"გამიხარდება თუ პენიტენციური სამსახური უკან წაიღებს მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო"
"ძალიან გამიხარდება თუ პენიტენციური სამსახური უკან წაიღებს მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებათდამცველმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, როდესაც არც ერთი პირი, რომელიც მონაწილეობდა ე.წ. „შუმოკის“ მოწყობაში, მათ შორის ადვოკატების მიმართ, დასჯილი და სახდელდადებული არ არის, მაშინ როდესაც არ დასჯილა არავინ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო, სასაცილოა სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს გადაცდომისა თუ დარღვევის გამო.
„ამ განცხადებას, ბუნებრივია, თავისი შედეგები ექნება. მე ვფიქრობ, ამ შედეგებზე პენიტენციურმა სამსახურმაც იფიქრა, სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, რაც სცადეს ამის გაკეთება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ იმ ვიდეოკადრებში რაც გავრცელდა, დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ოღონდ ეს ჩადენილი იყო არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ, არამედ პენიტენციური სამსახურის მიერ, რომელმაც იძულებით, პრაქტიკულად, არაადამიანური მოპყრობით, პაციენტი გადაიყვანა საავადმყოფოში და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამაზე შესაბამისი პირები აუცილებლად პასუხს აგებენ და უნდა აგონ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ რაიმე ტიპის გადაცდომას, ამგვარს ადგილი არ ჰქონია არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივს, რა კუთხითაც პენიტენციური სამსახური საუბრობს თავის განცხადებაში, არამედ არც ადმინისტრაციულს, ადგილი არ ჰქონია არც ერთი მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევას, ამიტომ, ბუნებრივია, ვერაფერი სახდელი მას ვერ დაეკისრება. სამწუხაროა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ ჩათვალა, რომ თვითინიციატივის რეჟიმში რაღაცები შეეძლო ეკეთებინა და რაღაც სანქცია დაეკისრებინა ან სანქციაზე საუბარი დაეწყო, მე არ ვიცი, რატომ და ვინ გადაწყვიტა მისი შეპარება სამუშაო საათების შემდეგ ან რა უფლებების განმარტებაზე საუბრობენ საერთოდ სამუშაო საათების მერე, როცა ადვოკატებს არ უშვებენ იმ მიზეზით, რომ სამუშაო საათები არ არისო, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ცხვარაშვილმა, რომ 19:00 საათზე უნდა შეეშვა ვინმე უფლებების განსამარტად, ეს ხომ აბსურდია და ამას ხომ ყველა ვხვდებით, რომ თვალში ნაცარს გვაყრიან. პენიტენციურ სამსახურთან ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კონტაქტი, ოღონდ ეს ხდება ოფიციალური არხებით და შესაბამისი განცხადებებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის უცნობი იყო, საჯაროდ არ გავრცელდა, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი განხორციელდა სამუშაო საათების შემდეგ, როცა ჩვენ აღარ გვქონდა საშუალება, რომ შეგვემოწმებინა“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ბრალდებებს ცრუს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.
განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე.