აჭარაში 27 ბარმენი ბარისტას მიმართულებით გადამზადდა - კვირის პალიტრა

აჭარაში 27 ბარმენი ბარისტას მიმართულებით გადამზადდა

აჭარაში ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის მიმართულებით ბარმენები გადამზადნენ. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგისას ისინი ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ. ტრენინგები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა დანერგვის მიზნით ჩატარდა. მას რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების 27 ბარმენი ესწრებოდა.

barista1-1638879236.jpg

„ჩვენი ტრენინგების მიზანია მივცეთ ადგილობრივ ბარმენებს საშუალება გაიუმჯობესონ ის უნარ-ჩვევები, რაც გემრიელი, მაღალი ხარისხის ყავისა და ჩაის მოსამზადებლადაა საჭირო. სატრენინგო პროგრამაში პროფესიონალებია ჩართული, რაც რეგიონში პროფესიონალური ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის დანერგვას, ასევე ამ მიმართულებით ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მსგავსი ტიპის ტრენინგებს პირველად ვანხორციელებთ, თუმცა უკვე გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც სამომავლოდაც ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამების შემუშავებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

(R)