"მისი შვილობა ახლაც მეხმარება, მოვიპოვო კეთილგანწყობა... თუმცა ყოფილა იშვიათი გამონაკლისებიც - შური და ღვარძლი, წამოძახება, ზურგს უკან ქილიკი..."
"სიყვარულით მოყვანილი მეუღლე მყავს გარკვეული თავგადასავლები ამ ამბავს ახლდა... სამი გოგო გვყავს. პირველად რომ გაჩნდა, ცოტა გაგვიკვირდა, მეორედ - გამიხარდა, მესამე გოგოზე ე.წ. მახარობელი აღარ ჩამოდიოდა - მესამე გოგოზე ვინ რას გაიმეტებსო?! ჩემმა მეუღლემ უთხრა, ჩადით, ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ბედნიერი იქნებაო. მართლაც მესამე გოგოზე მთლად მეცხრე ცაზე ავედი... ჩემი ქალიშვილებიც ვეცადე, ამ წესით გამეზარდა, მთავარი სიყვარულია და ამ სიყვარულს ერთმანეთის ნდობა იწვევს" - ეს ცნობილი ფილოლოგის და სიტყვის ოსტატის, განათლების ყოფილი მინისტრის თამაზ კვაჭანტირაძის სიტყვებია, ადამიანის, რომელიც სამწუხაროდ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად წელს გარდაიცვალა.
AMBEBI.GE ახლა ბატონი თამაზის სამ შვილს, მის სამ გოგოს ახლოს გაგაცნობთ, რომელთა ამქვეყნად მოვლენით უზომოდ ბედნიერი იყო. სამწუხაროა, რომ ისინი ახლა მამაზე უკვე წარსულ დროში საუბრობენ.
თამარი:
- ჩვენს ცხოვრებას ექოსავით გასდევს: ეს თამარია - თამაზ კვაჭანტირაძის შვილი... ეს ანია - თამაზ კვაჭანტირაძის შვილი... ეს სალომეა - თამაზ კვაჭანტირაძის შვილი. თქვენც ხომ ასე გაგეცანით!
სხვათა შორის, ზაზამ თვალი რომ დამადგა და ჩემი ვინაობა იკითხა, სწორედ ასე უპასუხეს "თამაზ კვაჭანტირაძის შვილიაო". ჩვენ კი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად ვიღებდით ამგვარ წარდგენას - ვიმორცხვებდით, გვეხამუშებოდა, გვეუხერხულებოდა, გავბრაზებულვართ კიდეც... ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, სითბო, აღტაცება, სიყვარული გვიგრძნია ჩვენი მამის შვილობის გამო, თუმცა ყოფილა იშვიათი გამონაკლისებიც - შური და ღვარძლი, წამოძახება, ზურგს უკან ქილიკი... ეს არ არის ჩვეული ყოფა და ჩვენც ვცდილობდით, ეს არაჩვეულებრივი მდგომარეობა "ჩვეულად" გვექცია. ეს კი მხოლოდ თავმდაბლობით, საკუთარი თავის ძიებით, ცნობითა და შეცნობით მიიღწევა. მხოლოდ ახლა, მამის წასვლის შემდეგ, საჯაროდ და სახალხოდ თქმული მისი შვილობა გვანიჭებს სრულ სიხარულსა და ბედნიერებას, გვანუგეშებს და ამ მარადიულ ტკივილს გვიმსუბუქებს.
მამის ცხოვრების ბოლო წლებითამარი:
- მისი ცხოვრების ბოლო წლები გახდა კიდეც გარდაცვალების მიზეზი. ყოველთვის ასე ხომ არ ხდება?! ასაკის მიუხედავად, ადამიანს შეიძლება სიკვდილი მოულოდნელად დაატყდეს თავს. ჩვენ კი ველოდით... მარტო ჩვენ - არა! ასე მგონია, თავადაც ელოდა. რამდენიმე წლის წინათ, აგარაკზე მყოფს, ვუსაყვედურე: - მიკვირს, ეზოში არ გამოდიხარ, ჩაბნელებულ ოთახში წევხართქო. ვეგუებიო, მიპასუხა, სიკვდილს ვეგუებიო... ენა ჩამივარდა, ისეთი მოულოდნელი იყო მისგან იმ დროს ამის მოსმენა და მტკივნეული იმის გააზრება, რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო.
ანი:
- მეც გამახსენდა ბოლო პერიოდის მსგავსი ამბავი. მასთან მისული გვერდით მივუწექი, თავს შევაქცევინებ-მეთქი, ვიფიქრე და ვთხოვე: აი, ახლა, ამ წუთას, რომელი ლექსიც გაგახსენდება, ის მითხარითქო. სულ რომ არ ველოდი და არ მახსოვდა, ისეთი თქვა: "სულო, გატყობ მირონცხებას, სულდიდობას, ზეობას,/ დასასრულით დაიწყება შენი მოგზაურობა". ადრე წასული გივი ძნელაძის ამ საოცარმა ორმა სტროფმა დამამუნჯა, დამაფიქრა, გული დამიმძიმა.
თამარი:
- მამის ცხოვრების ბოლო წელი სულის მოგზაურობის დასაწყისისთვის მზადება იყო. ეს იყო მშვიდი, ჩუმი, დუმილიანი და ფიქრიანი არსებობა ადამიანისა, რომელსაც ყველა ასპექტში, ყველა განზომილებაში განჭვრეტილი და გააზრებული ჰქონდა მოსახდენის გარდაუვალობა. ამიტომაც დამიტოვა განცდა იმისა, რომ სძლია სიკვდილს. როგორც ერთმა ჩვეულებრივმა მოკვდავმა დაამარცხა იგი.
სალომე:
- ამგვარი ყოფის მიუხედავად, ოჯახის წევრები ისევ მასთან ვიკრიბებოდით. დაწვრილებით გამოჰკითხავდა თითოეულს პირად ამბებს, მოიკითხავდა ჩვენს მეგობრებს, შვილიშვილების დანახვა ახარებდა, შვილთაშვილების - აბედნიერებდა. ტელევიზორში მხოლოდ სპორტულ არხებს უყურებდა, უფრო იშვიათად - არტარეას. კომპიუტერს ჭადრაკს ეთამაშებოდა. ისევ საწერ მაგიდასთან დაგვხვდებოდა - კითხულობდა, წერდა. განაგრძეთ კითხვა