"როგორ უნდა მაკადროს წულუკიანმა მკვლელი, ისე ვიცხოვრე, ჭიანჭველასთვის ფეხი არ დამიდგამს. ამ ქალს ჰგონია, რომ არ შევახსენებ, ვინ იყო მამამისი?" - კვირის პალიტრა

"როგორ უნდა მაკადროს წულუკიანმა მკვლელი, ისე ვიცხოვრე, ჭიანჭველასთვის ფეხი არ დამიდგამს. ამ ქალს ჰგონია, რომ არ შევახსენებ, ვინ იყო მამამისი?"

"გამოვიდა ბურჯანაძე და თქვა, მე და ზურაბ ჟვანიაც უნდა ვიყოთ შეყვანილი იმ წიგნშიო. წარმოგიდგენიათ, რას ბედავს? ბურჯანაძე, ზურაბიშვილი, ივანიშვილი ისტორიაში შევლენ ამ სამარცხვინო გამონათქვამით"

საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ ცნობებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საქმე ეხება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ცალკე ქვეთავს, სადაც მითითებულია, რომ "ბიძინა ივანიშვილი ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედია". პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა დაიწყოს ისტორიის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო". ის აანონსებს, რომ სანამ შედეგი არ დადგება, მანამდე სხვადასხვა ფორმით გააპროტესტებს ამას. სხვებსაც მოუწოდებს, რომ ამ პროტესტს შეუერთდნენ. მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გამომცემელია "დიოგენე" და მას სამი ავტორი ჰყავს: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე და ნათია ფირცხალავა. ანალოგიურ პოზიციაზეა პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი, სამარცხვინოს უწოდებს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ ამ წიგნში ბევრი სხვა დეტალიც არის მიუღებელი.

თაკო ჩარკვიანი:

- ზოგადად, მიკვირს ასეთი რაღაცები. ნებისმიერი ისტორიკოსი დამეთანხმება, რომ უახლესი ისტორიის დაწერა უჭირთ ისტორიკოსებს, რადგან ძალიან რთულია პროფესიული თვალსაზრისით. მით უფრო, ასე თამამად დაწერო, ძალიან გასაკვირია. მომიტევეთ, მაგრამ ბევრი ქველმოქმედი ადამიანი არსებობს. ივანიშვილის სახელს კი უკავშირდება საყდრისის აფეთქება, ჩამოინგრა გელათი და დაღუპვის გზაზე დგას, როგორ ხდება ეს ამბავი? ცოტა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. უფრო ფაქიზად უნდა მოხდეს თემების არჩევა, თან საქმე ბავშვებს ეხება. ის იყო ქველმოქმედი, მაგრამ როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში, მედლის მეორე მხარე დაინახა საზოგადოებამ. აღმოჩნდა, რომ ის ქველმოქმედება დიდი ანგარება იყო, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ამხელა კორუფცია რომ არის საქართველოში, ეს ივანიშვილის დამსახურებაა, თვითონ უწყობს ამას ხელს. არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ვნახეთ მის ქმედებებზე, კატასტროფული ვითარებაა და რას ვეუბნებით ბავშვებს, თუ ვიღაცა ააშენებს ეკლესიას, მას იმის უფლება უნდა მივცეთ, რომ მერე ხუთმაგად ამოიღოს ეს ყველაფერი და შემდეგ - სახელმძღვანელოშიც აღმოჩნდეს? ეს დანაშაულია ჩვენი თაობების წინაშე, ამის გაკეთება არ შეიძლება... სამართლებრივად სტრასბურგმა აგვისტოს ომის თემაზე დაასრულა საუბარი და ერთმნიშვნელოვანი დასკვნა დადო - საქართველოს ომი არ დაუწყია ბატონებო. აწი მაინც დასრულდეს ამ თემაზე საუბარი. ამ დროს წიგნში კი კითხვა ვნახე, ეკითხებიან ბავშვებს, სწორად მოიქცა თუ არ საქართველოს პრეზიდენტიო? ეს არის საზარელი კითხვა, მტერმა გამოიარა ამხელა ტერიტორია, დაბომბა ჩვენი პატარა ქვეყანა, ასეთი მძიმე დღეები გამოვიარეთ და დაწერო, კორუფციასთან ბრძოლის და ნარკომანიის მოტივით რომ დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა და ამან განაპირობა ოსურ-ქართული კონფლიქტიო. ხალხნო ამან განაპირობა თუ იმან, რომ რუსი შემოიჭრა და აგვაწიოკა? როგორ შეიძლება ეს დაიწეროს, ამას ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქვია. ასეთ ფურცლებზე იქმნება ისტორია. ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით, პატივი თუ არ ვეცით საკუთარი ქვეყნას, მით უფრო, გაგლეჯილი ტერიტორიები გვაქვს და ასეთ სისულელეებს ჩაწერ, მოგიტრიალდება ის მტერი მერე და გეტყვის, აგერ ბატონო, შენს სახელმძღვანელოში ასე წერიაო. როგორც, მაგალითად სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, იგივე შინაარსის გამონათქვამი ივანიშვილისგანაც გექნებათ მოსმენილი ერთ- ერთი დოკუმენტურ ფილმში. ზურაბიშვილის ეს ნათქვამი კი რუსებმა გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში.

ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გადავხედოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აბა, მაჩვენეთ რომელიმე ქვეყანა, რომელიც თავის ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. დაგვაწიოკა, დაგვჩეხა, ამდენი ადამიანი აქცია დევნილად, ახლა დაიწყო ომი სამაჩაბლოში? განა მანამდე აფხაზეთი არ წაგვართვა რუსეთმა? მაშინ მაინც არ იყო სააკაშვილი. ყველამ ვიცით, რა დაგვემართა და როგორ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. არ შეიძლება ასე აზროვნება, ამას უნდა ჩაღრმავება. ეს გაკეთებულია კონფორმიზმით, რომ ვიღაცას ასიამოვნო. თუ ვიღაცას სიამოვნებს, ის ვისზე მუშაობს, ის ვიღაცა ოკუპანტზე, მტერზე მუშაობს? თუ ეს კრებული იმიტომ არის გაკეთებული, რომ ვიღაცამ ასიამოვნოს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც რამდენმჯერმე აქვს გაცხადებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა ომი დაიწყო. ვის ემსახურება ეს ყველაფერი? სამშობლოს დააბრალო ომის დაწყება? - მე არ მომისმენია ბოდიში ნინო ბურჯანაძისგან, სალომე ზურაბიშვილისგან, ბიძინა ივანიშვილისგან. გამოვიდა გუშინ ბურჯანაძე ეთერში და თქვა, მე და ზურაბ ჟვანიაც უნდა ვიყოთ შეყვანილი იმ წიგნშიო. წარმოგიდგენიათ, ის რას ბედავს? დიახ, მე ვუპასუხე მას. ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი ისტორიაში შევლენ ამ სამარცხვინო გამონათქვამით, რაც მათ აქვთ გაკეთებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს განცხადებები რუსულ ტელევიზიებშიც აქვთ გაკეთებული. შეცვალე შენი პარტიის პროგრამა ბურჯანაძე რომ ხარ და საქართველოდან დასავლური შენაერთის ჯარების გაყვანა რომ გიწერია? სალომე ზურაბიშვილი რომ ხარ, ქვეყნის პრეზიდენტი გქვია და ბოდიში მოიხადე? არ მოიხადეს. ხალხო, ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. ასეთი ტექსტები რომ იწერება, ჩვენი მომავალი თაობა ამით ვკვებოთ? ეს რა უბედურებაში აღმოვჩნდით, ეს რა ღვრთის რისხვაა.

ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოს ძეგლების განადგურება, ბელარუსიის უშიშროებასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის უშიშროებას ჰქონდეს წვდომა შენი ქვეყნის მასალებთან. ამ კაცის სახელს უკავშირდება საშინელი გაჭირვება, კორუფცია, განადგურებული გელათი, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ისეა ჩამორეცხილი ყველაფერი, საყდრისის აფეთქება, ამიტომ ვამბობ, ასეთი ადამიანის სასკოლო კრებულში შეტანა რა უბედურებაა. საშინელება და ძალიან მძიმე ვითარებაა. მე პირველმა დავიწყე საუბარი, დიდ შერიგებაზე ვიფიქროთ-მეთქი, მაგრამ დიდ შერიგებაში მე ოკუპანტის მომხრე პარტიების ავანგარდში ყოფნას კი არ ვგულისხმობ, როგორ გეკადრებათ, რას ბრძანებთ, მაგას ჰქვია სამშობლოს და ქვეყნის გადაბარება. მე ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნების ტიპის ქვეყნების მსგავს შერიგებას. ცალი ხელით როგორ განვავითაროთ ქვეყანა, თუკი თანამდებობებზე გვეყოლება კორუფციურ სივრცესთან ურთიერთობაში მყოფი პოლიტიკოსები. დავიღალეთ 40 წელია, ხან ქატო გვაჭამეს, ხან ერთმანეთი დაგვახოცინეს, ვინ აკეთებდა ამას, რუსული კორუფციული სივრცე. მოვრჩეთ, დავადგეთ დასავლეთის გზას. არ დავჭამოთ ერთმანეთი. გვერდით გადგნენ ოკუპანტის მომხრე აქოჩრილი პარტიის წარმომადგენელები. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელ გზასაც დაადგა ბალტიის ქვეყნები და ვხედავთ რა მშვენივრად არიან.

- მიხეილ სააკაშვილი ორჯერ მიიყვანეს სასამართლო პროცესზე და გრძელდება მისი საქმის განხილვა, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი?

- მე ვთქვი პარლამენტშიც 2 კვირის წინ, თავი არ მოიჭრათ და მესამე პრეზიდენტი არ მოკლათ ქართველებმა ციხეში- მეთქი. ეს იქნება კატასტროფა, ამის საშიშროებას ვხედავ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც იყო დისიდენტი, უთუოდ მოკლულია და ეს იყო რუსეთის ინტერესში, მეორე პრეზიდენტი შევარდნაძე არ იყო დისიდენტი, კომუნისტური სივრციდან მოდიოდა, ცეკას პირველი მდივანი იყო, მაგრამ როგორც კი მან მოინდომა და ნავთობსადენი გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი ნაბიჯი გადადგა, მეორე დილით აწიეს ჰაერში. ალბათ, გახსოვთ მასზე მოწყობილი ტერაქტი და ახლა მესამე პრეზიდენტს, რომელიც დასავლური კურსის გამტარებელია, რომელმაც უდიდესი ნაბიჯი გადადგა დასავლეთისკენ, 2008 წლის ომის უპრეცედენტოდ შემჩერებელია, თბილისში შემოდიოდნენ ოკუპანტები და მთელი მსოფლიოს ლიდერები დასვა საქართველოში. ის არის უდიდესი მტერი პუტინის, რა გასაკვირია რომ რუსეთს ჰქონდეს გრძელი ხელები და მიწვდეს სააკაშვილს ციხეში.

- ქალბატონო თაკო, აქ საუბარია კონკრეტულ ბრალდებებზე. მას საკმაოდ სერიოზული ბრალდებები აქვს წარდგენილი, თუნდაც 7 ნოემბრის საქმეზე, რადგან პრეზიდენტი იყო, პასუხი არ უნდა აგოს?

- მე ოპოზიციაში ვიყავი ის 9 წელი, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი. ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, ვიყო ობიექტური. იმიტომ ვაპროტესტებდი, რომ მართლმსაჯულება არ მომწონდა, მახინჯი სამართლებრივი სისტემაა. ამ სასამართლოს გავასამართლებინოთ ქვეყნის პრეზიდენტი? დასავლური ტიპის სასამართლომ დადოს ფიცი ამ სასამართლოს წინაშე და ისე განიხილონ მისი საქმე. მაშინ ყველა ქეისი უნდა დაიდოს, 7 ნოემბერზე ადამიანს რომ ედავები, 5 ივლისზე და 20 ივნისზე გავრილოვის ღამეზე არ მივედავოთ ? თუ რა ხდება, ივერიამდე რომ გვსდიეს ჩვენ, ეს არ არის დანაშაული? ხომ ორმაგი სტანდარტია.

- 7 ნოემბერზე ხომ უნდა აგონ პასუხი?

- ეს ყველაფერი გავაკეთოთ დასავლური სასამართლოს წინაშე. მურუსიძეს, გირგვლიანის საქმეზე ხელის მომწერს, ხომ არ უნდა გავასამართლებინოთ ქვეყნის პრეზიდენტი.

- ის მურუსიძე ხომ სააკაშვილის დროს მოვიდა სასამართლოში, რატომ არის დღეს პრობლემა, რომ მისმა მოყვანილმა კადრმა გასამართლოს, დღეს რატომ არ ენდობა?

- კი, ბატონო, მისი მოყვანილია, მაგრამ ჩემი და თქვენი მოყვანილი ხომ არ არის, მაშინაც ხომ ვაპროტესტებდით და ამ პროტესტში ამდენი წელი გავიდა. ჩვენ რა დავაშავეთ, ამიტომ ვამბობ, რომ ობიექტური დასავლური სასამართლო უნდა იყოს და იმან უნდა გაასამრთლოს. მამუკა ხაზარაძის პროცესს სასოწარკვეთილი ვუსმენდი. ფეოდალური, ოლიგარქიული, კრიმინალური სახელმწიფო გვაქვს, ამ კრიმინალურ სასამართლოში შეუძლებელია ადამიანი გასამართლდეს. რა აღმშენებლობები აქვს გაკეთებული მიხეილ სააკაშვილს და უსასტიკესი და მახინჯი სასამართლო სისტემა ასამართლებს მას. სასაცილოდ გამოიყურებოდა ის ორი პროკურორი, რომელიც იყო იმ დარბაზში, სადაც იდგა ქვეყნის პრეზიდენტი და საუბრობდა, ის იქით ასამართლებდა სისტემას, უძლურთა შორის უძლური იყო ის ორი პროკურორი, ვერ გაუძლეს ამ კაცს, რომელსაც აქვს თავისი სიმართლე. კი, ბატონო, მოვისმინოთ ვერდიქტი ნორმალური რეფორმირებული სასამართლოსგან და არა იმისგან, რაც არის დღეს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ყველაფერი დასრულდეს ისე, რომ არ ვარყიოთ ქვეყანა. ეს თუ გაგრძელდა და მათ მივეცით უფლება, პირდაპირ ვამბობ, ჩათვალეთ, მაშინ ქართველები ვეგუებით საქართველოს რუსეთზე გადაბარებას.

- თეა წულუკიანის და თქვენი პაექრობა იხილა მთელმა ქვეყანამ, რატომ მივიდა საქმე ასეთ დაპირისპირებამდე?

- უმძიმესი დღე იყო. მე რომ შევედი, უკვე დაწყებული ჰქონდა კამათი სალომე სამადაშვილთან, შემდეგაც გააგრძელა და უთხრა, სოპრანოს გაგისინჯავთ და ვნახოთ, თუ გამოგვადგებით ოპერაშიო. პირდაპირ გეტყვით, მანიაკური მდგომარეობა გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში. მე როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს მქონდა 3 წუთი და ერთი წუთი - დამატებით რეგლამენტი. როცა ტელევიზიით გვისმენთ, თუ მიკროფონი არ არის ჩართული, კარგად არ ისმის ხმა, მაგრამ დარბაზში მიკროფონის გარეშეც ისმის ყველაფერი ძალიან კარგად, ჩვეულებრივი დიალოგი შეგიძლია გამართო. 3 საათის განმავლობაში 3-ჯერ გვიწოდა წულუკიანმა მკვლელები. არმაზ ახვლედიანმა აღშფოთებით უთხრა წულუკიანს, რატომ გვკადრებთო. მე როგორ უნდა მაკადროს მკვლელი, ისე ვიცხოვრე, ჭიანჭველასთვის ფეხი არ დამიდგამს. სულ ვცდილობ ვიღაცას დავეხმარო. შემომიბრუნდა უკვე მე და მომმართა, კულტურულო თაკო, დიახ, თქვენი პრეზიდენტი მკვლელია, მკვლელს ჰქვია მკვლელი, მწამებელს მწამებელი, თქვენ, ვინც აქ ხართ, ხართ მკვლელებიო. მოდი, გავაგრძელებ ახლა თქვენს აზრს-მეთქი და ვუპასუხე, დიახ, მკვლელი არის მკვლელი, მწამებელი მწამებელი, როგორც თქვენ ამბობთ, მიკროფონის ქურდი, მიკროფონის ქურდია, ხოლო ადამიანების დამხვრეტი, არის ადამიანების დამხვრეტი-მეთქი. აქ როგორც ტენისის ბურთი მაგიდაზე ავარდება, ისე ავარდა. ეცოდინება მას ყოველთვის, რომ თამარ ჩარკვიანს, ჯანსუღის შვილს, არასოდეს არ უნდა აკადროს მკვლელი ხარო, თორემ ყოველთვის მიიღებს მისგან პასუხს. იმიტომ, რომ მე ყოველთვის, მისგან განსხვავებით, ვსაუბრობ ფაქტებით და არა ჭორებით. როცა გააგრძელა და შეეხო მამაჩემის საფლავს, ვუთხარი პასუხად, როდესაც მამათქვენი თავისუფლების გამო ადამიანებს ხვრეტდა, ზუსტად მაშინ მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი ჰიმნს უძღვნიდა თავისუფლებას- მეთქი. ამას გავიმეორებ ყოველთვის, როგორც კი გამიბედავს რამეს ეს ძალიან უკულტურო, კორუფციულ სქემებში გარეული ადამიანი.

ყველაზე ბინძური სიტყვა გვიწოდა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ამ ქალს ჰგონია, რომ არ შევახსენებ, ვინ იყო მამამისი? ამოვიღე ყველაფერი და ფაქტებით ველაპარაკე. ის ვერ მეტყვის, რომ 1991 წლიდან 1997 წლამდე, უკვე როცა კომუნისტური პარტია შერყეული იყო, ვინმე აშინებდა მამამისს. ვინ გაშინებს და გეხვეწება, რომ ადამიანებს დახვრეტის განაჩენი გამოუტანო. ვინ გაიძულებს ადამიანები დახვრიტო, ამიტომ ცოტა რიდით, თუ შეიძლება, არავის ვაპატიებ მაკადროს ეს სიტყვა. ამიტომ ვუთხარი, სულ რომ არც ერთი სტრიქონი არ დაეწერა ჯანსუღ ჩარკვიანს, არც ლამაზი სიკვდილი, ბეთანია, არც ირინოლა, არც საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი და აშ. მხოლოდ ჰიმნის გამო დაასვენებდნენ მთაწმინდაზე-მეთქი. ძალიან მომზადებული იყო ჩემთან საპაექროდ. ვიდეოც ჩართო, სადაც მე ვსაუბრობ, უზრდელური ბუჩქის ძირას ამოსული ია ართმევს მიკროფონს ჟურნალისტებს-თქო, აი თქვენ რა გაქვთ ჩემზე ნათქვამიო, ვუპასუხე, არ უნდა მეთქვა, აბსოლუტურად გეთანხმებით, უნდა მეთქვა, რომ ძალიან უვიცი ხართ-მეთქი? ეს არის ჩვენი დიალოგი, მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მკვლელები და მწამებლები გვიწოდა. ჩემი პირველი სიტყვა ნახეთ აბსოლუტურად მშვიდად ვესაუბრებოდი. როცა თქვა, ქართული ცეკვის ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებას მანამდეო, შევუსწორე, გადავირიე ხალხო, კულტურის მინისტრი ლაპარაკობს ამას, ტანსაცმელი არა, სამოსელი ჰქვია-მეთქი, კულტურის მინისტრი რომ არ იყოთ, არ შეგისწორებდით, სოლიკო ვირსალაძის და თამარ აბაკელიას ქვეყანაში ცოტა სხვაგვარად უნდა ისაუბროთ ამ ყველაფერზე- მეთქი. ეს არ მოეწონა, განერვიულდა და წყნარი ტონით პერიოდულად გაახსენდებოდა და იძახდა, დიახ მკვლელები ხართ, დიახ, მწამებლები ხართ. ამის მერე ეცოდინება და არ მოუნდება, საზოგადოებას გაახსენოს უახლესი ისტორია, მისი ოჯახის მკვლელობები.

(სპეციალურად საიტისთვის)