჯერ წარმოვიდგინე, გულში იმდენჯერ ვიკივლე, რომ ესკალატორზე მდგომმა ქვემოთ მომლოდინე სოფო რომ დავინახე, ფაქტობრივად, ემოციის ნასახი აღარ მქონდა დარჩენილი. ერთი, რაც მკაფიოდ მახსოვს, იქაური სუნია - რაღაცნაირი სიახლის და სისუფთავის. ფეხსაცმელს ტალახი და მტვერი რომ არ ედებოდა, ამაზე "გავრეკე"! ზუსტად ისე იყო, როგორც ფილმებში მინახავს: შემეძლო გაწკრიალებული ბოტასებით გარეთ მერბინა, მერე კი ლოგინზე წამოვკოტრიალებულიყავი...

არნახული ქორწილი გაიმართა: სასტუმროში პატარძლისა და მისი დაქალების მომზადება, შამპანური, ლანჩი, ცერემონიალი მდელოზე, ბევრი მუსიკა და ცეკვა... ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მიკროფონი უნამუსოდ მოვითხოვე და რა ვიბოდიალე, აზრზე არ ვარ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბოლოს ყველა ტაშს მიკრავდა და "ჯორჯიას" გაიძახოდა... იმაშიც გამიმართლა, რომ ნიუ-ჯერსიში ბავშვობის მეორე მეგობარი - ქეთი მყავდა, რომლის პატარა, მაგრამ სტუმართმოყვარე სახლის კარი ჩემთვის ფართოდ იყო გახსნილი და შემეძლო მასთან იმდენ ხანს დავრჩენილიყავი, რამდენიც საჭირო იქნებოდა. ქეთის დახმარებით, რამდენიმე დღეში მუშაობა დავიწყე: მოვხვდი ოჯახში, სადაც მამა და ორი პატარა გოგონა ცხოვრობდა. გოგონებისთვის დედაც ვიყავი, მომვლელიც, მასწავლებელიც... მახსოვს, ქეთიმ მათთან რომ "ჩამომაბარგა" და ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში მარტო დავრჩი, პირველად მაშინ ვიგრძენი, შვილები როგორ მენატრებოდა და ბალიშში თავჩარგულმა პირველად მაშინ ვიტირე... საბედნიეროდ, მალე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ერიკი ძალიან სასაცილო, მაგრამ უკეთილშობილესი ადამიანი გახლდათ. მისთვის მთავარი იყო, რომ მისი შვილები საიმედო ხელში იყვნენ, საჭმელი არ აკლდათ და ნელ-ნელა, შინ წერა-კითხვა და მათემატიკის სწავლაც დავიწყეთ... ჩემი დილა ბავშვების მომზადებით იწყებოდა (ჩაცმა, დაბანა, საუზმე...), შემდეგ ყავას ვიმზადებდი და საქართველოში, ჩემს გოგოებს ვურეკავდი, რომ მათი ხმა გამეგონა. ეს იყო ჩემი რიტუალი...

"მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა"

- გამიმართლა, რომ საქართველოში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე, დევიდი გავიცანი, რომელმაც ნიუ-იორკის მუზეუმები მომატარა. ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ორიგინალი ნამუშევრები პირველად ვნახე. ისეთ ადგილებში დავბოდიალებდით, სადაც მხოლოდ ადგილობრივები დადიან. მოვიარეთ ჯაზ-კლუბები, რომელსაც მარტო ვერასოდეს აღმოვაჩენდი. იმ დროს მართლა "კონკიას" გმირად ვგრძნობდი თავს. მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა და ისევ უბადრუკ რეალობას უნდა დავბრუნებოდი... შიშის მიუხედავად, საქართველოში მაინც დავბრუნდი, რადგან სხვაგვარად სიტუაციას ვერ დავალაგებდი. არ მინდოდა შვილების დიდი ხნით მიტოვება, არც - ვიზის დარღვევა. 2005 წლის აგვისტოში, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, დევიდმა აეროპორტში სულ ტირილ-ტირილით გამაცილა. ბოლო წუთამდე მემუდარებოდა, არ წავსულიყავი. ასე დასრულდა ჩემი პირველი ვიზიტი ამერიკაში - ქვეყანაში, რომელმაც ჩამიხუტა, მომეფერა, ფეხზე დამაყენა, თვალები ამიხილა, უამრავი საინტერესო რამ მასწავლა და დროებით უკან გამომისტუმრა. საჭირო და აუცილებელი ცვლილებების დრო იყო. ჩემ გარდა, ამას სხვა ვერავინ გააკეთებდა. ვიცოდი, დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან, ნათესავებთან და საერთოდ, ყველასთან, ვისაც ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ ეზარებოდა. მეგობრები გვერდით მედგნენ, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და მამხნევებდნენ. შვილებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორე ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ - ჩემი სჯეროდათ.

"ამერიკაში არალეგალურად არ წავიდოდი..."

- ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა ბევრი რამე გადავაფასე. გადავწყვიტე, სხვისი ცხოვრებით, სხვის მოსაწონად აღარ მეცხოვრა. ალბათ, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა პირველ რიგში, ადამიანი საკუთარ თავთან ხარ მართალი. არ ვიცი, ჩემზე ვინ რას ლაპარაკობდა, არც მაინტერესებდა... ერთ თვეში ბინა ვიყიდე და ბავშვებთან ერთად, საცხოვრებლად ცალკე გადავედი. მალე მუშაობა დავიწყე, განქორწინების შესახებ საბუთებიც შევიტანე და ნელ-ნელა "დავლაგდი". მართალია, ჩვენი ბინა უძველესი და გასარემონტებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა მართლა არ ჰქონდა - მე და ჩემი შვილები იმ თავისუფლებითა და სიმშვიდით ისეთი ბედნიერები ვიყავით, რომ ეგ არავის ადარდებდა! დევიდი ყოველდღე (ხანდახან - დღეში სამჯერაც) მირეკავდა. 2009 წელს ის საქართველოში ჩამოვიდა, 2010 წელს კი უკვე ამერიკაში გამგზავრებასა და ერთად ცხოვრებაზე ფიქრი დავიწყეთ. ამერიკაში არალეგალურად არ წავიდოდი და არც ბავშვებს დავტოვებდი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება საქორწინო ვიზით გამგზავრება იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა... სექტემბრის დასაწყისში დევიდი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, 3 კვირაში კი ოთხივე ერთად, უკვე საბოლოოდ, ამერიკაში გავემგზავრეთ... ნიუ-იორკში ჩვენს ჩასვლამდე დევიდი 1-ოთახიან პატარა ბინაში ცხოვრობდა, სადაც ყველანი ვერ დავეტეოდით. დევიდს არც იმის საშუალება ჰქონდა, რომ იქ უფრო დიდი ბინა დაგვექირავებინა. ამიტომ, ჩვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ბინის ძებნა დავიწყეთ. პირადად მე, ბუნებრივია, აზრზე არ ვიყავი, სად რა უნდა მომეძებნა ან რა კრიტერიუმებით. საბედნიეროდ, დევიდმა უკეთ იცოდა, რომელი შტატი, ქალაქი იყო ოჯახებისთვის სასურველი თავისი ცხოვრების სტილით, სკოლებით, უსაფრთხოებით... ასე ვიპოვეთ პატარა ქალაქი - რიჯფილდი, კონექტიკუტში. საქართველოში წამოსვლამდე მოასწრო, საწოლები, სავარძელი, მაგიდა და სკამები შეეძინა, რომ ცარიელ სახლში არ შევსულიყავით. 23 სექტემბერს, დილის 4 საათზე, ჩვენი უზარმაზარი ჩემოდნები პაწაწინა სახლში "შევაბარგეთ"...

dona1-1638880740.jpg

მუშაობის უფლების მოლოდინში, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, სხვანაირად არ შემეძლო. ჩვენს ქალაქში "ახალჩამოსულების კლუბი" არსებობს და მას მეც შევუერთდი. საინტერესო საღამოებს აწყობდნენ (თამაშები, კოქტეილ "ფართები", ტყეში სიარული...). ამ კლუბში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. ჩვენს ქალაქში დაახლოებით 23000 ადამიანი ცხოვრობს, სახლების უმეტესობა ტყეშია გაფანტული, ჩვენი დასახლება კი უფრო ცენტრშია. კიდევ კარგი, რომ ასეა, რადგან თავდაპირველად, ავტომობილის მართვაც არ ვიცოდი და ფეხით გასვლა მაინც შემეძლო. აქ ყველა ძალიან მეგობრულია, გიღიმის, გესალმება და გეკითხება, როგორ ხარო? შეიძლება, რეალურად შენი მდგომარეობა სულაც არ აინტერესებთ, მაგრამ მათი ასეთი დამოკიდებულება მაინც სასიამოვნოა... ერთხელ მეზობელთან საუბრისას გავიგე, რომ ბიბლიოთეკაში ან ქალაქის პატარა მუზეუმში მოხალისედ მუშაობა შემეძლო და ორივეგან დავსაქმდი... ამასობაში ზამთარიც დადგა. მე და დევიდმა ხელი მოვაწერეთ, პატარა ქორწილიც გადავიხადეთ, ავტომობილის მართვაც ვისწავლე და პატარა სამუშაოც ვიპოვე: კლუბის ერთ-ერთ წევრს ბავშვის მომვლელი სჭირდებოდა. იმ ოჯახში 6 წელი ვიმუშავე. თავდაპირველად, ჰენრის ვეთამაშებოდი, შემდეგ - ოჯახს სახლის საქმეებშიც ვეხმარებოდი, ბოლოს კი სამზარეულოშიც შევაბიჯე. ზუსტად არ მახსოვს, რა მოვამზადე, მაგრამ მოეწონათ. მას მერე, კვირაში ორჯერ მხოლოდ კერძებს ვუმზადებდი. ამასობაში, მუშაობის უფლებაც მივიღე...

"რესტორნის მეპატრონე ყოვლად უზრდელი და უხეში ადამიანი იყო..."

- ინგლისური ენის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი: უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. სტუდენტობისას ტელევიზიაში ვმუშაობდი, მერე - ინგლისურის მასწავლებლად, ბოლოს კი - საგარეო შესყიდვების მენეჯერად და თარჯიმნად. კერძების მომზადებაც მხოლოდ მოყვარულის დონეზე შემეძლო. როცა მეცალა, მიყვარდა აქაური კულინარიული გადაცემების ყურება და შემდეგ, კერძების მომზადება, მერე კი მათთვის ფოტოების გადაღებაც მსიამოვნებდა. მეგონა, ძალიან მაგარ რაღაცებს ვამზადებდი...

მუშაობის უფლების მიღების მერე, სამსახურს ნებისმიერ სფეროში ვეძებდი - ნებისმიერ ხელფასზე თანახმა ვიყავი, აპლიკაციებს ვავსებდი... რამდენიმე თვის შემდეგ, ერთ-ერთ "კოფი შოფში" ბარისტად ამიყვანეს. იქვე აცხობდნენ პურებს, კრუასანებს, მაფინებს და სხვა ტკბილეულს. ლანჩის დროს სენდვიჩებსაც ვამზადებდით. მოკლედ, ძალიან დატვირთული კაფე იყო. მალე ვისწავლე ესპრესოს ბაზაზე არსებული სასმელების (მაკიატო, კორტადო, კაპუჩინო, ლატე) მომზადება. განსაკუთრებით "ლატე არტი" მომწონდა - როცა მეცალა, ყვავილებისა და გულების გამოსახვაზე ბევრს ვვარჯიშობდი. ამ კაფეში უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი. რამდენიმე დღეში ვიცოდი, მათი საყვარელი სასმელი რა იყო... ერთ წელიწადში კაფეს მეპატრონეებმა მენეჯერობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ამ პოზიციაზე მყოფს უკვე შემეძლო, ყველაფერი ჩემს "გემოზე" წარმემართა, სისუფთავე იქნებოდა (ეს დიდი პრობლემა იყო: ჩემ გარდა იქაურობას არავინ ალაგებდა) თუ სენდვიჩების მომზადების პროცესი. რამდენიმე ძალიან კარგი თანამშრომელი ავიყვანე და ფანტასტიკური პატარა გუნდი შევქმენი. ერთ დღეს მეპატრონეებს ხაჭაპურიც მოვუმზადე. ისე მოეწონათ, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ. ბედნიერი ვიყავი, როცა კლიენტები სპეციალურად ხაჭაპურისთვის მოდიოდნენ... კაფედან ერთი წლის მერე წამოვედი. მანამდე კი პარალელურად ახალგახსნილ რესტორანში ამიყვანეს, სხვა 30 ადამიანთან ერთად. "დაგვატრენინგეს" და მოედანზე შეგვყარეს. 3 დღეში 30 კაციდან ხუთნი დავრჩით. იმიტომ კი არა, რომ სხვები ცუდები იყვნენ; უბრალოდ, რესტორნის მეპატრონე ყოვლად უზრდელი და უხეში ადამიანი იყო. არც ერთი ამერიკელი ამას არ შეეგუებოდა. საქართველოში ისეთი უფროსის ხელში ვიყავი გაწვრთნილი, რომელიც სულ "დებილო-დეგენერატოს" დაგვყვიროდა. მასთან შედარებით, ამერიკაში ეს ვიღაც მირაჟი (სახელია) კანფეტი იყო!.. დილით "კოფი შოფში" და საღამოს რესტორანში მუშაობას 8 თვე გავუძელი... ამასობაში, უკვე ლამის ნახევარ ქალაქს ვიცნობდი, ამან კი საკუთარი ბიზნესის დაწყება გამიადვილა...

dona2-1638880764.jpg

"არც კი ვიცი, როგორ დავიბრალე, რომ შეფი ვიყავი"

- მუშაობის პარალელურად, შინ ჩემ მიერ მომზადებულ კერძებს ფოტოებს ვუღებდი და რეცეპტებს ვწერდი. გადავწყვიტე, ვებგვერდი გამეკეთებინა და ეს მასალა იქ ამეტვირთა. ესეც თავად ვისწავლე - დაილოცოს "იუთუბი"... მერე სავიზიტო ბარათებიც დავბეჭდე... 2013 წლის აპრილში "კოფი შოფი" დავტოვე. ამ დროს მხოლოდ ერთი კლიენტი მყავდა (ის ოჯახი, სადაც ბავშვის მომვლელად ვმუშაობდი). ჩემს საქმიანობაზე სოციალურმა ქსელმა დიდი გავლენა მოახდინა: მეგობრები ხედავდნენ, რას ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადასახედიდან, მაშინდელი არც ფოტო ვარგოდა და არც - კერძი, მაინც მოსწონდათ. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, მეცინება. არც კი ვიცი, როგორ დავიბრალე, რომ შეფი ვიყავი. ფაქტია, გამომივიდა. ერთფეროვნებას, ერთი და იმავეს კეთებას ვერ ვიტან. ჩემი არც ერთი კერძი არ მეორდება - მუდმივად რაღაცას ვცვლი. ინგრედიენტებს არასოდეს ვზომავ, დროს არ ვინიშნავ... ჩემი "ტაიმერი" ყნოსვაა. უმეტეს შემთხვევაში, კერძებს არც ვსინჯავ. მუშაობისას მუსიკას ვუსმენ, ხანდახან - პოდკასტებს...

ოჯახი

- საქართველოდან ამერიკაში რომ ჩამოვედით, ჩემი უფროსი შვილი, სოფო 13 წლის იყო, უმცროსი ლილე კი - 11-ის. საყველპურო ინგლისური კი იცოდნენ, მაგრამ ბუნებრივია, ვერ საუბრობდნენ. შესაბამისად, ახალ სკოლაში თავის დამკვიდრება, ცოტა არ იყოს, რთული იყო. საბედნიეროდ, ერთხელ არ დაუჩივლიათ, ამერიკაში წამოყვანის გამო, ჩემთვის არ უსაყვედურიათ. მალე მეგობრებიც შეიძინეს, ინგლისური ენაც "დაამხეცეს", მუშაობაც დაიწყეს და დღეს უკვე სრულფასოვანი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი, შემდგარი ადამიანები არიან. ეს ქვეყანა ამიტომ მიყვარს. თუ მოინდომებ, შეგიძლია, ყველაფერს მიაღწიო, შრომა არასოდეს არ უნდა ითაკილო. მახსოვს, ზამთარში, როცა დიდი თოვლი მოდიოდა, სკოლაში გაკვეთილები უცდებოდათ და სახლში იყვნენ, მოხუც მეზობლებს მანქანებს უწმენდნენ და ფულს შოულობდნენ. 15 წლიდან ორივე მუშაობდა - რესტორანში, მაღაზიაში, სადაც კი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ფულის ფასიც იციან და მუშაობის ეთიკაც აქვთ. ლილე 15 წლის იყო, როცა მაღაზიის მეპატრონემ 3 თვით მარტო დატოვა. ეს პატარა გოგო ნიუ-იორკში საქონელს (სამკაული, აქსესუარები) დამოუკიდებლად ყიდულობდა, ყველაფერს ორგანიზებას უწევდა. დღეს კალიფორნიაში ცხოვრობს, სამხატვრო გალერეაში მუშაობს, თავისი პატარა კომპანიაც აქვს. სოფო გრაფიკული დიზაინერია. 4 წელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. უამრავი უბანი მოიარა. არ ვიცი, ამ ქალაქის სიგიჟეს როგორ გადაურჩა. პანდემიის მერე, აიდაჰოში გადაბარგდა. ცხოვრების იქაური სტილი ძალიან მოსწონს... ჩემი შვილები თავისუფალი, ლაღი, საინტერესო გოგოები არიან. მიმაჩნია, რომ მათ ყველაფერი ვასწავლე და მივეცი, რაც შემეძლო, რომ დამოუკიდებელი ადამიანები ყოფილიყვნენ და ნებისმიერ სიტუაციაში თავის გადარჩენა და არსებობა შესძლებოდათ... დევიდს რაც შეეხება, მსგავსი კომფორტული ადამიანი არ მინახავს. იცის, ჩემთვის თავისუფლება როგორი მნიშვნელოვანია. არასოდეს არაფერში მზღუდავს. მისი დამსახურებაა, რომ ამ ქვეყანაში იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს; მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემი შვილები თავისუფალ, წესიერ ქვეყანაში ცხოვრობენ და შეუძლიათ, ნებისმიერი რამ გააკეთონ. ძალიან ამაყობს გოგოებით (ჩემითაც). დევიდი ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ.

dona3-1638880789.jpg

წიგნზე მუშაობის პროცესი...

- ჩემი წიგნის პატარ-პატარა პრეზენტაციებს აქტიურად ვგეგმავ. ეს წიგნი აქაური, უფრო ამერიკელი მკითხველისთვისაა განკუთვნილი. წიგნის პირველი ნაწილი არის მემუარი - ჩემი პატარა ისტორია, როგორ მოვხვდი ამ სფეროში და რა გზა გავიარე, მეორე ნაწილი კი - ის რეცეპტებია, რაც ჩემი მშობლებისგან, მეგობრების დედებისგან, დეიდა-ბიცოლებისგან ვიცი და მახსოვს, მორგებულია აქაურ ინგრედიენტებსა და ზომა-წონაზე. სამაგიეროდ, შემდეგი პროექტი მინდა, ქართულად გავაკეთო. ეს იქნება ამერიკაში პოპულარული კერძების რეცეპტები, ჩემი ინტერპრეტაციით - უფრო გამსუბუქებულ-გაჯანსაღებული, პატარა ისტორიებით. მუშაობის პროცესი სასიამოვნოა - წერა, გადაღება... ამაზე "ვკაიფობ". ვეცდები, ახალ წიგნზე მუშაობა რამდენიმე თვეში დავასრულო. თუ საქართველოში მისი გამოცემით ვინმე დაინტერესდება, კარგი იქნება...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"